რატომ ესწრებოდა ეროსი მანჯგალაძე ყოფილი შს მინისტრისა და სხვა ხელმძღვანელი პირების სასამართლო პროცესს

  • თბილისელები
  • 15 ივნისი 18:02, 2018 წელი

ბუნებით ბოძებული შესანიშნავი ხავერდოვანი ხმა და დახვეწილი მეტყველება. მისი ხმის გაგება და გამოჩენა რადიოსა თუ ტელევიზიაში ყველგასთვის ზეიმივით იყო.

ის ამშვენებდა არამხოლოდ სცენას, ქუჩებს, ქართულს სუფრასაც. ამბობენ, ამით ის მარტოობასა და დიდ დარდს გაურბოდა, რომელსაც გულით ატარებდა. სიმართლე და პატიოსნება უყვარდა, ცრუსა და ორპირს ვერ იტანდა. თუმცა, მისი დღიურები ყველაზე უკეთ გიამბობთ მასზე. ეროსი მანჯგალაძე ხომ იმ თაობის წარმომადგენელი გახლდათ, რომლის ცხოვრებისეული ამბების მოყოლა და მოსმენა არავის არასდროს მოჰბეზრდება.


ნოდარ გურაბანიძე:


"ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი, როცა პირდაპირ ვაღმერთებდი ეროსი მანჯგალაძეს. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ოდესმე თუ დავუახლოვდებოდი. ყოველთვის მერიდებოდა მისი, შორიდან ვუვლიდი. დიდი ავტორიტეტი ჰქონდა... ასე მეგონა, ყოველი მისი სიტყვა, კიდევ რაღაც დამატებით აზრს შეიცავდა. მასთან ჩემი დაახლოება რაღაც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად მოხდა... მთლად ბავშვური ბუნების კაცი აღმოჩნდა. თვითონ ძალიან ახლოს მიგიშვებდა თავის გულთან, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს რაიმე ფამილარობა დაეშვას მის მიმართ... რომელ ხელოვანს გაუვლია ცხოვრება სულიერი ტკივილების გარეშე? არავის! არც ეროსი იყო ამ მხრივ გამონაკლისი. თქვენ მეკითხებით: ჰქონდა თუ არა ისეთი სულიერი ტკივილი, რომელსაც ფარავდა?.. ჩვენ ვიცოდით, რა ტკივილი იყო ეს, მაგრამ თვით ეროსი ამის შესახებ არ ლაპარაკობდა... უკანასკნელად ის ვნახე შესანიშნავი ქართველი მხატვრის, რობერტ სტურუას გასვენებაზე... (რეჟისორ რობერტ სტურუას მამის – ავტორი) აი, უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან მითხრა: „ნოდარ, უთხარი რობიკოს, რომ ბოლომდე აქ ვიყავი... მე წავედი, ვერა ვარ კარგად...“ ვიცოდი, რომ ეროსის პანიკური შიში იპყრობდა მიცვალებულის დანახვისას... მაშინ სწორედ ეს ვიფიქრე და მისი „ვერა ვარ კარგად“, ამ ამბავს მივაწერე... რამდენიმე საათის შემდეგ კი, ეროსის ცხედართან ვიდექი მის ბინაში...“


„ეროსი თვითდამკვიდრებისთვის იბრძოდა მთელი ცხოვრება. იბრძოდაო, ვამბობთ, მაგრამ ეს სიტყვა პირობითად თუ შეესატყვისება ეროსის ბუნებას... მაშ, რა იყო თუ არა სიცოცხლისათვის „ბრძოლა“ ამდენ წამლებს რომ ეტანებოდა, ან როცა სრულიად ახალგაზრდას მოუხდა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა, როცა მთელი გულით იგრძნო ცხოვრების სიმძიმე?.. პირველად ვიყავი ეროსის სახლში, კოტე მესხის ქუჩაზე ხუთ ნომერში ცხოვრობდნენ. სუფრა იყო გაშლილი. მეგობრები იყვნენ. მოკრძალებულად ცხოვრობდა ეროსის ოჯახი. ეროსიმ სპეციალური ჭიქა მოიტანა. დალია დაკარგული ძმის სადღეგრძელო. არ მახსოვს, რამდენი წუთის დამჯდარი ვიყავით, დედამისის სადღეგრძელო რომ დალია. გავედით მეორე ოთახში, ეროსის დედა იწვა. ეროსიმ დედას შუბლზე აკოცა, რაღაც გაეხუმრა და ისევ მაგიდას დაუბრუნდა. მე მანამდე არაფერი ვიცოდი ეროსის დედის ავადმყოფობის შესახებ. გურამ საღარაძეს ვკითხე: რით არის ეროსის დედა ავად-მეთქი, შენ რა, არ იცი? რამდენი წელია, ლოგინზეა მიჯაჭვულიო. გავოგნდი. ეროსი თითქოს სხვა თვალით დავინახე. დაუცლელი ჭიქა დავცალე. ვუყურებდი ეროსის და სულ იმას ვფიქრობდი: როგორ უძლებს ამხელა დარდს-მეთქი. რამხელა ტკივილი ჰქონია და არაფერს იმჩნევდა. ღვინო მომეძალა. ეროსის სადღეგრძელო დალეული იყო. ავიტეხე, მეორედ დავლიოთ-მეთქი. დავლიეთ. კიდევ ეროსის სადღეგრძელო მომინდა. – რა ეროსობანა აგიტყდაო, – მითხრა გურამმა. ეროსი იცინოდა და არაფერს ამბობდა, იცინოდნენ სხვებიც. მე კი სულ ეროსი... ეროსი მეკერა პირზე... მეორე დღეს ეროსისთან მოვიბოდიშე ჩემი მომეტებული მგრძნობელობა.


დედამისის შესახებ ვკითხე, მაგრამ შევატყე, საუბარი არ სიამოვნებდა, ტკივილს აყენებდა. მოვეშვი, მის თვალებში კი მუდამ იგრძნობოდა ღრმა სევდა... ეროსი წყაროსავით სუფთა იყო სცენაზეც და ცხოვრებაშიც... რამდენი ტანჯვა გადაუტანია, მაგრამ არ შემსუბუქებულა ტანჯვის სიმძიმე. ბოლო წლებში ენატრებოდა ერთი „ჯიგრიანი“ როლი, ეროსის სულის გახსნის საშუალებას რომ მისცემდა. როლები კი არ ჩანდა. ჩემს შეკითხვაზე, თუ რაზე ოცნებობდა, მიპასუხა:


„უმთავრესად იბსენზე... ისე, დოსტოევსკიზე, შექსპირზე.“ ეს იყო 1958 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ ითამაშებს იბსენს... რა იყო მაინც ეროსის ასეთი პოპულარობის მიზეზი? უნიკალური ხმა? სპორტული კომენტატორობა? თუ ათეულ წლობით ოჯახებში შეჩვეული დიქტორის ხმა?.. რამ ჩააგდო ამდენი ხალხი შოკურ მდგომარეობაში მისი გარდაცვალების გამო? როლები აღარ ჰქონდა და მაინც მისი პოპულარობა ყოველდღე იზრდებოდა. არ არის ეს პარადოქსი? ალბათ, არა! ხალხს საყვარელი ადამიანის ბედის დრამატიზება უნდოდა, მასში ტრაგიკულ სულს ეძებდა, რათა შემდეგ უფრო განედიდებინა, უფრო განეცადა. ხალხს უყვარს, თავისი საყვარელი ადამიანი რომ იტანჯება. რაც უფრო მძიმეა ბედი ხელოვანისა, მით უფრო დიდია „ტანჯვის სიხარული“. როცა ეროსი უცხოეთში გასტროლებზე ვერ მიდიოდა, წარამარა ესმოდა სანუგეშო სიტყვები – უცხოურ ტაშს ქართული გერჩიოსო. სწორედ ნუგეშს ვერ იტანდა მისი ამაყი გული... დიახ, რუსთაველის თეატრი ტრიუმფით მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ეროსი კი თბილისში რჩებოდა. თუ ზოგჯერ წაჰყვებოდა – ისიც რაღაც სამოწყალოსა ჰგავდა. კაცს რომ დიდი თანამდებობიდან გაათავისუფლებენ და მერე ზრდილობისთვის გაიხსენებენ ხოლმე, რაღაც ამგვარ სიტუაციაში იყო თაობის გუშინდელი ლიდერი... მენატრება დიდი სცენაო, ეთქვა ერთხელ და ყველაფერი ამით გათავდა. ნაბიჯიც არ გადაუდგამს თავის დასაცავად... თეატრის ცხოვრება თავისი გზით მიედინებოდა და სულ უფრო და უფრო შორს, ნაპირზე ტოვებდა ეროსის... უყურებდა და გული სტკიოდა, რომ მხოლოდ
მაყურებელი იყო... ყოველდღე, ყოველ საღამოს, როცა თეატრში თავიანთ საგრიმიოროებში ბრუნდებოდნენ მსახიობები, ეროსის სულში ქარიშხალი მძვინვარებდა. არყევდა მთელს მის შინაგან სამყაროს, არ შეეძლო, გაქცეოდა მას და ამიტომ, მოწამებრივის მოთმინებით იტანდა ტანჯვას... მაგრამ, არავის სთხოვდა დახმარებას. არავის ეტყოდა, როგორ იტანჯებოდა მისი სული, ყველაფერი ეწვოდა შიგნით... ასე, შეუმჩნევლად, თანდათან უახლოვდებოდა სიკვდილი, რომლისაც მას საოცრად ეშინოდა. გარდაქმნისა და სხვადქცევის ოსტატი იყო და მის მეტი რა ენახა, მაგრამ ყოველ სხვადქცეულს სიცოცხლეს ანიჭებდა. ახლა კი სხვადქცევა ყველაფერს სპობდა და ანადგურებდა. ვერ ეგუებოდა ადამიანის სიკვდილს... პირდაპირ შოკში აგდებდა მკვდრის დანახვა“.


***
„ცხოვრებაში ბევრი რამ გაურკვეველი და ამღვრეული იყო. ქვეყანა იცვლებოდა. დღე არ გავიდოდა, რაღაც სენსაციური ამბავი არ მომხადრიყო ქალაქში, თუ საერთოდ ქვეყანაში. ხრუშჩოვის იმპროვიზაციები ართობდა კიდეც ხალხს... ხრუშჩოვი პირველ წლებში გაბედულად უტევდა ყველაფერ ძველს ანუ სტალინურს, თითქოს ამით თავის ცოდვებსაც ინანიებდა... ფაქტია, რომ მის დროს დაიწყო დემოკრატიზაციის პროსეცი, ყინული გალღვა, რკინის ფარდა ჩამოიხსნა... სტალინის ეპოქის თვითნებობათა სამხილებლად, ერთი პროცესი თბილისშიც მოეწყო. ეს იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, რუხაძის, ორგანოს ხელმძღვანელი მუშაკების: წერეთლის, ფაჩულიასა და სხვების სასამართლო, რომელიც რკინიგზელთა კლუბში გაიმართა. ერთ დღეს ეროსიმ შემომთავაზა, თავისი საშვით წავსულიყავი პროცესზე. მე იმის მოსმენა აღარ შემიძლია, რასაც იქ ამბობენ, თუ გინდა შენ დაესწარიო... შემზარავი ამბები ითქვა პროცესზე. რუხაძემ დაასახელა ბერიასთან ერთ-ერთი საუბარი, სადაც თურმე ბერიამ უთხრა: თქვენს გამოძიებას აკლია სიმკაცრე, ხელის ფრჩხილებს პირდაპირ აძრობთ, ამას კი ზოგი უძლებს. აბა, დააძრეთ უკუღმა და ნახავთ, თუ არ აღიარებენ დანაშაულსო. ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა ორმა ფაქტმა. ორივე შემთხვევა ნაცნობი იყო ჩემთვის. მახსოვს, სტუდენტობის წლებში მთელი ინსტიტუტი შეძრა ხმამ – კინოთეატრ „სპარტაკში“ პროკლამაციები გადმოყარეს და ხალხი დაიჭირესო. ცხნობისმოყვარეობამ წამძლია და ქუჩაში გამოვედი... გაოგნებული ვუყურებდი დაჭერილ მაყურებლებს, რომელთა სახეები გაკვირვებასა და შეშფოთებას გამოხატავდა. და აი, ჩემდა მოულოდნელად, პროცესზე გასაოცარი რამ ითქვა ამ ფაქტის შესახებ. თურმე, პროკლამაციები თავად ორგანოს მუშაკებს გადმოუყრიათ. ყველა დაიჭირეს, ვინც ხელში აიღო ქანდარიდან გადმოყრილი პროკლამაცია – „ფაქტზე წაასწრეს“. ასე შეიქმნა „ახალი საქმე!..“ სამი დღის შემდეგ, ეროსის უკან დავუბრუნე თავისი საშვი, ვეღარ გავუძელი-მეთქი. რაკი ეროსი ფეხბურთის კომენტატორიც იყო, გაოცებით ვკითხე: ეროსი, ეს ფაჩულია ვინ ყოფილა. ძველი ფეხბურთელი, რა საშინელი ამბები თქვა! – რავა, მაგაზეც თქვეს რამე? – გულგრილად მკითხა ეროსიმ. მე ფაჩულიასთან ერთად ორი კვირა ვიყავი ბაკურიანში 1954 წელს. ისე ეჭირა თავი, თითქოს ბუზს არ აიფრენდა. მაგასთან რა გინდოდა ბაკურიანში? – მკითხა ეროსიმ. ეროსის ვუამბე, რისთვისაც ვიყავი... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, უმუშევარი დავრჩი, ძალიან განვიცდიდი. ერთხელ მიხეილ კაკაბაძე შემხვდა ქუჩაში. მაშინ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი იყო. ამბავი გამომკითხა, რას ვაპირებდი. გასაჭირი შევჩივლე, ბაკურიანში ფეხბურთის სკოლაა წასული, თუ გინდა, პიონერთხელმძღვანელობას გაგიკეთებო. ხელფასსაც მოგცემენ და დაისვენებ კიდეცო. სამადლო საქმე გამიკეთა. გამიხარდა, წავედი... აი, იქ იყო ის ფაჩულიაც“.


***
„50-იანი წლების მეორე ნახევარმა ზედიზედ არაერთი გამარჯვება მოუტანა ეროსის... შეხვედრებზე იწვევდნენ... ეროსის მაინცდამაინც არ უყვარდა შეხვედრები. ახლა არც კი მაგონდება ამ წლებში, თუ მოეწყო სადმე მისი შეხვედრა. სხვების საღამო-შეხვედრებში კი მონაწილეობდა, უარს როგორ ეტყოდა! ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა ყვარლის კულტურის სახლში, რომელიც მედეა ჩახავას მოუწყვეს. თეატრიდან ხუთი-ექვის მსახიობი მონაწილეობდა. შეხვედრაზე მედეამ მოხსენება მე მთხოვა. დარბაზში მაყურებლის ტევა არ იყო... შესანიშნავი საღამო ჩატარდა. ასევე, შესანიშნავი ბანკეტი გაიმართა... ეროსი, ეროსი!.. – მაშინაც ისმოდა ხალხში ჩურჩული. თითქოს, ეროსის არც ეხებოდა, ყურადღებას არ აქცევდა. რასაკვირველია, უხაროდა, სულს ეფონებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა. გადაწყვიტეს, თბილისში თვითმფრინავით დავბრუნებულიყავით. მანამდე თვითმფრინავში ჩამჯდარი არ ვიყავი და არც დიდი სურვილი მქონდა რატომღაც. ამიტომ, მაინცდამაინც არ მესიამოვნა ეს ამბავი. ეროსიმ გამომკითხა, თვითმფრინავით ვინ მგზავრობს პირველადო. მე და თ. ტატიშვილი აღმოვჩნდით ასეთები. ერთ თვითმფრინავში ვერ მოვთავსდებით – მეორეც იქნება, გვერდი-გვერდ იფრენენო – გამოაცხადა ეროსიმ. მისივე რჩევით, მე და „ტატე” მეორე თვითმფრინავში ჩავჯექით... ჯერ ეროსის „კუკურუზნიკი“ აფრინდა, მალე ჩვენი თვითმფრინავიც მიჰყვა. ხუთი წუთის შემდეგ საშინელი ნჯღრევა, ხტუნვა, ქანაობა დაიწყო. „ტატე” გაფითრდა. არც მე ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში... ჩავებღაუჭეთ სახელურებს. ისევ გადაბრუნდ-გადმობრუნდა. თავბედი ვიწყევლე. ღმერთო, მშვიდობით ჩამიყვანე და თვითმფრინავში ჩემს სიცოცხლეში აღარ ჩავჯდები-მეთქი... ერთი სიტყვით, კარგად „ნაცემ-ნაბეგვი“ ჩამოვედით თბილისში.


ეროსი გაღიმებული შემოგვეგება: „ხომ კარგად იფრინეთ?.. რა მოგივიდათ, რა ფერი გადევთ?” – გვეკითხება და იღიმება. – გამანებე, თუ ძმა ხარ, თავი, რად მინდოდა თვითმფრინავიო – უთხრა „ტატემ“. მე ხმას არ ვიღებდი, ყურები დაგუბებული მქონდა, გაბრუებული ვიყავი. – შენ რას გაჩუმებულხარ? არ მოგეწონა? აბა, ხონის ფაეტონი ხომ არ გეგონაო. – მე ჩემდა თავად თვითმფრინავში ჩამჯდომი აღარ ვარ-მეთქი, – გულიანად გადაიხარხარა... ეროსიმ მედეას რაღაც გადაუჩურჩულა და ისევ ატეხეს სიცილი. მედეას სიტყვები გავიგონე: „კარგი რა, არა გრცხვენია, უსინდისო“... „რას ეჩურჩულები მედეას?” – ვკითხე... ეროსი მომეხვია და თითქმის ყურში ჩამჩურჩულა: მფრინავი გავაფრთხილე, თუ ძმა ხარ, ეგენი ერთი კარგად შემიჯანჯღარე-მეთქი. შენ იმდენად არა, „ტატე“ მინდოდა გადამერია. ხვალ თეატრში მოვაყოლებ, როგორ იფრინა. მადლობის დეპეშა უნდა გავგზავნო მფრინავთან, რომ მშვიდობით ჩამოიყვანა. – დეპეშა რისთვის? ოღრო-ჩოღროებში რომ გვახტუნავა? მან კი მითხრა: თვითმფრინავი, ვითომ, ავარიულ მდგომარეობაში იყო, გაფუჭდა და მფრინავის ვაჟკაცობამ გადაარჩინა კატასტროფას, მშვიდობიანად დასვა, აი, ნახე, „ტატემ“ გადარჩენის „მაღარიჩიც“ თუ არ იკისროსო. ეროსის ერთი თვე სახუმარო მოსაყოლად ჰქონდა ჩემი და „ტატეს“ ფრენის ამბავი“.

წყარო: თბილისელები