როგორ ავიცილოთ თავიდან საბედისწერო ქორწინება და როგორ უნდა ამოიცნოთ სასურველი ადამიანი მომავალი ოჯახური თანაცხოვრებისთვის

  • თბილისელები
  • 17 მაისი 15:35, 2018 წელი

ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და თვით განქორწინებაც კი, როგორც პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები ამბობენ, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს ბრალია, რომელიც გარშემო აკრავს თითოეულ ჩვენგანს.

მათივე თქმით, ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, ენერგეტიკული თვალსაზრისით, სწორედ ორი შეყვარებული ადამიანის ენერგიათა იმგვარი შერწყმაა, რომლის დროსაც წარმოიქმნება საერთო ენერგოველი, საერთო აურა და ეს იცავს და აახლოებს წყვილებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ოჯახიც მყარია და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებიც დალაგებული და მოწესრიგებული. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ, ქალბატონ ნათელას, რომელმაც ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი რჩევები მოგვაწოდა ოჯახური თანაცხოვრების სწორად წარმართვასა და სასიყვარულო ურთიერთობებში, იდილიის და ჰარმონიის შესანარჩუნებლად.


ნათელა: მართალია, ამბობენ, ცოლ-ქმრის ბედი ზეცაში წყდება და ყველაფერი ზევით იგეგმებაო, მაგრამ მე ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ჩემი მოსაზრება ეფუძნება იმ ცოდნას, რომელიც რუსეთში ცხოვრების დროს, გამოცდილი ეზოთერიკოსებისა და პარაფსიქოლოგებისგან მივიღე. მათ კურსებზე აქტიურად დავდიოდი, მაინტერესებდა ყველა დეტალი, რაც ადამიანის ბედნიერებას და რასაკვირველია, ოჯახურ ურთიერთობებს ეხებოდა. ამიტომ, ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მე რასაც ვამბობ, ეს ჩემი მოგონილი კი არ არის, სპეციალისტებისა და ამ საკითხში მცოდნე და ჩახედული ხალხის, ბევრჯერ გააზრებული, გამოკვლეული და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გამოტანილი დასკვნებია.


– ამბობთ, ცოლ-ქმრის ბედი ზეცაში არ წყდებაო. მაშინ, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, მისაღებია თუ არა მისთვის მისი რჩეული ენერგეტიკულად. იმასაც ხომ ამბობენ, სიყვარული ბრმაა და ყველაფერი გამართლებაზეაო?


– დაგეთანხმებით, სიყვარული ბრმაა, მაგრამ ადამიანს იმისთვის გაქვს ინტუიცია და გრძნობა, რომ აკონტროლო ემოციები, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო, ცოტა სხვისი აზრი და რჩევაც გაითვალისწინო და ისე შექმნა მყუდრო და მშვიდი ოჯახი. კისერს რომ წაიმტვრევენ, ამაზე მერე ფიქრობენ, დარდობენ და ზოგი ისეთ დეპრესიაშიც ვარდება, მტრისას. ვაღიარებ, სიყვარული წმინდა და სათუთი გრძნობაა. იმასაც არ უარვყოფ, რომ ამბობენ, შეყვარებული ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ვამჩნევო, მაგრამ, იმაზეც ხომ უნდა დაფიქრდეთ, რომ სწორედ ეს გრძნობა შეიძლება, გახდეს თქვენი დაღუპვის მიზეზი? ამიტომ, გირჩევთ, სანამ ყურებამდე შეყვარებული დაბრმავდებით და ფრენას დაიწყებთ, მანამდე დააკვირდეთ, მომავალი პარტნიორის ენერგეტიკულ თავისებურებებს. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ საბედისწერო ქორწინება და დაოჯახების შემდგომი სავალალო შედეგები, დამიჯერეთ, ასე უნდა მოიქცეთ. აქვე გეტყვით, ენერგეტიკული ველი არ იცვლება, ადამიანის ხასიათი კი შესაძლოა, შეიცვალოს დროთა განმავლობაში.


– ენერგეტიკული შეუთავსებლობა ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ კავშირზეც უარყოფითად აისახება?


– აქ საკითხი სხვაგვარად დგას. კერძოდ, სექსუალური გამოცდილება წყვილებს შორის თანდათან, დროთა განმავლობაში მოდის, მაგრამ საკუთარი ენერგეტიკული თავისებურებები ერთ დონეზე დგას და ვერსად გაექცევით. ანუ, ის არ იცვლება. სხვათა შორის, იმის გარკვევა, არის თუ არა მისაღები თქვენთვის თქვენი რჩეული, რთული არ არის. ყველაზე სახიფათო სიმპტომი ამ დროს ის გახლავთ, რომ მასთან ურთიერთობით კი არ უნდა იღლებოდეთ და იფიტებოდეთ, არამედ შვებას უნდა გრძნობდეთ და მშვიდდებოდეთ. ცოლქმრული ურთიერთობის დროს კი გადაღლა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ენერგეტიკულ დონეზე ერთმანეთს ვერ ეწყობით. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან იმაზე მეტ ენერგიას ითხოვს და იღებს, რისი მიცემაც თქვენ არ შეგიძლიათ. ამ დროს კონფლიქტური სიტუაციაც იქმნება და ხშირად ეს დაშორების მიზეზიც ხდება. მაგრამ, თუ წყვილს შორის ენერგიათა გადანაწილება, თანაბრძოლა ხდება, წარმოიქმნება საერთო ენერგოველი, საერთო აურა და ეს მათ იცავს უსიამოვნო შედეგებისგან. მათ შორის მეტი გაგება და შეთავსებაა, თუნდაც სექსუალური კუთხით. ასევე, უნდა აღვნიშნოთ მეუღლეებს შორის გათვალვა. შეიძლება ცოლმა ქმარი, ან პირიქით, ქმარმა ცოლი გაუცნობიერებლად ისე გათვალოს, რომ მისი ავადმყოფობაც კი გამოიწვიოს.


– ხშირად მსმენია, დავითარსე, ხელი არ მემართება, თითქოს ბედნიერების არხი მაქვს ჩაკეტილიო. ესეც ამის მიზეზია?


– რასაკვირველია. არ გინახავთ ადამიანი, რომელიც ამბობს, რაც ოჯახი დავანგრიე, იმის მერე თავს შედარებით დაცულად და მშვიდად ვგრძნობ, თითქოს ყველაფერში უფრო მეტად მიმართლებსო. ამას ამბობენ, მაგრამ ის კი არ იციან, რომ შესაძლოა ოჯახური თანაცხოვრების დროს, მათი წარუმატებლობის მიზეზი მეუღლის უბრალო გამოხედვაც ყოფილიყო. არავინ იცის, ვის როგორი თავალი აქვს, კეთილი თუ ბოროტი, მაგრამ ამას თანაცხოვრების დროს, საკუთარი დაკვირვებით გამოცდით. საერთოდ, სამყაროში ყველაფერი კანონზომიერად ვითარდება და წინ ვერავინ აღუდგება ამას. მაგრამ, თუ ელემენტარულ სიფრთხილეს და წინდახედულობას გამოიჩენთ, მით უმეტეს ოჯახის შექმნის დროს, მაშინ, სამომავლოდ, უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან. თუ ვიღაცის ბედია, რომ მას უნდა ჰქონდეს ავი თვალი, ამას ვერსად გაექცევა, ექნება ასეთი თვალი და მორჩა. ჩვენ ადამიანები, ხანდახან, ეჭვებითა და ბოროტი ზრახვებითაც ვეხმარებით ბოროტ ძალებს, რომ ჩვენში დამკვიდრდნენ. ეს შემდგომ თავადვე ცუდად გვიბრუნდება. ავი თვალი შესაძლოა ამ გზითაც გამოიმუშავოს ადამიანმა.


– ქალბატონო ნათელა, შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად განგვიმარტოთ, როგორ წარმოიქმნება ოჯახში ერთიანი ველი, რომელიც იდილიური ცხოვრების გარანტია?


– რასაკვირველია, ამასაც აგიხსნით. დღეს ბავშვსაც კი სმენია, რომ ყველა ადამიანს თავისი ველი აქვს. ეს მოციმციმე გარსი იქმნება ენერგიათა იმ ნაკადებით, რომლებიც ორგანიზმის ენერგეტიკული ცენტრებიდან გამოდის. სულ ადამიანს შვიდი ასეთი ცენტრი აქვს. თითოეული მათგანიდან გამოსული ენერგია ორგანიზმის გარშემო ძლიერ მოციმციმე, ვიბრაციულ შრეს ქმნის. მათ სხვადასხვა სისქე აქვთ. რაც უფრო კარგად მუშაობს ენერგოცენტრი, მით მეტად სქელია მისგან გამოსხივებული შრე. ცუდად მოქმედი ენერგოცენტრი კი თხელ, სუსტ და დაუცველ შრეს ქმნის. დეფექტური შრე მუდმივად საჭიროებს გარეგან კვებას. ასეთი კვება კი ხდება სხვისი ბიოველიდან. მეუღლეთა ბიოველები ერთმანეთს სწორედ ამ ენერგოცენტრების მეშვეობით უკავშირდება. როცა ეს კავშირი ჰარმონიულია, მაშინ ისინი იდილიურად ცხოვრობენ, არ ეკამათებიან ერთმანეთს, მეტია მათ შორის ურთიერთგაგება და სექსუალური ცხოვრებაც მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ, თუ ეს ასე არ არის, მაშინ ოჯახში ის ველი დარღვეულია. ამ დროს შეიძლება ცოლ-ქმარმა უმიზეზოდაც კი იჩხუბოს, იკამათონ, ვერ შეეწყონ ერთმანეთს ვერც ერთ ასპექტში. ამიტომ ვამბობ სწორედ, რომ როცა ოჯახი იქმნება, უპირველესი მნიშვნელობა აქვს იმას, ჩვენი მომავალი პარტნიორი ენერგეტიკულად თუ შეგვესაბამება და გამოგვადგება თუ არა ის ამ კუთხით საოჯახო თანაცხოვრებაში. საერთოდ, ადამიანის ყოველი ფიქრი, სიტყვა და აზრიც კი ენერგეტიკული ვიბრაციაა. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, ამა და ამ ადამიანის დანახვაზე გული შემიფრთხიალდა, თითქოს რეჩხი მიყო და სხვანაირად დაიწყო ძგერაო. ეს იცით რისი ბრალია?


– არ ვიცი. რისი ბრალია?


– რისი და, ამ დროს ხდება უბრალო ენერგეტიკული გაცვლა ორ ადამიანს შორის. ხშირად კი, ქალსა და მამაკაცს შორის ენერგოინფორმაციული ველის გაცვლა იმდენად ძლიერია, რომ მცირე დროში, ამ ორ ფიზიკურ სხეულს შორის ერთნაირი ენერგეტიკული გარსი იქმნება. ამგვარად შეყვარებული ორი ადამიანი კი ერთმანეთს, რომ იტყვიან, უსიტყვოდ უგებს.

წყარო: თბილისელები