აფხაზებმა ენგურზე მიმოსვლის წესი გაამარტივეს

  • რეზონანსი
  • 1 ივნისი 11:05, 2018 წელი

აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ მოიწონა ცვლილებები, რომელიც უნდა შევიდეს ე.წ. დადგენილებაში "აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისთვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ".

ამ ცვლილების თანახმად, ენგურის გადაკვეთა შესაძლებელია არა მხოლოდ "აფხაზური პასპორტით", არამედ ე.წ. ბინადრობის მოწმობითაც.


დე ფაქტო მინისტრ გარი არშბას განცხადებით, 1 ივნისიდან მისი უწყება უზრუნველყოფს ნებართვების გაცემას, დე ფაქტო ფინანსთა სამინისტრო კი დააფინანსებს შესაბამისი ბლანკების დამზადებას.


რა იცვლება ამ დადგენილებით იმ პირებისთვის, ვისაც დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა უწევს? მარტივდება თუ უფრო მკაცრდება წესები? აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას განაცხადებით, მან არ იცის, რა ნაღმია ჩადებული ამ ცვლილებაში, რადგან დოკუმენტს ჯერ არ გასცნობია.


"თუ სახალხო დიპლომატიის კუთხით შევხედავთ, ცუდი არ უნდა იყოს. ანუ, თუ გულისხმობს მიმოსვლის გამარტივებას, ეს საშუალებას იძლევა, მოსახლეობას შორის უფრო მჭიდრო კავშირი დამყარდეს. მაგრამ მე ამ დოკუმენტს არ გავცნობივარ და არ ვიცი, რა ნაღმი დევს ამ ცვლილებაში", - აღნიშნა გია გვაზავამ.


ექსპერტი ლევან კიკნაძე კი მიიჩნევს, რომ ეს არის შეზღუდვა და ამით სიტუაცია უფრო გართულდება.


"თავს აჩვენებენ, ნახეთ, რა ჰუმანურები ვართ, "საზღვრის" გადაკვეთის ნებას გაძლევთ ბინადრობის უფლებითო, ანუ ბინადრობას გაძლევთ, მაგრამ მოქალაქე არ ხართო. გამოდის, რომ ძირძველი ქართველი იქ სტუმარი ხდება და ყოველგვარ უფლებებს იქნება მოკლებული", - ამბობს ლევან კიკნაძე.

წყარო: რეზონანსი