"არ მგონია, მხოლოდ სხეულის ფორმებით მოვიგო ადამიანების გულები"

  • სარკე
  • 16 მაისი 17:15, 2018 წელი

მოცეკვავე ჯულიანა ბარგ-ნარმა 26 წლის ასაკში თავის ვიზუალსა და ნებისყოფაზე სერიოზულად დაიწყო მუშაობა. სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს და შედეგი უკვე თვალშისაცემია.

ჯულიანა დასახული მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. ცოტა ხნის წინ მან და ოთო ფოლადაშვილმა რუსეთში, ჩელიაბინსკში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე მე-8 ადგილი აიღეს. ეს მათთვის დიდი სტიმულია იმისთვის, რომ არ შეჩერდნენ და მსოფლიოს ტოპ 50-ეულში მოხვდნენ.


– ჩელიაბინსკში გამართულ საერთაშორისო კონკურსში 91 წყვილი მონაწილეობდა, – გვიამბობს ჯულიანა, – მე და ოთო საუკეთესო ათეულში შევედით და მე-8 ადგილზე გავედით. შეჯიბრებაში ტოპ 4 წყვილი მონაწილეობდა. ასეთ შემადგენლობაში მე-8 ადგილი მაგარი შედეგია.


რუსეთში ყოველთვის მაღალი დონის შეჯიბრებები ტარდება და ძლიერი წყვილები მონაწილეობენ. წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ კონკურსი რომ დაიწყო და მონაწილეები ვნახეთ, ყველანაირი შედეგისთვის მზად ვიყავით. ამიტომ ამ შემთხვევაში მე-8 ადგილი ძალიან კარგია.


– როგორი იყო ჟიურის შეფასებები და მაყურებლის ემოციები?


– მაყურებელი ოვაციებსა და დიდ სითბოს გამოხატავდა. ამას მაშინ აანალიზებ, როცა ცეკვავ და ხვდები, რომ მაყურებელი უშუალოდ შენ გიყურებს, შენს ნომერს ყვირის და ტაშს გიკრავს. როცა უცხოეთშიც ისეთივე სითბოს გრძნობ, როგორსაც საქართველოში, ძალიან სასიამოვნოა.


რაც შეეხება მსაჯებს, ყოველ შეჯიბრებაზე აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი პერსპექტიული წყვილი ვართ. უკეთესი შედეგები რომ დავდოთ, საერთაშორისო მსაჯებისგან ასეთი დამოკიდებულება უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს. ჩვენი ერთ-ერთი გეგმაა მსოფლიოს ტოპ 50-ეულში შესვლა, რისთვისაც ბევრ შეჯიბრებაში მონაწილეობა, საპატიო ადგილები და მეცადინეობაა საჭირო. მე და ოთო ვცდილობთ, ჩვენი ძალები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.


– ტოპ 50-ეულში რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს წყვილი უკვე მოხვდა და ამისთვის საქართველოდან კიდევ ბევრი იბრძვის.


– შედეგი რომ დავდოთ, ამისთვის მოთმინებაა საჭირო. გვერდით კი არა, მიზნისკენ, წინ უნდა იყურებოდე. მანამდე რა იყო, წარუმატებლობა თუ წარმატება, ამას მნიშვნელობა არ აქვს და ამაზე ფიქრი უკან გხევს. მიზანდასახულად უნდა იბრძოლო, ივარჯიშო და გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურები.


სიყვარულის გარეშე იმაზე ფიქრი, რომ ტოპ 50-ეულში შევიდეთ, უშედეგო იქნება. ცეკვა ხელოვნებაა და ამას დიდი სიყვარული სჭირდება. როცა საქმეზე არ ხარ შეყვარებული, შეიძლება ერთ დღეს დატვირთვამ გადაგღალოს კიდეც. სიყვარული სწორედ ის გრძნობაა, რომელიც სტიმულს გაძლევს და გაძლიერებს. ჩემი და ოთოს ცხოვრება საყვარელ საქმესთანაა დაკავშირებული.


– პირადი ცხოვრება როგორ აისახება თქვენს კარიერაზე?


– პირადი ცხოვრება ჩემს კარიერასთან არანაირ კავშირშია. ცეკვის სიყვარული სულ სხვაა.


– და მაინც, თქვენს ცხოვრებაში, საქმის სიყვარულის გარდა, არის სერიოზული გრძნობა, ვგულისხმობ მამაკაცის მიმართ?


– პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს ვსაუბრობ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი ხდება. კარიერა იმდენად მავსებს, რომ დისკომფორტს არ ვგრძნობ.


ხელოვნურად არასდროს არაფერს ვეძებ. თუ გვერდით მეყოლება ადამიანი, რომელთან ერთადაც ყოფნა მომინდება, დარწმუნებული ვარ, გამიგებს კიდეც იმაში, რომ ცეკვა ძალიან მიყვარს და ამ საქმეს უამრავი დრო სჭირდება. იმ ადამიანს უნდა შეუყვარდეს არა მხოლოდ ჯულიანა ბარგ-ნარი ან ჩემი ვიზუალი, არამედ ჩემი პრეისტორიაც. მოცეკვავე ვარ, ვგიჟდები ამ სფეროზე და ამას თუ ვერ გამიგებს, ვერც ჩემ გვერდით იქნება, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.


– მოცეკვავისთვის გარეგნობა უმნიშვნელოვანესია. იმისთვის, რომ თქვენი ვიზუალი სრულყოფილი იყოს, რა მეთოდებს მიმართავთ?


– რამდენიმე წლის წინ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ გარეგნობისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა, სწორი კვება და დამატებითი ვარჯიშები მჭირდებოდა, მაგრამ ახლა ასე არ არის. ჩემი მიზნისკენ სვლა სწორად დავიწყე. სწორი კვება ჩემი გარეგნობისთვისაც მნიშვნელოვანია და კარიერისთვისაც. თუ სწორი კვება ენერგიას გაძლევს, არასწორად კვება გართმევს.


მჭირდება ვარჯიშები გამძლეობისა და პლასტიკისთვის, რაშიც რამდენიმე მწვრთნელი მეხმარება.


დილაობით დავრბივარ. სირბილის შემდეგ თითქოს ტვინი სუფთავდება და, რაც ხდება, უკეთესად ვაანალიზებ. კუს ტბაზე, ბუნებაში მიყვარს სირბილი. შემდეგ კი სპორტულ ტანვარჯიშზე მივდივარ, სადაც მწვრთნელები ფიზიკური დატვირთვით მავარჯიშებენ და ვმუშაობთ გამძლეობაზე. ასევე მაქვს კლასიკის გაკვეთილებიც, სადაც პლასტიკაზე ვმუშაობთ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კარგ შედეგს მაძლევს.


ჭარბი წონის პრობლემა არასდროს მქონია, მაგრამ რაც გაწელვები გაძლიერებულად დავიწყე, ფეხებზე ცვლილება ვიგრძენი. კუნთის ფორმა შემეცვალა და ძალაც მომემატა. აქტიურმა ვარჯიშმა ჩემს სხეულს უფრო დახვეწილი ფორმები მისცა.


– თაყვანისმცემლებისგან როგორ კომპლიმენტებს იღებთ?


– ბოლოს რომ გამოვჩნდი პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები”, ისევ ის სითბო და სიყვარული ვიგრძენი, რაც რამდენიმე წლის წინ იყო. არ მგონია, მხოლოდ სხეულის ფორმებით მოვიგო ადამიანების გულები და ამხელა სიყვარული მოვიპოვო. არამხოლოდ ვიზუალი და ლამაზი ტანია მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი საყურადღებო მხარე ნამდვილად არის. მგონია, რომ თაყვანისმცემლებს ჩემში, ამ ყველაფრის გარდა, სილაღე მოსწონთ.

წყარო: სარკე