როგორ ქუდებს ატარებდნენ ქართველები - უძველესი ქართული მოდის უცნობი დეტალები

  • რეზონანსი
  • 9 მაისი 00:00, 2018 წელი

ქართულ ქუდსა და მანდილს განსაკუთრებული პატივისცემით და მოწიწებით რომ ექცეოდნენ ჩვენში, ეს ისტორიული წყაროებიანაც კარგად ჩანს.

ოდითგანვე ქუდი მამამკაცის ნამუსის, ხოლო მანდილი ქალის პატიოსნების სიმბოლოდ იყო მიჩნეული. დღევანდელ სტატიაში მკითხველს რამდენიმე საინტერესო მასალა გვინდა შევთავაზოთ ძველი ქართული ქუდებისა და თავსაბურავების ისტორიიდან.


ძველ ისტორიულ წყაროებში თავსაბურავი გვხვდება „საბურავის" და „სარქველის" სახელწოდებით. ქალის თავსაბურავს ერქვა „კობასტი", „მანდილი", „ლეჩაქი". იყო სამეფო და საქორწილო საბურავები, რომელსაც „გვირგვინს" უწოდებდნენ.


სასულიერო თავსაბურავს ერქვა „კუნკული", „მიტრი", „ჩაცი"; საომარ თავსაბურავს - „ჩაფხუტი", „ჩაჩქანი", „მუზარადი", რომელსაც ნაბდის შიდა ფენა ქონდა გამოკრული, დარტყმისგან თავის დასაცავად, ასევე „ზეჩი".


მე-12 საუკუნიდან გვხვდება თავსაბურავის სახელწოდება „ქუდიც", რომელიც ნაბდისგან და ტყავ-ბეწვისაგან იკერებოდა. მას „საჩეხიანი" და „აფროსანი" ერქვა. „საჩეხიანი" იყო კიდეებიანი, „აფროსიანი" კი - აკეცილკიდეებიანი.


იყო ასევე „თალაფაქი", რომელსაც სულხან-საბას ლექსიკონში „ქართული ქუდი" ჰქვია. ასევე „გრძელბეწოსანი", „ყურყუმის ქუდი", „კვერნის ქუდი", „ვეფხვის ტყავისა".


ქართული ქუდის ერთ-ერთი უძველესი სახეობა არის „ფაფანაკი", რომელიც მხოლოდ თხემს ფარავდა, ჰქონდა წრის ფორმა და თასმებით მაგრდებოდა ნიკაპის ქვეშ. იგი მზადდებოდა ნაბდისგან და ტყავისგან, ხშირად ძვირფასი ქსოვილისგან - ფარჩისგან იკერებოდა, რომელიც დაქარგული იყო. „ფაფანაკი" იმერული ქუდის სახელით შემორჩა ისტორიულ წყაროებში.


საქართველოს ხსვადასხვა კუთხეში თავსაბურავს სხვადასხვა სახელები ერქვა: ხევსურული სათაურა, ფშაური ჩიქოლი, ხელსახოცი, თავჩითა, თუშური კუჭურა, შუბლისკრავი, კოპნა, ჩიქილა, თავსაკონი, აჭარული თეფელუღი და სხვა.


საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში შემონახული ქალისა და მამაკაცის მრავალფეროვანი თავსაბურავებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მაინც „თავხურას" ეჭირა, რომელიც ქალის ეროვნული ჩაცმულობის - ქართული კაბის აუცილებელი ელემენტი იყო. ამ თავსაბურავში შედიოდა ჩიხტი-კოპი, ლეჩაქი, ბაღდადი.


მე-17-18 საუკუნის „მზითვის წიგნში" არაერთხელ არის ნახსენები ინდურ-სპარსული, ფრანგული და ინგლისური ქსოვილები, რომლისგანაც იკერებოდა ქართული კაბა, იგი ძირითადად ორი ნაწილისგან შედგებოდა: ზედატანი და ქვედატანი.


ზედატანი მორთული იყო გულისპირით, ორტოტა სარტყელით და სახელოებით - ყურთამჯებით. კაბის ზედატანი მჭიდროდ უნდა ყოფილიყო მორგებული და მისი გახსნილი ნაპირები ზონარებით დამაგრებული.


გულისპირის, სარტყელისა და სახელოსთვის ერთნაირი მასალა უნდა შეერჩიათ. გულისპირი იქარგებოდა „აბრეშუმის" ძაფისგან, ოქრომკერდი - მძივისგან. ამითვე უნდა გაწყობილიყო სარტყელი დ სახელოები.


განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცეოდ ფერს და ორნამენტს. ახალგაზრდა ქალისთვის მიღებული იყო თეთრი, ვარდისფერი, იისფერი, უნაბისფერი, ალუბსლისფერი, ლაჟვარდის ფერი. ხანში შესულისთვის თალხი ფერი. რაც შეხება ორნამენტებს, კაბა იქარგებოდა მუხის ტოტის ორნამენტით, ვაზი ყურძნითურთ, პურეულის ძნებით, ვარდებით, თვზებით და ფრინველებით.


კაბის ზემოდან დათბილული ქათიბი ეცვათ, მას სხვადასხვა ფერის ხავერდისგან ამზადებდნენ, სარჩულად კი აბრეშუმს ან ბეწვს უდებდნენ, საყელოსა და ნაპირის გარშემო შემოვლებული იყო ბეწვის არშია, ნაქარგით დამშვენებული. სახელოების ბოლოები „ყოშები" ნაქარგი კეთდებოდა ფერადი ძაფით, მძივებით, ზოგჯრ მარგალიტებით. ფეხზე ჭვინტინი ქოშები ეცვათ.


ამ კაბაში გამოწყობილ ქართველ ქალებს აუცილებლდ უნდა ეტარებინათ თავსაბურავი „თავხურა", რომელიც ორი ელემენტსგან შედგებოდა. ერთი ტულის თხელი ლეჩაქი, ამას ზემოდან აბრეშუმის „ბაღდადები". ლეჩაქის ქვეშ თავზე ჩიხტი ედგათ ზედ ნაქარგი თავსაკრავით. ჩიხტის შიგნით ბამბით გატენილ მორკალულ კოპს ადგამდნენ, რომ ზედ ქინძისთავით თავსაბურავი დაემგარებინათ.


ეს თავსაბურავი თავისებურ ვარცხნილობას მოითხოვდა - წინ ორ კავს, ხოლო უკან ორ ნაწნავს. ეს სტილი მხოლოდ თბილისში იყო გავრცელებული და ქალაქელი ქალები ატარებდნენ.


რაც შეხება მამაკაცის თავსაბურავებს, მე-19 საუკუნეში თავად-აზნაურები, თბილისელი მოქალაქეები, ყარაჩოხელები კრაველის მაღალ ქუდებს ატარებდნენ. სამოსი კი ძრითადად ჩოხა-ახალუხი იყო, თავისი ატრიბუტით: ვერცხლისთავიანი მასრები, ქილები ჩოხის საქილეებში ეწყოთ, ვერცხლის ნაწილებიანი ქამარი წელზე ეკეთად და ზედ ვერცხლის ქარქაშიან ხანჯალს და ხმალს ატარებდნენ. მგზავრობაში თბილი და წვიმარგაუმტარი ნაბადი ეხურათ, რომელიც უამინდობაში მხედართან ერთად ცხენსაც იცავდა.


რაც შეეხება საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულ თუშურ, ანუ კახურ და სვანურ ქუდებს, თუშური, ანუ კახური ქუდის ანალოგი ბედენის აკლდამაში აღმოაჩინეს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდს განეკუთვნება. კახური ქუდი მზადდებოდა ცხვრის ყელ-ყურის, შუბლის არიდან აპარსული მატყლით, სვანური ქუდი კი ფერდებიდან ან ზურგის არედან აპარსული მატყლით. ეს ითვლებოდა საუკეთესო მასალად ქუდის დასამზადებლად.


ქუდისთვის მონათელი საქუდე მასალა შოლტებად იჭრებოდა. ქუდს რკალი სამ ფენად უკეთდებოდა. მწყემსები ამ ნაკეცში ნემსსა და ძაფს ინახავდნენ, მას საშუბლე ერქვა. მის ზედა ნაწილს კი ყალამს ეძახდნენ, რომელიც სპარსულად ცას ნიშნავს. ამბობენ, აქედან მოდის ანდაზა „ცა ქუდად, არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო".


სვანური ქუდი ზოლ-ზოლად თეთრად და შავად შეფერადუბული შალის ქსოვილისგან იკერებოდა. ქუდის ზედა კიდეს ყაითანს შემოავლებდნენ, ზემოდან კი ჯვარს სახავდნენ. გრძელ ძაფს კი იმიტომ უკეთებდნენ, რომ ქუდის ხელში დაჭერა გაადვილებოდათ. ზოგჯერ ძაფით ქუდს სამოსზე იბნევდნენ.

წყარო: რეზონანსი