"ჩემს მეგობარს არც სწყენია და არც სტკენია, თავში რომ წამოვარტყი"

  • სარკე
  • 18 მაისი 11:54, 2018 წელი

ბიზნესმენი და ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი, უსიამოვნებაში გაეხვა და სკანდალის გმირად იქცა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ ის თანამშრომელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მერე თავშიც ურტყამს ხელს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ ვიდეომასალასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას ან თავისუფლების ერთი წლით აღკვეთას გულისხმობს.


თამაზ ელიზბარაშვილი დარწმუნებულია და ამას “სარკესთანაც” აცხადებს, რომ ე.წ. შავ პიარს თვით ხელისუფლება უგორებს, რომელიც მას კრიტიკას არ პატიობს.


– ამ ყველაფერს ხელისუფლებას ვუკავშირებ, – გვითხრა ბატონმა თამაზმა, – მე უკვე კარგა ხანია, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ, მაგრამ ამავე დროს სამართლიან განცხადებებს ვაკეთებ. მათ იმ დაპირებებს ვახსენებ, რომელთა გამოც ქართველმა ხალხმა ისინი აირჩია. მათ კი ამომრჩეველი მოატყუეს.


მას შემდეგ, რაც ხელისუფლების კრიტიკა დავიწყე, ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი აღარ არიან. ჩემს ე.წ ფეისბუქლაივებში ეძებენ ისეთ ფრაზებს, რომელთა დამონტაჟებსაც შეძლებენ, რომ საზოგადოება ჩემ მიმართ უარყოფითად განეწყოს.


– ანუ ამბობთ, რომ ის ვიდეოები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დამონტაჟებულია?


– კონტექსტი დამახინჯებულია. ვიდეოში ჩანს, თითქოს მე კაცს შეურაცხყოფა მივაყენე და თავში წამოვარტყი. იცით, რეალურად რა მოხდა? ის კაცი არის ჩემი ერთ-ერთი ძველი და პატივსაცემი მეგობარი. უბრალოდ იმ დროს, როცა მე დახმარება ვთხოვე და მოვიდა, იყო უგონოდ მთვრალი, გალეშილი. ამის გამო ვუსაყვედურე და ვუთხარი, ასე რატომ მოხვედი-მეთქი და თავში წამოვარტყი ხელი.


ჩემგან ეს არც სწყენია და არც სტკენია. პარლამენტში ერთმანეთს ხოცავენ, პრემიერი დეპუტატებს აგინებს და ჩემს მეგობარს რომ თავში ხელი წამოვარტყი, ამის გამო მაკრიტიკებენ?!


– სწორედ თავში ხელის წამორტყმის გამო გამოძიება დაიწყო და თქვენ დაკითხვაზეც კი დაგიბარეს.


– დიახ, დამიბარეს და გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ჯარიმით ან თავისუფლების ერთი წლით აღკვეთით ისჯება. მე პირდაპირ ვამბობ, რომ ერთი თეთრის გადახდას არ ვაპირებ, რადგან ჩემი მეგობარი არ მიცემია და შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჯარიმის გადაუხდელობის გამო დამაკავებს, დამაკავოს! მე მზად ვარ ბრძოლისთვის.


– ცოტა ხნის წინ სხვა ვიდეოც გავრცელდა, სადაც თანამშრომელი გიყვებათ, რომ მის ნათესავს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, თქვენ კი ის ოჯახი საკმაოდ უხეშად მოიხსენიეთ. ზოგადად როგორი დამოკიდებულება გაქვთ თანამშრომლებთან?


– თანამშრომლებთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ასობით ადამიანი მყავს დასაქმებული და ჩემზე ცუდს არავინ იტყვის. ის ვიდეო, რომელიც თქვენ ახსენეთ, დამახინჯებულად მოჭრეს ხელისუფლების გოშიებმა.


მე მანდ ჯერ თანამშრომლებს მივესალმე, შემდეგ დავინტერესდი, რატომ იყო ჩემი თანამშრომელი მოწყენილი. როცა მან მითხრა, რომ მის ნათესავს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, აღვშფოთდი და ვუთხარი – ეს რა დედააფეთქებული ოჯახი ყოფილა-მეთქი.


ამის მერე ბავშვებს, რომლებსაც დედა მოუკლეს, გავუგზავნე ახალი ტანსაცმელი და თანხა. რადგან იმ უღირსმა კაცმა, რომელმაც ბავშვებს დედა მოუკლა, პატარებს ტანსაცმელიც კი დაუჭრა. მე არ მინდა, ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ყელს ჭრიან. ეს კრიმინალი კი ამ უსაქმურმა ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს.


– თავად ხომ არ გეგმავთ პოლიტიკაში წასვლას?


– ხელისუფლების ვალდებულებაა, საზოგადოება უკეთესად აცხოვროს. პირადად მე ამას ბიზნესით მშვენივრად ვაკეთებ. ასობით ადამიანი მყავს დასაქმებული და მათ საკმაოდ სერიოზული ანაზღაურება აქვთ.


მე ვარ ის ბიზნესმენი, რომელიც არ ერიდება და ღიად საუბრობს ხელისუფლების სუსტ მხარეებზე. სხვათა შორის, ფულადი ჯილდოც კი მაქვს დაწესებული იმ ბიზნესმენისთვის, რომელიც საჯაროდ, დაუფარავად იტყვის სიმართლეს ჩვენს ცუდ ხელისუფლებაზე.


– ამ ხმაურიანი განცხადებების გამო ოჯახში რას გეუბნებიან, მათ ხომ არ ექმნებათ პრობლემები?


– მე 10 შვილი მყავს – 9 ვაჟი და 1 ქალი. ისინი ისე მყავს აღზრდილი, რომ იციან მართალი სიტყვის ფასი. შვილები ჩემგან იღებენ მაგალითს და არა მარტო ისინი, ჩემი ნათესავებიც. ირგვლივ მყავს ადამიანები, რომლებიც სულს არ ყიდიან და მართალ სიტყვას ემსახურებიან.


– ცხოველთა თავშესაფარს რა ბედი ეწევა, რომლის დახურვითაც დაიმუქრეთ?


– არ ვიცი, ისევ გაურკვევლად ვარ. ამ დრომდე არ მაქვს ზუსტი პასუხი, რას ვიზამ. ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის. ამომივიდა ყელში ამდენი გინება! ტელეფონზე დამირეკონ და პირში მითხრან, მაგრამ ეგრე ვერ მიბედავენ.


40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თავშესაფრის შენახვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორჯერ ავაშენე თავშესაფარი, მეორედ – თბილისში სტიქიური უბედურების შემდეგ. რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული. დავიღალე, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ არის ღირსი, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ არ ვიცი, რას ვიზამ, ჩემო კარგებო.


– რამდენი ბინდარია თქვენს ცხოველთა თავშესაფარში?


– 380 ძაღლია, აქედან 318 – დიდი და 52 – ლეკვი, ასევე 2 მურა დათვი. ამ ცხოველებს, ბუნებრივია, საკვები სჭირდებათ. ასევე თავშესაფარში დასაქმებული მყავს 40 ადამიანი. მათ თუ ხელფასი არ მივეცი, ვერ დავავალდებულებ, რომ იმუშაონ.


მოხალისეებს ვეუბნები, რომ მოვიდნენ თავშესაფარში და მიიღონ მონაწილეობა ვოლიერების დასუფთავებასა და ძაღლების მოვლაში, მაგრამ მხოლოდ უცხოელი თუ მოვა, ქართველი არ კადრულობს. ისინი მხოლოდ ცხოველების ჩასაბარებლად მოდიან. ვეუბნები, რომ გამოვყოფთ ვოლიერს, მოვიდნენ და თვითონ მიხედონ საკუთარ ძაღლებს, დაუსუფთაონ მაინც, მაგრამ არ უნდათ, არ კადრულობენ.


– თქვენი უახლოესი გეგმები რას უკავშირდება, რას აპირებთ?


– რას ვაპირებ და, ჩემი ბიზნესის უფრო განვითარებას. შესაბამისად, ბევრი ადამიანის დასაქმებას. სწორედ ბიზნესის განვითარება ასაქმებს ხალხს და არა ადმინისტრაციული რესურსის გაზრდა თბილისსა და რეგიონებში. თუ არ იქნა ძლიერი ეკონომიკა, არ იქნება ძლიერი ოჯახები.


მათ, ვინც ჩემი ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული, ვურჩევ, შეეშვან ამ საქმეს. მე მადლობა არ მჭირდება, მაგრამ თუ ჩემ მიმართ მსგავსი შეურაცხმყოფელი სიტყვები არ შეწყდება, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს!

წყარო: სარკე