პეპელა მისტიკური არსებაა - ის ადამიანის გარდაცვალებისას სულის გათავისუფლების სიმბოლოდ იქცა

  • თბილისელები
  • 20 ივნისი 18:35, 2018 წელი

ბუნების სამყარო სავსეა ლამაზი და იდუმალი პროცესებით. თუმცა, იმ საოცრებას, რაც უსახური მუხლუხოდან უმშვენიერეს პეპლად გადაქცევაა, ალბათ, ძნელად თუ შეედრება რამე.

ამიტომაც მიიჩნია, ალბათ, ეს უცნაური მეტამორფოზა ხალხმა უძველესი დროიდანვე მკვდრეთით აღდგომის, ახალი სიცოცხლის სიმბოლოდ და პეპლის სახით, მასთან გარდაცვლილის სულის მიახლება ირწმუნა. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, თუ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ უამრავი ლეგენდა, გადმოცემა და მინიშნება შემოგვინახა ბუნების ამ უმშვენიერესი ქმნილების მისტიკურობის შესახებ. წელიწადის ამ დროს კი, როცა დადგა „ჟამი პეპლებისა“, მათი ფერადოვნებით მონუსხულებს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინიშნებები მოსალოდნელი დაბრკოლების, საფრთხისა თუ სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ, სწორედ ამ უნაზეს და ფაქიზ არსებათა საშუალებით მოგვეწოდება. იმისთვის კი, რომ გავერკვეთ: როდის რას გვიქადის პეპლის სახლში თუ გარეთ ფრენა, მივმართეთ პროფესიონალს. დღეს ამ თემაზე გვესაუბრება პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელენე.


– რას გვეტყვით პეპლების შეუცნობელ ბუნებასა და იმ მინიშნებებზე, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ბუნება ხომ უკვე მოირთო ამ ულამაზეს არსებათა ფერადოვნებით...


– დავიწყებ იმით, რომ პეპელას მისტიკურ არსებად მიიჩნევდნენ უხსოვარი დროიდან თითქმის მთელ მსოფლიოში. თუმცა, სიმბოლური დატვირთვა რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუ ძველ ჩინეთში პეპელას ამორალობასა და ბინძურ ზრახვებთან აიგივებდნენ, იაპონურ კულტურაში ის თავქარიანობისა და არამდგრადობის გამოხატულება გახლდათ. ძველ ეგვიპტელთათვის სულიერი სიკვდილის სიმბოლოდ მიჩნეული პეპელა, ანტიკური ხანის ევროპაში, სწორედ მისი ფიზიკური მეტამორფოზის გამო, ადამიანის გარდაცვალებისას სხეულიდან სულის გათავისუფლების სიმბოლოდ იქცა. რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ მინიშნებებს, ძირითადად, პეპლებსა და ღამის ფარვანებს გარდაცვლილის სულთან აიგივებს, რომელიც აქეთ-იქით დაეხეტება განსაწმენდელში მოხვედრის მოლოდინში. ზოგიერთი მინიშნებით კი, ის მოუნათლავი ბავშვების სულია. ეს ზოგადად, ახლა კი, კონკრეტულ მაგალითებზე მოგახსენებთ. ყველგან და ყოველთვის ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა პეპლის შინ შემოფრენა, რაც გადმოცემების მიხედვით, იმ სახლში მცხოვრებთაგან რომელიმეს ავადმყოფობას ან სიკვდილს მოასწავებს. ამასთან დაკავშირებით, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რომლის მოწმეც თავად გახლდით. ბებიაჩემი უმძიმესი ავადმყოფი იყო. ოჯახის წევრები იქ ვიყავით, როცა ფანჯრიდან უზარმაზარი პეპელა შემოფრინდა და სწორედ მაშინ დადგა მისი სიკვდილის წამიც. ამიტომ, როცა თქვენთანაც შემოფრინდება პეპელა, უბედურება რომ თავიდან აიცილოთ, ის ისევ უკან უნდა გააბრუნოთ. თან, ეს ისე გააკეთეთ, რომ მწერს არაფერი დაუზიანდეს. მისი მოკვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ვიღაცის სულის სიკვდილის ტოლფასია.


– კი მაგრამ, სასიამოვნოს არაფერს გვამცობს ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება? ალბათ, მის შეფერილობაზეა ეს დამოკიდებული...


– შეფერილობას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გაზაფხულზე პირველად თეთრ პეპელას მოჰკრავთ თვალს, წლის ბოლომდე თეთრ პურს შეექცევით, ანუ მსუყედ იქნებით და არაფერი გაგიჭირდებათ – იღბალი დაგიფარავთ. თუმცა, თეთრი პეპელა გიწინასწარმეტყველებთ, ასევე, რომ თქვენს სიყვარულს შეხვედებით. ვისაც უკვე ჰყავს შეყვარებული, ამას ოფიციალურადაც გააფორმებს, ანუ წინ ქორწილი გელით. გათხოვილი ქალი კი, დაორსულდება. შავი პეპელა, შესაბამისად ფერისა, ცუდის ნიშანი ანუ საფრთხის სიგნალია და რაც უფრო დიდია ზომით, მით უფრო სერიოზული საფრთხეა მოსალოდნელი. არც ნაცრისფერი და ყავისფერი პეპელაა საუკეთესო ვარიანტი, თუმცა კატასტროფული არაფერია. სახლში მცხოვრებთაგან რომელიმეს, შეიძლება, ჯანმრთელობის მხრივ მცირე გართულება შეექმნას. წითელი და ვარდისფერი შეფერილობის პეპელა მხურვალე რომანს გიწინასწარმეტყველებთ; ნარინჯისფერი და ყვითელი კი – ფულს მოგიტანთ. მაგრამ, თუ თავს ლამაზი პეპელა დაგტრიალებთ, შეფერილობის მიუხედავად, კარგი ამბების მაუწყებელია. თან, თუ თავზე დაჯდომაც ინება, ეს უკვე მოგზაურობას ან ძველ მეგობრებთან შეხვედრას გაუწყებთ. ერთმანეთის საპირისპიროა მინიშნება მისი მხარზე დაჯდომის შემთხვევაში: მარჯვენა მხარე სტუმრების მოსვლას ნიშნავს; მარცხენა კი – მტერთან შეხვედრას. ხოლო, სადმე, ერთ მწკრივად 3 პეპალა თუ ნახე დამჯდარი, აუცილობლად კარგ ამბავს დაელოდე.


– ღამის ფარვანაზე რას გვეტყვით?


– ღამის ფარვანა რომ ყოველთვის მიცვალებულის სულის მოსახსენიებელ რიტუალსა და ქელეხზე მოფრინდება, ეს ყველამ იცის. ის კი არადა, ბოსტანში ბევრი კომბოსტოს თეთრულას (პეპელას) გაჩენა, იმ წელს რომ ფუტკრისგან უხვთაფლიანობას მოასწავებს, ესეც, ხალხის შემეცნებაში, გარდაცვლილთა სამყაროსგან პეპლის წარმოგზავნას უკავშირდება, რადგან ქელეხზე თაფლი აუცილებელ სარიტუალო პროდუქტადაა მიჩნეული.


– ყოველდღიურ ყოფაში არაფერზე მიგვანიშნებს ღამის ფარვანა? მით უმეტეს, ზაფხულია და ამ დროს იშვიათი არაა ნებისმიერ ოჯახში მისი სინათლის შუქზე ფარფატი.


– მართალია, მაგრამ არა მგონია, ჩვენს დროში ფარვანების ჭერქვეშ ტრიალი ვინმეს აშინებდეს. პირიქით, ბევრს მიაჩნია, რომ ფარვანების გამოჩენა სახლში სულ მალე მათ ოჯახურ ბედნიერებას მოუტანს. ღამის სტუმართა ფრთების შეფერილობა კი მომავალი მეუღლის ხასიათს განსაზღვრავს: თუ შავია – თქვენი ცხოვრების მეგზური წყნარი და ოდნავ მელანქოლიური იქნება; თეთრი – კეთილი და დადებითი; წითელი და ყვითელი – მხიარულს, მაგრამ ეჭვიანს ნიშნავს.


– ვიცით, რომ ყველა გადმოცემასა თუ ცრურწმენას დიდი ხნის ისტორია აქვს. ნუთუ არ არსებობს თანამედროვე მინიშნებებიც?


– არსებობს და საკმაოდ საინტერესოც. მაგალითად, ღამის ფარვანას გამოჩენა ოფისში ფირმისთვის იღბლიანი პერიოდის დადგომას ნიშნავს, რაც მის ფინანსურ მდგომარეობასაც საგრძნობლად გააუმჯობესებს. მით უმეტეს, ეს ღამეული სტუმარი თუ მსუბუქად „აცეკვდა“ კაბინეტში ან თქვენი სამუშაო კუთხის თავზე – მაგალითად, კომპიუტერთან, შეგიძლიათ, ირწმუნოთ, რომ საქმეში წარმატება გელით. შენიშნეთ ღამის პეპელა კედელზე, საწოლზე ან სავარძელში მოკალათებული? მაშინვე შეუდექით სახლის დალაგებას, რომ სტუმრებმა უხერხულ დროს არ მოგისწრონ. იცოდეთ, ფარვანები ყველაზე ხშირად ნათესავების გამოჩენაზე მოგანიშნებენ და შეიძლება, ეს შორეული ნათესავიც იყოს. თუმცა, მთავარია, ამ შეხვედრამ სასიამოვნო ემოციებით აგავსოთ. მეტსაც გეტყვით, იმასაც აქვს მნიშვნელობა, საიდან შემოფრინდა პეპელა: თუ კარიდან – სტუმარს დაელოდეთ, თუ ფანჯრიდან – ქორწილში თქვენ ეწვევით სხვას.

წყარო: თბილისელები