როგორ შეაშინა გია ფერაძემ მორწმუნე მოხუცები მოსკოვში

  • თბილისელები
  • 11 ივნისი 00:32, 2018 წელი

ცნობილი ქართველი მსახიობი გია ფერაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:

"1978 წელია. მოსკოვში, „ლენინსკი კომსომოლის“ თეატრში მიმიწვია მარკ ზახაროვმა სპექტაკლში, სადაც ეშმაკის როლი უნდა შემესრულებინა. ბინად ჩემს მეგობართან, ალექსანდრე აბდულოვთან ვცხოვრობდი, რომელიც იმავე თეატრში მუშაობდა, იმავე სპექტაკლში მონაწილეობდა და ჩემი მსახურის როლს ასრულებდა. საშას იმ პერიოდში ახალი ნაყიდი ჰქონდა მეზობლების ორი ბინა და სართულზე მარტო ცხოვრობდა. მართალია, ბინები უკვე გაერთიანებული იყო, რადგან კედლები დაანგრია, მაგრამ ორი შესასვლელი კარის ამოქოლვა, მოუცლელობის გამო, ვერ მოახერხა და სართულზე ამოსული ადამიანი იფიქრებდა, რომ იქ კვლავ, სამი სხვადასხვა ბინა იყო.


გენერალური რეპეტიციის წინა დღეა. დილაა და მე და საშას თეატრში გვეჩქარება. ჩვენს მეგობართან, მსახიობ სემიონ ფარადასთან შეთანხმებულები ვიყავით, რომ მანქანით გამოგვივლიდა და უკვე გრიმიანებს თეატრში წაგვიყვანდა. მე შხაპი მივიღე და ეშმაკის გრიმის წასმას შევუდექი. საშა კი შხაპის მისაღებად შევიდა სააბაზანოში. პირველი მეზობლის შემოერთებული ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა.


– მიდი, გააღე. ალბათ, სიომა მოვიდა, – დამიძახა სააბაზანოდან საშამ.


კარი რომ გავაღე, ზღურბლზე სამი მოხუცი, თავსაფრიანი ქალი იდგა, რომლებსაც ხელში ხატები ეკავათ. ეშმაკის ფორმაში რომ დამინახეს, შეხტნენ და პირჯვარი გამოისახეს. მე გამეცინა და ვუთხარი:


– ნუ გეშინიათ, ეშმაკი არ ვარ. რა გნებავთ?


– ეკლესიის გასარემონტებლად ფულს ვაგროვებთ და იქნებ დაგვეხმაროთო, – მიპასუხეს მათ.
მე ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ხუთმანეთიანი მივეცი და სახლში შევბრუნდი, თან, გრიმის წასმა განვაგრძე. უცებ, მეორე მეზობლის შემოერთებული ბინის კარზეც დარეკეს ზარი და რომ გავაღე, ისევ ის სამი მოხუცი დავინახე ხატებით. მე რომ დამინახეს, უფრო შეეშინდათ, მაგრამ პირჯვრის დაწერა არ ვაცალე, ისევ ხუთმანეთიანი მივაწოდე, კარი მივუხურე და ოთახში შევბრუნდი. მესამედ, უკვე საშას კარზე რომ დარეკეს, მივხვდი, კვლავ ის მოხუცები იყვნენ და გადავწყვიტე, „მეციგნა“, თან ფულიც აღარ დამრჩა ჯიბეში. კარი გავაღე, დოინჯშემოყრილი დავდექი და ვუთხარი:


– რა ეშმაკებივით შემომიჩნდით, ბებიებო! მე ვარ ეშმაკი თუ თქვენ?
ამის თქმა იყო და ჯერ ჩემ მიერ მიცემული ხუთმანეთიანები დამიყარეს წინ. შემდეგ ხატები ჩაიხუტეს, მოკურცხლეს და იმეორებდნენ. „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ამ სახლში უწმინდური ბუდობს და კედელში გადისო...“


იმ დროს კიბეზე სემიონ ფარადა ამოდიოდა, რომელიც ასევე, ჩემს მეორე მსახურს თამაშობდა, მასაც ეშმაკის მოციქულის ფორმა ეცვა და გრიმი ჰქონდა წასმული. მოხუცებმა რომ დაინახეს, წივილ-კივილით დაეშვნენ კიბეზე.

წყარო: თბილისელები