როდის და რატომ გაასამართლეს სოსო ჯაჭვლიანი ჯერ ქურდობის, შემდეგ კი ყაჩაღობის მუხლით

  • თბილისელები
  • 25 მაისი 17:38, 2018 წელი

მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი ერთადერთია ჩემს ნაცნობ თუ უცნობ სვანთა შორის, რომელსაც არ სწყინს ანეკდოტები სვანებზე და მათ მოსმენაზე გულიანად ხარხარებს.

თუმცა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტსა და კინოსტუდია „თეთნულდის“ დამაარსებელს, თავის ერთადერთ წარმატებად სვანობა მიაჩნია და მხოლოდ სვანობით „მარიაჟობს“. სოსო ჯაჭვლიანს მიაჩნია, რომ მისი ბავშვობისდროინდელი თავგადასავლები „ტომ სოიერისას“ „აჰკენწლავდა“ და ამიტომაც, მხიარულ ისტორიებში ბავშვობის ამბებსაც იხსენებს.


პირველი სამსახური


მეექვსე კლასში სამოცდახუთმანეთიანი ველოსიპედის – „მერცხლის“ პატრონი გავხდი. პურის საცხობ ფურნეში დავიწყე მუშაობა, ორ თვეში 80 მანეთი „გავქაჩე“, ველოსიპედიც ვიყიდე და თხუთმეტი მანეთი ხურდაც დამრჩა. ჩემმა თანაკლასელმა, სოსო ჯაფარიძემ, რომელიც ხშირად ჩემ ნაცვლად აზროვნებდა, „დამაბოლა“: „ხო გყავს, ბიჭო, ველიკი, რას „ეჩმორიკები“ მაგ... გიხდიდეს მაინც რამეს, მაგის დედაც, ფეხებზე დაიკიდე. დააშავე რამე, რომ გამოგაგდოსო“...


დავფიქრდი, ავწონ-დავწონე და მეც „გამიტყდა“ ქვეშევრდომობა, ოღონდ, იმდენი ვერ „მოვტვინე“, რომ თავხედურად მოქცევის გარეშეც შეიძლებოდა „კარიერის“ მიტოვება. მოკლედ, გამიჩნდა საფიქრალი...


ერთხელ გოჭები მოგვიტანეს შესაწვავად. გულ-ღვიძლს ჩვენ გვჩუქნიდნენ ხოლმე, ანუ, სამეფო სადილი გველოდა. ჩემმა „შეფმა“ დასაყოლებლად ჩაციებული ლუდი ინატრა. მე გამახსენდა, რომ წინა დღეს მამაჩემმა მოიტანა ჩეხური ლუდი თბილისიდან. ვუთხარი უფროსს, გავიქცევი სახლში და „პივას“ მოგიტანთ-მეთქი. ისე წავედი სახლში, ღალატი და მზაკვრობა გულში არ გამივლია. მაგრამ, დავინახე მაგიდაზე ცარიელი ბოთლები და ეშმაკმაც წამჩურჩულა: „რას „ეჩმორიკები“, მაგის დედაც“!.. „მაგის დედაც“!.. – გავიმეორე და დავურეკე სოსოს და გოჩას (ჩემს თანაკლასელებს): ბიჭებო, სასწრაფოდ გამოდით ჩემთან, ოღონდ, წამოსვლის წინ არამც და არამც არ მოფსათ-მეთქი. ნახევარი ბოთლი მე ავავსე, ბიჭებიც მომეხმარნენ და სამი სავსე „ჩეხური პივის“ „ასორტი“ საყინულეში ჩავაცივეთ. წავედი სამსახურში და სეირის მაყურებლებიც თან წავიყვანე. ბავშვი კი არა, ვერცხლის წყალი ხარო – გულწრფელად შემაქო უფროსმა, ბიჭები კი წინასწარ იფხრიწებიან სიცილით. მე მხოლოდ მაშინ გამეღიმა, როცა ბოთლს საცობი მოხადა და წინასწარ გააკეთა დასკვნა – უჰ, ცხონებაა, ცხონებაო. „ცხონება“ პირსაქმებით დამთავრდა. ჩემი ძმაკაცები გაიქცნენ, მეც დავედევნე...


დამიძახა: სოსო, დაბრუნდი და, შვილებს გეფიცები, არა გცემ, უშენოდ პურები დამეწვება, მომეხმარეო. მეც ამიჩუყდა გული და დავბრუნდი... მიმიტყუა, დამიკეტა კარი და ყურებით დამითრია – სვანი რამეს შეგარჩენს?! ეს დღე, შეიძლება, არ დამმახსოვრებოდა, იმ ღამეს ჩემი „მერცხალი“ რომ არ „აეორთქლებინათ“. მთელი ღამე ლექსად ვიწყევლებოდი: „ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამომთხრელს, ამომბარავს“, ოღონდ, ეს იყო გურამიშვილის ცნობილი სტრიქონის ზემოსვანური ვარიანტი.


ლურჯი ველოსიპედი


დავრჩი თავმომწონე ბიჭი ტრანსპორტის გარეშე. ჩემი გული მწუხარებისგან ზღვას ერთვოდა. ისევ „პირადმა მრჩეველმა“ სოსო ჯაფარიძემ იპოვა გამოსავალი, მითხრა: შენ ხომ მოგპარეს „მერცხალი“, ვის რა ფეხები მოსჭამე? ადექი და შენც მოიპარე, მეც მოგეხმარები, ნუ გეშინია, სამარე ვარ, მხოლოდ, ჩვენ ორს გვეცოდინება არავის ვეტყვიო.


დავფიქრდი. მაგარი კოზირი მეჭირა ხელში: ძმაკაცურად ვიყავი მესტიის ყველა ძაღლთან, ყველაზე ავი ძაღლებიც კი არ მიღრენდნენ, ან, შინაურულად მიყეფდნენ, ზრდილობის გამო. ერთი „საკაიფო“ ველოსიპედი შევათვალიერე და ერთ მშვენიერ ღამეს ჩემს სახლში ამოვაყოფინე თავი. მწვანე იყო, მუქ ლურჯად გადავღებე და უშიშრად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დავქრივარ ჯაფარიძესთან ერთად. მშობლებს, რა თქმა უნდა, ვატყუებ, ველოსიპედი მათხოვეს, დანაკარგზე რომ არ ვინერვიულო და გული გადავაყოლო-მეთქი. ერთ დღეს ჩემი ამ ახალ ველოსიპედის ნამდვილმა პატრონმა, ავთომ მითხრა, ცოტა ხანს მათხოვე შენი ველოსიპედი, ერთი-ორჯერ გავივლი და მოგცემო. რაზეა-მეთქი „ბაზარი“, ძმაო, დაბრძანდი-მეთქი... დაჯდა და – ვა, რა ჩემი ველოსიპედივით გაწევა აქვსო, – როგორც ჩანს, „მოწვა“ სიტუაცია და მალევე დაგვემშვიდობა.


მე სახლში წავედი და სოსოც წავიყვანე. თხუთმეტ წუთში ავთო მილიციონერ ბიძასთან ერთად მოვიდა ჩვენთან. ჩამოდი დაბლა და ის ნაძირალაც ჩამოათრიეო, – მითხრა სოსოზე. შევბრუნდი სოსოსთან და ვუთხარი: დამუნჯდი, თუ საჭირო გახდა, ჩემს თავზე ავიღებ ყველაფერს და მე ჩავჯდები-მეთქი. მივყავართ მილიციაში, დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერს „დაგვაროშინებენ“. რა უნდა ლაწირაკების გამოტეხას, მაგრამ, თავის დაძვრენას ვცდილობ და კუდი მოწმედ მომყავს: მე და სოსო ჯაფარიძემ გზაზე დავინახეთ და მე წამოვიღე, აბა, იქ ხომ არ დავტოვებდით. ჩვენ არ წამოვიღებდით, სხვა წაიღებდა-მეთქი. კინაღამ დამიჯერეს, რადგან, როგორი კითხვაც არ უნდა დაესვათ, პირველ ჩვენებას ვაწვებოდი... ჩაგვკეტეს ერთად „კრიმინალები“, ვგრძნობ, რომ გარედან გვისმენენ და ვცდილობ, ფრთიან ანგელოზებს დავემსგავსოთ:


– ბიჭო, როგორ დავაჯეროთ ჩვენს სიმართლეში, რა ვქნათ, ნეტა ჩვენ არ წამოგვეღო და სხვა გახვეულიყო შარში, – ვეუბნები სოსოს და თან თვალს ვუკრავ, რომ რამე სისულელე არ წამოროშოს და წყალში არ ჩამიყაროს ნაწვალ-ნადაგი აფერისტობა.


– შენ ხომ არ გაგიჟდი, რას მიპაჭუნებ თვალებს, ჩვენ არ წამოვიღეთო?! – დაიროხროხა და დამსმენმაც შემოგვიღო კარი. ციხე შიგნიდან გატყდა. რამდენი მომხვდა, ვერ გაგიმხელთ.


ეს ამბავი ერთხელ კიდევ გაჟღერდა: სექტემბერში, სკოლაში რომ მივედი, რაზმეულის შეკრებაზე ჩემი გვარი და სახელი გამოაცხადეს – ორი ნაბიჯით წინ დადექიო. გული ამიფრიალდა დაწინაურებისა და „თანამდებობის“ მოლოდინში. მეგონა „ბარაბანშჩიკობას“ მაინც გამოვკრავდი ხელს, მაგრამ, მიმუხთლა ფორტუნამ – პიონერული „მგლის ბილეთი“ ამკიდეს.


სვანი აბრაგები და „შესანიშნავი ფათერაკი“


ქურდობის შემდეგ ყაჩაღობის მუხლით „მოვიხადე“ სასჯელი. მერვე კლასში მასწავლებელმა ექსკურსია ჩაგვიშალა. ავიყოლიე ჩემი ერთუჯრედიანი თანაკლასელები და უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველი გეგმა შევიმუშავეთ.


ჭირში თუ არ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, ლხინის სუფრასთან ყველა ნაძირალას შეუძლია ძმობა-მეთქი, გამოვაცხადე, მართალი ხარო, მითხრეს. ავიღე საკონტროლო წერისთვის განკუთვნილი თორმეტფურცლიანი რვეული, რადგან ამ საქმისთვის აღარ დამჭირდებოდა და მომავალ „ყაჩაღთა“ სია ჩამოვწერე. ათნი შევგროვდით. აქვე უნდა აღგვენიშნა, ვინ რას წამოიღებდა სახლიდან „ფირალური“ ცხოვრებისთვის. ტვილდიანმა ჩამაწერინა, ძვირფასი ყავის სერვიზი, ორი კონიაკი და ექვსი ცალი შამპანურის ფუჟერი. კარგია-მეთქი, – შევაქე, თუ გაგვიჭირდა, გავყიდდით. მე ერთი ყულაბა ხურდა ფულს წამოვიღებო – თავი გამოიდო ქალდანმა. ეს უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებად ჩავთვალე და წითელი კალმით ჩავუწერე პლუსი.


ლეო ნაკანმა ორი სულგუნი და ხუთი პური ჩამაწერინა. რა ვქნათ, ალბათ, არ აქვს მეტის საშუალება, ხომ არ დავახრჩობთო, – ვთქვით. ნაკანის შეღავათით წახალისებულმა გულედანმა თქვა, მე თოკს წამოვიღებო. შენი ცარიელი თოკიც-მეთქი... – და სიძუნწის გამო არ მივიღე „ყაჩაღთა“ რიგებში.


– ვინეტუ ინ ჩუჩუ! (მივდივართ ყაჩაღად)! – გავეცი ბრძანება და გავიშალეთ ტყეში... გულედანმა მდევარი დაგვადევნა. მთელი მესტია ანთებული ჩირაღდნებით გვეძებდა ჩვენს მშობლებთან და ნათესავებთან ერთად. ნაკანის მამა, თურმე, ნაკლებად ნერვიულობდა – ორი სულგუნისთვის თავს ხომ არ მოვიკლავო.


მიმათრიეს სახლში. – აი, აი, აი! – მემუქრება მამაჩემი, – მოგკლავ, იერჟი ლუთხიმ (შე მწვანეთავიანო).


როგორც იდეის ავტორს, ყველაზე მეტი მე მხვდებოდა ყოველთვის და მაინც მოხეტიალე რაინდი დონ-კიხოტივით მთელი სიცოცხლე „შესანიშნავი ფათერაკები“ მენატრებოდა.


ოცნება და რეალობა


ბავშვობაში არ ვიცოდი, მსახიობობა თუ პროფესია იყო. კინოსა და რეალობას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი. ნაღდ ამბად აღვიქვამდი ყველაფერს, „სპარტაკით“ დაწყებული „შესანიშნევი შვიდეულის“ კრისით დამთავრებული. ვიცოდი, რომ უკვე სოსო ვიყავი და ვერც სპარტაკი გავხდებოდი და ვერც კრისი, მაგრამ, მაინც რაღაცნაირად ვნატრობდი.


ერთხელ ოთახში ლამაზი ჩიტი შემოფრინდა. დედაჩემმა მითხრა, არ მოკლა და, რასაც სთხოვ, აგისრულებსო. დავიჭირე და ვინატრე, სოსოც ვიყო და ვინც მომეწონება, ისიც-მეთქი. ისევ და ისევ კრისი მედგა თვალწინ, რადგან მესტიაში დილა-საღამოს უჩვენებდნენ „შესანიშნავ შვიდეულს“. რუსულის ბაიბურში არ ვიყავი, მაგრამ ფილმის მთელი ტექსტი ზეპირად ვიცოდი და რუსულადაც „ვკრისობდი“.


მეორე დღეს ჩემმა ფრთოსანმა ისევ მომაკითხა, იგივე სურვილი ჩავუთქვი და ძაფი შევაბი ფეხზე, მესამე დღეს ისევ მოფრინდა და მესამე მოფრენაზე ნატვრის თვალი ან ნატვრის ხე ვინატრე. გავიდა რამდენიმე წელი და „კრისის“ ფორმაც ჩამაცვეს, ვინჩესტერიც დავიჭირე, მზეთუნახავი ლიკა ქავჟარაძეც მოვიტაცე რეზო გაბრიაძის ფილმში „სიყვარულო, ძალსა შენსა“ და მეოცნებე ელიოზსაც მე „ვეხმარებოდი“ ნატვრის თვალის ძებნაში.


პოპულარობის მიზეზი


„ნატვრის ხე“ სიღნაღში გადავიღეთ. აშკარად ვგრძნობ ახალგაზრდებისგან ყურადღების ცენტრში ყოფნას, ოღონდ, ეს მიკვირს: გვერდით მყავს სესილია თაყაიშვილი, ეროსი, რამაზ ჩხიკვაძე, ლიკა, სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე და, მაინცდამაინც მე მაკვირდებიან. მერე ვირწმუნე, რომ ძალიან მაგარი „კლიენტი“ ვიყავი. მიხარია ჩემი პოპულარობა, „მწანე კიტრივით“ მომაქვს თავი, ერთი სიტყვით, ჩემი მეგონა ქვეყანა...


მაგრამ, ერთ მშვენიერ დილას ჩემი ყურით მოვისმინე მწარე რეალობა: 14-15 წლის გოგოების გუნდი შემომყვა რაიკომის ბუფეტში. აღარ მიკვირს არაფერი, მივეჩვიე – მე ხომ ძაან მაგარი ტიპი ვარ და, უცებ, მესმის ჩურჩული: „ა, ეს ბიჭია წეღან რომ გითხარი, ერთ ჭამაზე შვიდ პორცია შნიცერსა ჭამსო“... – უი, თქვენს სოსოს... არადა, მე ნახევარი სიღნაღი მეცოდებოდა, რადგან მეგონა, რომ ჩემზე უიმედოდ იყვნენ შეყვარებულები...


***


მამაჩემი დიდი აღტაცებით უყვება დედაჩემს კუზანოვის მიღწევებზე: მკერდს ზრდის, აპატარავებს, ტუჩს, ცხვირს, ხელს, ყველაფერს ალამაზებს. ქალის კაცად ქცევაც შეუძლია და ნაძრახი ქალის ხელახლა ქალიშვილად გადაკეთებაცო. იმას თუ დააგრძელებსო? დაინტერესდა დედაჩემი. მაგი აღარაფერში მჭირდებაო – თავი იმართლა მამამ. მე მჭირდება, მეო, – ხმას აუწია დედაჩემმა. კი მაგრამ, ქალო, მარტო მე დავბერდიო? – ხმა აუკანკალდა მამაჩემს. ჰოდა, რო დაბერდი და ჯანი აღარ მოგდევს, მისთვის მჭირდება სწორედ – წესიერად ჩააფსამდი უნიტაზში და ცოტა შვება მექნებოდა საქმეშიო.


 

წყარო: თბილისელები