რის გამო გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან "ნაციონალებმა"

  • თბილისელები
  • 20 მაისი 22:11, 2018 წელი

2012 წლის სექტემბერში, ერთი მხრივ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა გრანდიოზული მიტინგები იმართებოდა მთელ ქვეყანაში, მეორე მხრივ, მთავრობის მხარდამჭერთა მიტინგები ეწყობოდა.

თუ პირველ ღონისძიებაზე ხალხი თავისი ნებით მიდიოდა, მეორეზე ხალხს ძალით კრებდნენ იმის შიშით, რომ თუკი მთავრობას არ დაუჭერდნენ მხარს, სამსახურიდან დაითხოვდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ერთი მიტინგიც და მეორეც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სხვადასხვა ტელევიზიების მიერ.
იმ პერიოდში მე გურიის ერთ-ერთი რაიონის სკოლის დირექტორი ვიყავი. მე და ჩემი კოლეგები გამგეობაში შეგვკრიბეს და გამოგვიცხადეს: მიშას მიტინგზე უნდა წახვიდეთო და თბილისში გამოგვაქანეს, თან დაგვემუქრა გამგებელი:


– იცოდეთ, შეგამოწმებთ და თუ მიტინგზე არ მიხვალთ და "მიშა, მიშას" არ იყვირებთ, სამსახურიდან მოგხსნითო...


თბილისში რომ ჩამოვედით და მიშას მიტინგზე მოგვიყვანეს, სადაც თითქმის სულ სიით მიყვანილი ხალხი იყო, იქიდან გავიპარე და "ქართული ოცნების" ზღვა მომხრეებს შევუერთდი, რომლებიც თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდნენ


"დამირეკოს გამგებელმა და მამოწმოს. მომიტინგეთა ხმას კი გაიგებს და ძალიან მიხვდება, რომელ მიტინგზე ვარ-მეთქი", – ვფიქრობდი ჩემთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შუა მიტინგის დროს მართლაც დამირეკა ჩვენი რაიონის გამგებელმა და მომიკითხა:


– მიტინგზე ვარ, მიტინგზე, ხომ გესმის, რა გნიასია. შენი ლაპარაკი არ მესმის და მერე დამირეკე-მეთქი, – მივუგე გამგებელს და ყურმილი უნდა გამეთიშა, რომ მიღრიალა:


– დეიწვი, ვაჟაია, დეიწვი. მიტინგზე კი ხარ, მაგრამ ბიძინას მიტინგზე გდიხარ. ტელევიზორთან ვზივარ და პირდაპირ ეთერში გხედავ დროშით ხელში. მაი ოცნების დროშას კი უკან გაგირჭობ, რომ ჩამოხვალ...
დროშა მართლა კინაღამ თავად გამგებელს გაურჭვეს არჩევნების შემდეგ, მაგრამ სკოლის დირექტორობიდან კი მართლა გამათავისუფლეს და მალევე აღმადგინეს, რადგან ხელისუფლება შეიცვალა.

წყარო: თბილისელები