საქართველოში გაუპატიურების შემთხვევები გაორმაგდა

  • რეზონანსი
  • 23 ივნისი 16:12, 2018 წელი

3 დღის წინ კახეთის ერთ-ერთ სოფელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი 70 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, გააუპატიურა.

როგორც ის ამბობს, მამაკაცი მასთან ერთი წლის განმავლობაში მეგობრობდა, შემდეგ კი დასახლებიდან მოშორებით სასეირნოდ დაპატიჟა და იძალადა. აღნიშნული ფაქტი პოლიციას ოჯახმა უკვე შეატყობინა, ექსპერტიზის პასუხი კი ორ კვირაში იქნება ცნობილი.


მამაკაცი ამტკიცებს, მას მსგავსი საქციელი არ ჩაუდენია. ის ოჯახის ახლობელია და ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია.


სოფელ ვალეს მკვიდრი 57 წლის ჟუჟუნა ზარნაძე ამბობს, რომ 27 წლის მამაკაცმა მასზე ფიზიკურად იძალადა და გააუპატიურა.


ვალეს ეკლესიის მესანთლე იხსენებს, რომ შემთხვევა გასული წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას მოხდა. ახალგაზრდა დაკავებულია, მან თავდაპირველად ჩადენილი დანაშაული აღიარა.


ქალის მონაყოლის მიხედვით, მოძალადის დაკავების შემდეგ ბრალდებულის ოჯახი მას თანხის გადახდის სანაცვლოდ საჩივრის გამოტანას სთხოვდა. ემუქრებოდნენ კიდეც.


ბრალდებულის ადვოკატი კი ჟუჟუნა ზარნაძეს თანხის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს.


ეს არის ამ წელს მომხდარი გახმაურებული ფაქტები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოცემული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის სამი თვის მონაცემებით, გაუპატიურების 19 შემთხვევაა აღრიცხული.


2018 წლის გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქალზე ძალადობისა და გაუპატიურების რიცხვი, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა. 2017 წლის პირველ 3 თვეში გაუპატიურების 9 შემთხვევა მოხდა, 2018 წლის პირველ 3 თვეში კი - 19 შემთხვევა.


რამ გამოიწვია მსგავსი დანაშაულის ზრდა და რა არის ამის მიზეზი, "რეზონანსთან" იურისტები და ფსიქოლოგები განმარტავენ.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ჩიხლაძე ამბობს, რომ ხშირად მსგავსი ფაქტები სხვადასხვა მიზეზით არ ხმაურდება. ამიტომაც იურისტი ვარაუდობს, რომ მოცემული სატატისტიკა მიუთითებს არა დანაშაულის ზრდაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რადგან ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა ამაზე ღიად დაიწყეს საუბარი.


მისი აზრით, ახლა ადამიანები ძალადობაზე უფრო ხშირად და გახსნილად საუბრობენ, ვიდრე წინა წლებში. მსგავსი ფაქტების გამოვლენა კი ყველაზე რთულად რეგიონებსა და სოფლად მცხოვრებ ადმიანებში ხდება. ამ კუთხით დედაქალაქი უფრო უპრობლემოა, რადგანაც მსგავსი დანაშაულის გამოვლენა ბევრად ხშირად და სწრაფად ხდება.


"შსს-ს სტატისტიკა იმის მაჩვენებელია, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა ამის შესახებ საუბარი დაიწყეს. წინა წლებში იყო შემთხვევები, როდესაც გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ადამიანზე სექსუალურად იძალადეს, თუმცა მასთან მისვლისა და გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ მსხვერპლი ქალი ფაქტს მალავდა, რისი მიზეზიც სირცხვილი და ბულინგი იყო, რადგანაც ფაქტის გახმაურების შემდეგ მას საზოგადოების ან ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხი ემუქრებოდა.


"ამ დანაშაულის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროც ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურდა. შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, სადაც მსგავს შემთხვევებს იძიებენ. ეს სტატისტიკა, რომელიც ჩვენ წინა წელთან შედარებით გაზრდილი გვეჩვენება, არა დანაშაულის მატებაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიგვანიშნებს", - განაცხადა "რეზონანსთან" ჩიხლაძემ.


მისივე თქმით, რთულია, კონკრეტულად ითქვას, რა სოციალური სტატუსისა და კატეგორიის ქალები ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ისინი ნებისმიერი ასაკისა და სტატუსის შეიძლება იყვნენ, თუმცა იურისტი უფრო ხშირად გაუპატიურების მსხვერპლებად არასრულწლოვნებს ასახელებს, რომელთა დაშინება და დამორჩილებაც ადვილია.


ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა აღნიშნავს, რომ რთულია, სტატისტიკით ვიხელმძღვანელოთ და მტკიცებულებით ფორმაში ვთქვათ, რომ სექსუალური ტიპის დანაშაული გაიზარდა. მისი თქმით, არსებობს მოძალადეთა ძირითადი კატეგორიები. მაგალითად, მოძალადე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს ქალთან ურთიერთობაში, ბავშვობაში გადატანილი ცხოვრებისეული ტრავმის გამო მისი ფსიქიკა არაჯანსაღია.


მეორე ტიპის მოძალადეს თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს. მიაჩნია, რომ ამით განისაზღვრება მისი ნამდვილი მამაკაცობა და მას აქვს ამის უფლება. მესამეა ჯგუფური ზეგავლენა, ერთმანეთის აყოლა, როდესაც ჯგუფში შეიძლება რამდენიმე პირი იყოს, მაგრამ ისინი ერთის გავლენით მოქმედებენ.


"სექსუალური ძალადობა იმ ტიპის დანაშაულია, როცა მსხვერპლი დანაშაულის გრძნობას თავად განიცდის და ხშირად მალავს ამ ფაქტს. ამიტომ სტატისტიკური მონაცემები შეიძლება სრულ სურათს ვერ წარმოგვიდგენდეს. ასეთ შემთხვევას ქალი მალავს, რადგანაც სირცხვილის გრძნობა ეუფლება და ვერ აცნობიერებს, რომ მსხვერპლია და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ხშირად სამართალდამცველების მხრიდანაც შევხვედრივართ ამ დანაშაულის არასწორ გაგებას, როდესაც მსხვერპლს ურჩევენ, რომ გაჩუმდეს და დამნაშავესთან გარკვეული სახის მოლაპარაკებაზე წავიდეს. ან პროვოცირების მთავარ ობიექტად დაზარალებულ ქალს მიიჩნევენ.


"უფრო მგონია, რომ მოცემული სტატისტიკა ქალებში ცნობიერების ამაღლებაზე მიგვითითებს, რომლებმაც გაჩუმებას სამართლის ძიება ამჯობინეს", - განაცხადა "რეზონანსთან" ფსიქოლოგმა

წყარო: რეზონანსი