როგორ არჯულებენ თავდაჯერებულ ქმრებს ჭკვიანი ცოლები

  • თბილისელები
  • 14 ივნისი 16:15, 2018 წელი

როგორც გაირკვა, ქალებს ქორწინებაში ყველაზე მეტად კაცების, ქმრების ახირებულობა და სიჯიუტე აწუხებთ.

თუმცა, დასაზუსტებელია, რა ითვლება კაცის სიჯიუტედ, რა – ახირებულობად და რა – პარტნიორის ნერვებზე თამაშად. ნებისმიერი შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ პიროვნებაზე, მამაკაცები ღიზიანდებიან, როცა ცოლები მათი სიჯიუტის გატეხვას და პრინციპულობის შერბილებას ცდილობენ, თანაც, ამას უდიდეს ენერგიასა და ძალისხმევას ახმარენ, სწირავენ კომფორტსა და სიმშვიდეს.


დიანა (37 წლის): დიახ, მამაკაცები საშინლად ჯიუტი არსებები არიან. ისეთი ჯიუტები, რომ ზოგჯერ მათი მოკვლა, გაგუდვა გინდება. ალბათ, არცერთი ქალისთვის არ არის უცხო ეს გრძნობა. მაგრამ თუ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გინდა, უნდა დათმო. ამის გარეშე ცხოვრება არ გამოდის.
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ოჯახს დათმობების გარეშე ვერ შეინარჩუნებ?
– დათმობები მტკივნეული არ უნდა იყოს. იცით, რაშია საქმე? – გააჩნია, საკითხს როგორ მიუდგები. როცა კონკრეტული ადამიანი გიყვარს... როცა გინდა, მის გვერდით ყოფნა, როცა ხვდები, რომ თუ წავა, გაგიჭირდება, მიდიხარ კომპრომისზე. თუმცა, მასაც აქვს საზღვარი. თუ სულ დათმობის რეჟიმში იქნები, შეიძლება, გაგიჟდე. ნამდვილად ძნელი ასატანია.
– უნდა დათმო თუ არ უნდა დათმო – საბოლოოდ, მაინც დათმობა გიწევს, ხომ ასეა?
– დიახ. აუცილებლად მოგიწევს დათმობა, მაგრამ ეს არც ცალმხრივი უნდა იყოს და არც ომში გადაიზარდოს. ხვდებით, რას ვგულისხმობ? ვაღიაროთ, ყველა ქალს უნდა, ოჯახში მისი სიტყვა გადიოდეს.
– ქალებს სიყვარული და ყურადღება არ უნდათ?
– ეგეც უნდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოლების უმრავლესობა მაინც ეგოისტია. ურჩევნიათ, თავად იყვნენ პირველი „სკრიპკები“, თუმცა, ოქროს შუალედის პოვნა ხელოვნებაა. მე შვიდი წელი დამჭირდა, მივმხვდარიყავი, როგორ მემართა ჩემი ქმარი ისე, რომ პროტესტი არ გამოეხატა. პირიქით, ბედნიერიც კი ყოფილიყო.
– ასეთი რაღაც შესაძლებელია – მეუღლე ისე მართო, რომ კმაყოფილი დარჩეს?
– რა თქმა უნდა. მთავარია, იცოდე, ეს როგორ გააკეთო და ნებისმიერ თავდაჯერებულ ქმარს მოარჯულებ. არც მის თავდაჯერებულობას მიაყენებ ზიანს და შენსასაც გაიტან. ოღონდ ამას უნდა დრო და გამოცდილება. თანაც, იცით, როგორ არის საქმე? – ეს გამოცდილება საკუთარ შეცდომებზე უნდა მიიღო. მაგალითად სხვა არ გამოადგება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია, ასე ნამდვილად არ არის. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. რა თქმა უნდა, განსხვავებულები ვართ ქალებიც და ურთიერთობებიც განსხვავებული გვაქვს. ამიტომ ვამბობ, მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე უნდა ისწავლო, თუმცა რაღაცების გათვალისწინება შეიძლება.
– ანუ, როგორ „არჯულებენ“ ქმრებს ჭკვიანი ცოლები?
– დაახლოებით ამის მსგავსი რაღაც უნდა ვთქვა. თუმცა ნამდვილად არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ. უბრალოდ, მინდა გაგიმხილოთ ის „ტრიუკები“, რომელიც მე გამოვიმუშავე. როცა მივხვდი, რომ შენიშვნებით ვერაფერს ვშველოდი და პირიქით, კიდევ უარეს მდგომარეობაში ვიყავით: ვჩხუბობდით, საშინლად ვუყვიროდით ერთმანეთს. მეც ძალიან ცუდად ვხდებოდი და იმასაც ნერვები ეშლებოდა. მივხვდი, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, აუცილებლად გაყრამდე მივიდოდით. ზოგადად, ქალები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ მამაკაცს გამოასწორებენ. ჩვენც ხომ ჯიუტები ვართ, მაგრამ კაცები ამაში გვჯობნიან, ქალები მათ ვერ შევედრებით.
– თქვენ როგორ „მოარჯულეთ“.
– ჯერ საკუთარ თავთან გავარკვიე – რა მინდოდა ჩემი ოჯახური ურთიერთობიდან და რას ვერჩოდი ქმარს. როცა ყველაფერი კარგად გავაანალიზე, დავრწმუნდი, რომ შვიდი წელი უაზრო ომსა და ბრძოლებში გავატარე. თანაც, ვის ვეომებოდი? – საკუთარ ქმარს. რომელზეე ახლობელი ადამიანიც რეალურად არ მყავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ ჩხუბში სახეს ვკარგავდი. როცა ეს გავაცნობიერე, შემეშინდა.
– რისი შეგეშინდათ?
– იმის, რომ არა მარტო ქმარს დავკარგავდი, საკუთარ თავსაც ზედ მივაყოლებდი. მთლიანად შევცვალე ტაქტიკა – ჯერ მოთმინების გამომუშავება დავიწყე. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია იმ ჩვევებისთვის, რომლებიც კაცებს ახასიათებთ. ამ დროს ვფიქრობდი, რომ არც მე ვარ საჩუქარი და ვუღიმოდი. ვერ გეტყვი, რომ ეს ადვილი იყო, მაგრამ მახსენდებოდა, რა იდო სასწორზე – ჩემი ოჯახი. ბუნებრივია, ასე მაშინ ფიქრობ, როცა ქმარი გიყვარს და არ გინდა მისი დაკარგვა. თუმცა, იმის სურვილი, რომ თან როგორმე „მომერჯულებინა“, მაინც მქონდა. მხოლოდ ტაქტიკა შევცვალე: უარი ვთქვი „შეტევით პოლიტიკაზე“, ტკბილი სიტყვითა და შეფარვით დავიწყე ურთიერთობის ახალ კალაპოტში გადაყვანა. ამან ნელა, მაგრამ შედეგი მაინც გამოიღო.
– რა შედეგი?
– ჩემი ქმარი ხედავდა, რომ აღარ ვჩხუბობდი. იფიქრა, რომ მე ფარ-ხმალი დავყარე და მის ახირებებს შევეგუე. სხვათა შორის, კარგა ხანს მაკვირდებოდა და მამოწმებდა, ხომ არ ვთამაშობდი. არ სჯეროდა, გულწრფელი რომ ვიყავი. ძალიან მოვინდომე. მართლა შინაგანად განვეწყვე მისი სიჯიუტის დასამარცხებლად და გამომივიდა.
– ანუ, იგნორირება და სითბო?
– დიახ. დამიჯერეთ, იდეალური საშუალებებია.

წყარო: თბილისელები