რა დაავადებაზე მიანიშნებს მათემატიკის ათვისების პრობლემა

  • თბილისელები
  • 5 ივნისი 18:53, 2018 წელი

მშობლები ხშირად ღელავენ შვილების სიზარმაცის გამო. თუმცა, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის მოტივაციის ნაკლებობით არ აიხსნება.

 არსებობს დასწავლის უნარის დარღვევა, იგივე დისლექსია, რის გამოც ბავშვებს სერიოზული სირთულეები ექმნებათ. რა არის დისლექსია და როგორ უნდა მივხვდეთ, აქვს თუ არა ბავშვს აღნიშნული პრობლემა გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი ანანო ბუბუტეიშვილი:


რამდენიმე წლის წინ ამერიკის სხვადასხვა შტატში ჩატარდა მასშტაბური კვლევა – მშობლებს უნდა გამოეყოთ სამი სურვილი შვილის მომავალთან დაკავშირებით. აბსოლუტური უმრავლესობით პირველ ადგილზე გავიდა მშობლების სურვილი, რომ მათ შვილს მიეღო უმაღლესი განათლება. ჩვენთანაც ასეა, მშობლებისთვის ბავშვების სწავლასთან დაკავშირებული საკითხები და პრობლემები განსაკუთრებული „მგრძნობელობით“ გამოირჩევა. დისლექსია არის კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა. ეს შეიძლება იყოს, როგორც კითხვის მიმდინარეობა, ასევე, სიზუსტე. შესაძლებელია, პრობლემებს ვაწყდებოდეთ კითხვისას წინადადების გაგებაში, ფრაზის წარმოთქმასა თუ წერაში. დისლექსიის გავრცელების შესახებ სხვადასხვა მონაცემი არსებობს, რადგან ზოგ შემთხვევაში სხვა, სწავლასთან დაკავშირებული დარღვევებისგან მისი დიფერენცირება რთულია. ზოგადად, იგი ბავშვების 5-დან 10 პროცენტში გვხვდება.


– რა პრობლემები აღენიშნებათ მათ დასწავლის უნარის დარღვევის შემთხვევაში?


– დასწავლის უნარის დარღვევის შემთხვევაში ბავშვს შესაძლებელია, აღენიშნებოდეს კითხვასთან, მეტყველებასთან, მათემატიკასთან და წერასთან დაკავშირებული პრობლემები. აღნიშნული პრობლემები ბავშვებში ხშირად ერთდროულადაც არსებობს. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვებში სწორედ კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვხვდებით. ბავშვს, რომელსაც აქვს კითხვის უნარის დარღვევა, შეიძლება, უჭირდეს წაკითხულის გაგება, წარმოთქმა, წერა. ასევე, ვაწყდებით მათემატიკური უნარების დეფიციტსაც. რაც ხშირ შემთხვევაში, ბავშვებში სასკოლო ასაკიდან იწყება. კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ზოგჯერ სუსტ მხედველობას, ინტელექტისა და სხვა განვითარების ჩამორჩენას მიაწერენ. თუმცა, შეგვიძლია, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დისლექსიის შემთხვევაში ბავშვის ინტელექტუალური განვითარება ნორმის ფარგლებშია. დისლექსიის სიმპტომატიკა ბავშვებში შეიძლება, განსხვავებულად იყოს გამოხატული. თუმცა, როდესაც ბავშვს აქვს კითხვის უნარის დარღვევა, ხშირ შემთხვევაში, მას აქვს წაკითხულის გაგების, მიმდინარეობისა და სიზუსტის პრობლემები, რომლებიც ასევე, გამოხატულია წერითი მეტყველების დროსაც. რიგ შემთხვევებში, დისლექსია ქმნის სირთულეებს ენის ათვისებასა და მათემატიკური უნარების განვითარებაში. დისლექსიის დროს ბავშვებს აქვთ სიტყვის დეკოდირების პრობლემები, კერძოდ, მათ უჭირთ, დაუკავშირონ ერთმანეთს ბგერა და ასო და შესაბამისად, უჭირთ სიტყვების წაკითხვა დროულად და სწორად. მთავარი მიზეზი, რის გამოც ვაწყდებით დეკოდირების პრობლემას, ფონეტიკური მეხსიერების პრობლემაა. ეს არის უნარი, რომლის მეშვეობითაც ვახორციელებთ წაკითხული ბგერების ერთობლიობის სიტყვებად დამახსოვრებას.
დისლექსიის დროს ბავშვს კითხვა ძალიან ეძნელება, რადგან ვერ ამჩნევს ასოების თანმიმდევრობას. მაგალითად, თუ უნდა წაიკითხოს სიტყვა „სპაგეტი“, შეიძლება ასოები აერიოს ერთმანეთში, როცა ამ სიტყვას უყურებს და წარმოთქვას „პასგეტი“. წერის დროს კი ერთმანეთში ერევა ასოები – წ და შ ან მ და ნ. კიდევ უფრო უძნელდებათ ინგლისური ენის შესწავლა. ერთმანეთში ურევენ b-ს და d-ს, p-ს და q-ს. უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ხმოვანი სხვადასხვა სიტყვაში სხვადასხვანაირად გამოითქმის.


– რა ასაკში იჩენს დისლექსიის პრობლემა თავს?


– აღნიშნული პრობლემა ბავშვის წინასასკოლო ასაკამდე იჩენს თავს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მთავარი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ბავშვი კითხვას სწავლობს. ხშირად დისლექსიის მქონე ბავშვები ასახელებენ სხვადასხვა მიზეზს და თავს არიდებენ კითხვას. ვისაუბროთ კონკრეტულ სიმპტომებზე, რომლებიც შესაძლებელია, განსხვავებული იყოს სხვადასხვა ასაკის მქონე ბავშვთან კითხვის უნარის დარღვევის დროს. მაგალითად, როდესაც ბავშვი არის სკოლამდელი ასაკის, მას შეიძლება უძნელდებოდეს ახალი სიტყვებისა და ლექსების ათვისება, ასოების დამახსოვრებისას უჭირდეს მათი ბგერებთან დაკავშირება. დაწყებით კლასში დისლექსიის მქონე ბავშვს სიტყვის წარმოთქმისას ხშირად ერევა ბგერები ერთმანეთში, უჭირს ახალი სიტყვების დამახსოვრება და ნასწავლი სიტყვების წარმოთქმა. ბავშვის ზრდასთან ერთად კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მრავალფეროვანი ხდება. ხშირად მსგავსი დარღვევის მქონე ბავშვებს ტექსტში არსებული წინადადებების რამდენიმეჯერ წაკითხვა სჭირდებათ. მათ ბევრად უფრო ცუდად აქვთ განვითარებული კითხვის უნარები, ვიდრე ზეპირი მეტყველება


– რა არის დისლექსიის გამომწვევი მიზეზები?


– მეცნიერები დისლექსიის გამომწვევ ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ: გენეტიკური განწყობა და თავის ტვინის ანატომიური თანდაყოლილი დაზიანება ან შემდგომი ტრავმა. კვლევების მიხედვით, თუ მშობელს აქვს დისლექსია, შესაძლებელია, მის შვილსაც აღენიშნოს იგივე დარღვევა. ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ალერგიული დაავადებები, ხშირად არის დაკავშირებული კითხვის პრობლემებთან. თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის დისბალანსი – აღნიშნული დისბალანსი იწვევს კითხვის პროცესის განხორციელებისას მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროს ერთობლივი ფუნქციონირების დარღვევას. როგორც ვიცით, თავის ტვინის კვლევებმა აჩვენა ანატომიური განსხვავებები ტიპური განვითარებისა და დისლექსიის მქონე ადამიანებს შორის იმ ზონებში, რომლებიც პასუხისმგებელია კითხვის უნარების ფორმირებაზე. მეტყველებისა და კითხვასთან დაკავშირებულ უნარების უმრავლესობას თავის ტვინის მარცხენა ჰემისფერო მართავს. კითხვის უნარის დარღვევის გამომწვევი უფრო ზუსტი მიზეზების დასადგენად კვლევები დღესაც მიმდინარეობს.


– რა შემთხვევაში ისმება დისლექსიის დიაგნოზი?


– დისლექსიის დიაგნოზი ისმება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის კითხვის მაჩვენებელი საშუალო დონეზე გაცილებით დაბალია და არ შეესაბამება ბავშვის ზოგად ინტელექტუალურ განვითარებას. დისლექსიის ხარისხი ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა და ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების სპეციფიკაზე. დისლექსიის დიაგნოსტირებისას საჭიროა ყურადღებით ვიყოთ და გამოვრიცხოთ ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. გარდა ამისა, გასარკვევია, კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ არის გამოწვეული სხვა დარღვევით. ხშირად დასწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვაწყდებით ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვთანაც. ასევე, მასალის ათვისებას შეიძლება, პრობლემას უქმნიდეს მაღალი შფოთვის დონე ან დეპრესიული მდგომარეობა. დისლექსიის მქონე ბავშვის დიაგნოსტირება და მკურნალობა საჭიროებს მულტიდისციპლინალური გუნდის მაქსიმალურ ჩართულობას, რადგან გამოირიცხოს სხვა მდგომარეობების არსებობა. უმჯობესია, შემდგომ მკურნალობაში სპეცპედაგოგი და ლოგოპედი ერთდროულად იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვს ბევრი პრობლემა ექმნება ცხოვრებაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ბავშვი არ არის უნიჭო, არამედ მათ წარმატებისთვის მეტი მოტივაცია სჭირდებათ. შესაძლებელია, ბავშვს უჭირდეს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, მაგრამ ჰქონდეს ხელოვნების ან მუსიკის ნიჭი. საჭიროა, სწორად შევაფასოთ ბავშვის უნარები და მას განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ.

წყარო: თბილისელები