ოჩამჩირეში, ქართველების 14 ნასოფლარში, სირიელი ლტოლვილების ჩასახლება იგეგმება

  • რეზონანსი
  • 23 ივნისი 16:14, 2018 წელი

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება მოჰაჯირთა შთამომავლების შეგროვების პროცესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწყებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში და მათი განსახლება მოხდება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, ძირითადად ქართველების ნამოსახლარზე.


როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეპატრიაციის საქმეთა მინისტრი ბესლან დბარი აცხადებს, რეპატრიანტების განსახლება მოხდება გაგრის, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში და ამ პროცესში ჩაერთვება მისი "სამინისტროც".


დბარი უკვე შეხვდა გაგრისა და გალის რაიონების დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ადგილზე გაეცნო პირობებს. როგორც "აპსნიპრესი" იუწყება, გუშინ იგი შეხვდა ოჩამჩირის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობასაც.


ამ შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ მიახლოებით მაინც დათვალონ, რომელ რაიონში რამდენი ოჯახის ჩასახლება შეიძლება, სად რამდენი მიტოვებული კერძო სახლი და მიტოვებული კორპუსის ბინაა თავისუფალი. ასე იყო ოჩამჩირეშიც. ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა ხრიპს ჯოპუამ ბესლან დბარს აღუთქვა, რომ ისინი მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ ამ წამოწყებაში.


"ჩვენი დიასპორა დიდი ინტერესით შეხვდა ამ საკითხს, უკვე მივიღეთ დიდი რაოდენობით განცხადებაც ჩვენი თანამემამულეებისგან, სადაც ნათქვამია, რომ მზად არიან, სამუდამოდ დაბრუნდნენ აფხაზეთში. დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 5 ათასი რეპატრიანტი. 200-დე ბავშვი ამ ოჯახებიდან ჩვენს სკოლებში სწავლობს. მას შემდეგ, რაც სირიამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩვენთან სირიიდან საცხოვრებლად ჩამოვიდა 2 ოჯახი.


"10 ივლისიდან აფხაზეთში საზაფხულო არადადეგებზე უცხოეთიდან ჩამოვლენ რეპატრიანტთა ოჯახების შვილები. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ისინი ორი კვირით განვათავსოთ ადგილობრივი მოსახლეობის ოჯახებში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობას შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას", - განაცხადა დბარმა.


ჯოპუამ კი ოჩამჩირეში არსებულ მიტოვებულ შენობებზე ისაუბრა, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ და ახლა რეპატრიანტების ჩასახლება იგეგმება.


"ოჩამჩირის რაიონში ცარიელია 14 სოფელი, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ. ქალაქში არის ორი საცხოვრებელი კორპუსი, აქედან ერთში 20 ბინა უკვე მზადაა საცხოვრებლად, მეორეში კი - 78. ორივე სახლი შეგვიძლია რეპატრიანტთა სამინისტროს გადავცეთ.


"ოჩამჩირის რაიონის სოფელ აჩგუარაში არის შესაძლებლობა, ჩავასახლოთ 5 ათასი ადამიანი. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, იქ უკვე მიმდინარეობს სკოლის მშენებლობა, სადაც დაახლოებით 170 ბავშვი ისწავლის. ყოფილი "სოვხოზის" შენობაში კი შეიძლება განვათავსოთ 100 ოჯახი.


"არის ბევრი ცარიელი მიწაც, რომელიც, ასევე, შეგვიძლია, ჩვენს თანამემაულეებს გადავცეთ. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ოჩამჩირის რაიონში არის ორი სათბური, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული. იქ უკვე მუშაობენ რეპატრიანტები თურქეთიდან და კიდევ არის საშუალება, დასაქმდეს დაახლოებით 10 ოჯახი. ქალაქში არის სკოლა-ინტერნატი და იქაც შიძლება ბავშვები მოვათავსოთ", - აღნიშნა ჯოპუამ.


ოკუპირებულ აფხაზეთში რეპატრიანტთა ჩამოსახლების კამპანიაზე "რეზონანსი" ექსპერტებს ესუბარა. აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის - ლევან კიკნაძის თქმით, აფხაზეთში რეპატრიანტთა დაბრუნების საკითხზე მუშაობა, წლებია, მიმდინარეობს. ისინი ჩამოიყვანეს თურქეთიდან და იორდანიიდან, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდნენ.


"პროცესი გრძელდება და სეპარატისტული ხელისუფლების მთავარი მიზანია, შექმნან ბუფერული ზონა, დაასახლონ რეპატრიანტები და ხელი შეუშალონ ქართველების დაბრუნებას აფხაზეთში. საკურორტო ზონაში, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ამის უფლებას კრემლი არ მისცემს. რომ ამბობენ, გაგარაში დავასახლებთო, შეიძლება სალაპარაკოდ რამდენიმე ოჯახი ჩაასახლონ საკურორტო ზონაში.


"გალში ნაკლებად. რეპატრიანტთა ჩასახლება ძირითადად მოხდება ოჩამჩირის რაიონში იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, დიდი ტერიტორიაა და თანაც დაუსახლებელი. ოჩამჩირის ზონაში ბევრი სახლია მიტოვებული, ნასახლარიც და ალბათ აქცენტი სწორედ ამ ზონაზეა. ანუ სეპარატისტთა მიზანი ნათელია - არ დატოვონ ცარიელი ადგილი, რათა ქართველები არ დაბრუნდნენ.


"მთავარი საკითხი კი ჯერ პასუხგაუცემელია - დათანხმდებიან თუ არა ამ წინადადებას თავად რეპატრიანტები და დაბრუნდებიან თუ არა აფხაზეთში. არ მგონია, რომ თურქეთიდან წამოვიდეს რეპატრიანტთა ტალღა. ვინც ჩამოიყვანეს, ისინიც მალევე უკან დაბრუნდნენ და ძალიან ცოტა შემორჩა აფხაზეთს.


"ძირითადად ალბათ ჩამოსახლება მოხდება სირიიდან, რადგან იქ საომარი მოქმედებებია და ეს ხალხი იძულებულია, დატოვოს ტერიტორია. ასევე, დგას საკითხი, რამდენად აქვთ ამის ფინანსები აფხაზებს, რომ ასეთი მასობრივი კამპანია წამოიწყონ, ან დაეხმარება თუ არა მათ ფინანსურად რუსეთი დევნილების დაბრუნებაში, რადგან ამ ხალხს უნდა შეუქმნან საცხოვრებელი პირობები, უნდა აჭამონ და დაასაქმონ, რასაც ფინანსები სჭირდება.


"რაც შეეხება იმას, რა ზომებს შეიძლება მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სირთულის წინაშე ვდგავართ - თუ გავაპროტესტებთ, გამოდის, რომ ხელს ვუშლით სირიიდან წამოსულ დევნილებს, რისი მორალური უფლება არ გვაქვს. რუსებიც აქცენტს დასვამენ იმაზე, რომ ისინი დევნილები არიან.


"რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ გავაპროტესტოთ ქართველების სახლებში ჩასახლება დ ქართველების საკუთრების ხელყოფა", - განაცხადა "რეზონანსთან" ლევან კიკნაძემ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ანზორ წიწონავა აფხაზეთში რეპატრიანტების დაბრუნების კამპანიას ეჭვის თვალით უყურებს და ამბობს, რომ რეპატრიანტები არც თურქეთიდან დაბრუნდებიან და არც იორდანიიდან.


რაც შეეხება სირიას, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იქ ომია, ამ ხალხს სირიაში დარჩენა ურჩევნია, რადგან კარგად იციან, რომ აფხაზეთში არც სიკვდილია და არც სიცოცხლე.


"მე ვფიქრობ, რომ სეპარატისტული ხელისუფლება ამ ინფორმაციას უფრო აჟიოტაჟის ასატეხად ავრცელებს და ყველა ხერხს მიმართავს, ოღონდ ქართველები არ დაბრუნდნენ აფხაზეთში. ვინც თურქეთიდან და ორდანიიდან ჩამოიყვანეს, ისინიც მალევე უკან დაბრუნდნენ.


"არ მგონია, სირიიდან წამოვიდეს რეპატრიანტთა დიდი ტალღა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ომია, ურჩევნიათ, იქ მოკვდნენ, რადგან კარგად იციან, რომ აფხაზეთში არც სიკვდილია და არც სიცოცხლე.


"გულრიფშშიც ჰყავდათ ჩამოსახლებელი, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდნენ. ახლა ამბობენ, რომ ოჩამჩირეში ჩამოასახლებენ, მაგრამ არც იქ გამოუვათ რამე. საკურორტო ზონაში კი რეპატრიანტებს არავინ ჩაასახლებს, გაგრა და მთელი სანაპირო ზოლი უკვე რუსებმა დაიკავეს. მათ თავიდანვე არ უნდოდათ გაგრის აქეთ წამოსვლა, მათი მიზანი იყო აფხაზეთის საკურორტო ზონის ათვისება, რაც გააკეთეს კიდეც.


"მიზეზად მოჰყავთ, რომ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ და რეპატრიანტთა დაბრუნების კამპანია სწორედ ამას ემსახურება. დემოგრაფიული პრობლემა მართლაც არის აფხაზეთში, აფხაზი ეთნოსი აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამთავრდა აფხაზთა ბოგინი, როგორც ეთნოსი გაქრება ჩვენი მიწაწყლიდან. აი, ეს გაუკეთა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ აფხაზ ხალხს", - განაცხადა "რეზონანსთან" ანზორ წოწონავამ.

წყარო: რეზონანსი