“ცოლად ვერ გავყვები მამაკაცს, რომელიც პირველ ცოლთან გაშორების მიზეზს მალავს”,-ახალგაზრდა ქალის ემოციური ისტორია

  • სარკე
  • 3 ივნისი 12:04, 2018 წელი

”გავიცანი მამაკაცი, რომელსაც შევუყვარდი, მეც მიყვარს, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება.

ისიც ჩემსავით ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, მაგრამ შვილი არ ჰყავს. მე კი 7 წლის გოგონას დედა ვარ და ბევრი რამის გაანალიზება მჭირდება. საყვარელ მამაკაცთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ მასთან სერიოზულ ურთიერთობას ვერ ვწყვეტ. მიზეზი ის არის, რომ არაფერს მეუბნება, თუ რატომ გაშორდა მეუღლეს.


ძალიან წყნარი და სერიოზული ბიჭია, თავის ცხოვრებაზე ნაკლებად ლაპარაკობს, უფრო სწორად, არაფერს ამბობს. მასთან ფიზიკური სიახლოვეც მაქვს, ამან მაინც უნდა დააყენოს გულახდილობის განწყობაზე, უნდა მენდოს, მაგრამ ისევ ჩაკეტილია, თითქოს არც უნდა, საკუთარი ნაჭუჭიდან გამოვიდეს.


მშობლები გამაცნო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა, რომ შვილის არჩევანით დიდად აღფრთოვანებულები არიან. დედამისმა რაღაც მოიმიზეზა და სამზარეულოში რომ შევიდა, იქიდან აღარც გამოსულა. მეგონა, რამე გრანდიოზულ კერძს ამზადებდა, მაგრამ არა, ისე წამოვედი, არაფერი მოურთმევია.


მშობლების ფაქტორი არ მადარდებს, რადგან საკუთარი ბინა მაქვს და ცალკე ვაპირებ ცხოვრებას, მაგრამ ჩემი შეყვარებული ბევრ რამეში მაეჭვებს. რამდენჯერაც ვკითხე, გაშორების მიზეზი რა გახდა-მეთქი, მპასუხობს, ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა, კაცი ვარ და ქალზე ჭორაობას ვერ დავიწყებო.


გარკვეულწილად მომწონს, ყოფილ ცოლზე რომ არ ლაპარაკობს, ამას ვაჟკაცურ ხასიათად ვუთვლი, მაგრამ თუ მასთან ერთად გადავწყვეტ ცხოვრებას, ყველაფერი უნდა ვიცოდე.


თვითონ თავიდანვე გამომკითხა ყველაფერი, დედამთილის გვარითაც კი დაინტერესდა და იმითაც, რომელი სოფლიდან იყო. ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახზე ყველაფერი ვუამბე. სხვათა შორის, არც ის დამიმალავს, მათთან ურთიერთობაში მე რა შეცდომები დავუშვი, ანუ ჩემი ბრალი რა იყო და მათი ბრალი – რა.


მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადიდან ძალიან ინტიმური დეტალებიც კი მოვუყევი, თავის ცხოვრებაზე არაფერს მიყვება. დაქალმა მითხრა, მის ყოფილ ცოლს შევხვდეთ, გავიგოთ, რა მიზეზით გაშორდაო.


მეც ძალიან მაინტერესებს მასთან შეხვედრა, მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, ვაითუ, იმ გოგომ მერე ყოფილ ქმართან დაბრუნება გადაწყვიტოს. ხომ იცით, როცა ყოფილ ქმარს ვინმე გამოუჩნდება, მაშინ გააქტიურდებიან ხოლმე, რომ დაიბრუნონ, რადგან საბოლოოდ დათმობა უჭირთ.


აი, მე, მაგალითად, ქმარმა ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა, მაგრამ გაშორების მერე რომ გავიგე, სხვა ქალი ჰყავდა გვერდით, მაინც არ მესიამოვნა. ის დღემდე მიმტკიცებს, რომ ვუყვარვარ, ამიტომ სხვისი გამოჩენა რაღაცნაირად არ მომეწონა, თუმცა ჩემში ეს ემოცია მაშინვე ჩავკალი. სხვათა შორის, ესეც მოვუყევი შეყვარებულს, იოტისოდენა რამეც არ დამიმალავს, ის კი მაინც ჯიუტად დუმს.


მეშინია, რაიმე სერიოზული ნაკლი არ ჰქონდეს, მაგალითად, პათოლოგიური ქცევები ოჯახში ან ცუდი სიმთვრალე, ან ამდაგვარი რამ. ქორწინებამდე ყველა თავს იკავებს, ნაკლს ნიღბავს, მერე კი რეალურ სახეს გამოაჩენენ ხოლმე.


არ მინდა, მეორედაც შევცდე, რადგან ახლა არამარტო საკუთარი თავი, შვილიც მაბარია. გოგონას დედა ვარ და სახლში ცუდი წარსულის მქონე მამაკაცს ვერ მივიყვან.


როგორ მოვიქცე და როგორ ავალაპარაკო ეს ადამიანი, აღარ ვიცი. არადა უკვე ისეა საქმე, რომ ოჯახის შექმნაზე უნდა ვიფიქროთ. მეუბნება, დროს ვკარგავთ, ცოლად გამომყევიო, მაგრამ უარს ვამბობ. მეშინია, რამე არ გამომეპაროს და საბედისწერო შეცდომა არ დავუშვა.”

წყარო: სარკე