არავინ იცის საქართველოში რამდენი არალეგალია

  • რეზონანსი
  • 8 მაისი 23:54, 2018 წელი

საქართველოში არალეგალი მიგრანტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთული და შეუძლებელიც კია.

ფაქტია, ეს პრობლემა არსებობს ყველგან და ამის მოსაგვარებლად სხვადასხვა ქვეყნებში თანდათან ზომებს ამკაცრებენ. უცნობია, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო, არალეგალების რიცხვის შესამცირებლად ან კონტროლისათვის მაინც, როცა დემოგრაფები, ეკონომისტები და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები პრობლემის აქტუალობაზე ღიად საუბრობენ.


არალეგალური მიგრანტები ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენენ, როგორც ევროპის, ისევე აშშ-სთვისაც. ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაც მიმდინარეობდა, გერმანიიდან და იტალიიდან, იმავე ზომების გატარებაზე საუბრობენ შენგენის წევრი სხვა ქვეყნებიც. ამ ფონზე, საქართველოში ზუსტი ოფიციალური სტატისტიკის მოძიებაც კი შეუძლებელია, თუ რამდენი არალეგალურად მცხოვრები ადამიანია ქვეყნაში, ეს ქმნის არა მხოლოდ უსაფრთოების მხრივ პრობლემებს, არამედ სოციალური კუთხითაც. ქვეყნაში დასაქმება ისედაც რთულია და საშუალო ხელფასი საკმაოდ დაბალია, არალეგალები კი დამატებითი კონკურენციაა ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლებისათვის.


დიდ ქვეყნებში არალეგალი მიგრანტები იაფ სამუშაო ძალად ითვლება და ერთგვარ პლუსადაც კი ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოში კი ამის საჭიროება არც არსებობს, რადგან ჩვენთან ადგილობრივი მუშახელიც იაფია. უცხოური ფირმები (მაგალითად, "პუმა") სწორედ იაფი მუშახელის გამო ხსნიან საწარმოებს საქართველოში.


სტუდენტების, ტურისტების, ვიზიტორებისა და სხვადასხვა მიზნით ქვეყანაში მყოფი ადამიანების ფონზე, იზრდება არალეგალი მიგრანტების რიცხვიც, რომელთა შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მოპოვებაც კი რთულია, არათუ კონტროლის მექანიზმებზე საუბარი.


მადონა კიკალიშვილი ერთ-ერთ ორგანიზაციაში უკვე 10 წელია მუშაობს. მათთან დროთა განმავლობაში დადის ინდოელი, რომელიც სხვადასხვა სუვენირებითა და სამკაულებით ვაჭრობს. მას ქვეყანაში არც ბინადრობის უფლება აქვს და არც მოქალაქეობა, მაგრამ წლების განმავლობაში არავითარი პრობლემა არ შექმნია.


"10 წელია ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობ. ერთი ინდოელი დადის, რომელმაც ქართლიც კარგად იცის და როგორც თანამშრომლებმა მითხრეს დაახლოებით 15 წელია საქართველოშია. სუვენირებითა და ინდური სამკაულებით ვაჭრობს. როგორც ვიცი, არც ბინადრობის მოწმობა აქვს და მით უმეტეს არც მოქალაქეობა, მაგრამ ამბობს, რომ არავითარი პრობლემა არ შექმნია სამართალდამცველებთან.


ეს ადამინი პატიოსნად შრომობს, მაგრამ კანონს არღვევს. ხომ შეიძლება ასეთივე არალეგალი დანაშაულს ჩადიოდეს და დიდი პრობლემა შექმნას? ძალიან სამწუხაროა, რომ ამას არავინ აკონტროლებს. 15 წელი არ არის პატარა დრო", - ამბობს მადონა კიკალიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან".


ბრიგადის გენერალი, ამირან სალუქვაძე არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებით, ორ ძირითად პრობლემას ხედავს. პირველი - წმინდა უსაფრთხოების დარღვევის და მეორე - ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირის ფონზე, ადგილობრივ მუშახელთან კონკურენციისა.


"როცა მოქალაქე კვეთს საზღვარს, სპეცსამსახურებს ის უკვე კონტროლზე აჰყავთ. ალბათ არის რაღაც მცირე ნაწილი, რომელიც კონტროლს მიღმა რჩება ხოლმე. სრული კონტროლი რასაკვირველია რთულია. არის სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრები, რომლებიც თვლიან რომ კარი უნდა გავუღოთ ყველას და საქართველოში მიგრანტების ჩამოსვლას უნდა მივესალმოთ, რათა დასაქმდნენ და ა.შ. ეს გაუაზრებელი მიდგომაა.


ბევრ პრობლემასთან გვაქვს საქმე, დაწყებული წმინდა უსაფრთხოების საკითხიდან, რაც დღევანდელ მსოფლიოში მწვავედ დგას, ასევე ელემენტარულად სამუშაო ადგილების კუთხით. დიდ ქვეყნებს იაფი სამუშაო ძალა, არალეგალების სახით სჭირდებათ კიდეც. საქართველოში კი ჩვენი მოქალაქეების დასაქმების პრობლემაც კი ძალიან მწვავედ დგას და ამ დროს არალეგალური მიგრანტების თვითდასაქმება, რითიც ისინი კონკურენციას უწვენ ადგილობრივებს, უარყოფითი ფაქტორია.


გარდა ამისა, რეგიონში არსებობს ტერორიზმის დიდი საფრთხე და არავინ იცის ამ არალეგალებს რომელ ორგანიზაციებთან აქვთ კავშირი. სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რადგან საქართველო უცხოელებისათვის უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" სალუქვაძემ.


პოლიტოლოგი ვახტანგ მაისია კი ამბობს, რომ არალეგალი მიგრანტები და საზღვრის კონტროლი რომ დიდი პრობლემაა, ჩატაევის დაჯგუფების საქართველოში შესვლითაც დასტურდება.


"სახელმწიფო საზღვრის მონაცემები ჩვენთან პრინციპში არც არსებობს, მთლიანად მოშლილია ეს მიმართულება. რაც შეეხება მიგრაციის არალეგალურ ნაწილს, ეს ძირითადად მოდის ახლო აღმოასავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეს იზრდება და ეს ჩატაევის დაჯგუფების ამბავმაც ცხადყო.


ბუნებრივია, არალეგალური მიგრაცია საფრთხეა ქვეყნისათვის. მით უფრო იმ ფონზე, რა რეგიონშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს საქართველო შედის ისლამური სახალიფოს გავლენების ზონაში. ამ ტერიტორიებზე მათ აქვთ ვილაიეთები "გურჯისტანი" და "კავკაზი". შესაბამისად, სპეცსამსახურებისა და უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული სიფხიზლე და სიმკაცრეა აუცილებელი", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.


დემოგრაფი ანზორ თოთაძე მიგრანტების და მათ შორის არალეგალების მაღალ რიცხვს განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს. არსებობს საფრთხე, რომ ლეგალური ბინადრობისა და მოქალაქეობის მისაღებად ფიქტიური ქორწინებები გაიზარდოს.


"მიგრანტთა რიცხვი ძალიან მაღალია საქართველოში. აღრიცხვისა და ზუსტი სტატისტიკის გარდა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს ქუჩებში და დიდ სავაჭრო ობიექტებში თუ რამდენად ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა ქვეყანაში. მათი ნაწილი კი, რა თქმა უნდა, არალეგალია.


ორივე ფაქტორი (ლეგალური და არალეგალური იმიგრაცია), რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე და ქვეყნის ეროვნულ შემადგენლობაზე, რადგან ერთი მხრივ, ემიგრანტების რიცხვია მაღალი და ასევე შემოსული მიგრანტებისაც. სამწუხაროა ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ძირითადად, მხოლოდ ეთნიკური ქართველები ტოვებენ ქვეყანას.


საქართველოში მშენებლობის ტემპი მაღალია. თბილისსა და ბათუმში აშენებული ახალი კორპუსების რაოდენობითაც ჩანს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისათვის არ კეთდება. სოფლის მთელი მოსახლეობა რომ ჩამოვიდეს, მაინც არ იქნება შესავსებად საკმარისი. ფაქტია, ესეც სამომავლოდ მიგრანტებისთვისა, რომლებიც გამუდმებით შემოდიან ქვეყანაში.


აქვე არსებობს საფრთხე, რომ ლეგალური ბინადრობის მისაღებად ფიქტიური ქორწინებების რიცხვი გაიზარდოს. ამის შესახებ მუდმივად ვიგებთ ხოლმე, მაგრამ ოფიციალურად, რა თქმა უნდა, რთულია დადასტურება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თოთაძემ.

წყარო: რეზონანსი