რიყის უსახურ ნაგებობას ათეულობით მილიონს კიდევ დაახარჯავენ

  • რეზონანსი
  • 7 მაისი 10:40, 2018 წელი

მთავრობამ გადაწყვიტა რიყის დოქების მშენებლობა დაასრულოს და ყოვლად უსახურ პროექტს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი კიდევ დაახარჯოს.

მოსახლეობა და ასევე სპეციალისტებიც "დოქების" იგივე ადგილზე დატოვებას ეწინააღმდეგებიან. გამოსავალი მისი გარეუბანში გადატანაა. რიყის პარკში ე.წ. მუსიკისა და დრამის თეატრი, რომლის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, დღემდე უფუნქციოდაა. 


როგორც ცნობილი გახდა, მთავრობის გუნდში რიყის პარკის კომპლექსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის დასრულება გადაწყდა. რა თანხა დაიხარჯება პროექტის დასრულებაზე უცნობია, თუმცა როგორც ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ორიოდე წლის წინა პროექტის დასრულებისთვის საჭირო თანხად 35-40 მლნილარი დაასახელა.


"რიყის კონსტრუქციების ასე დატოვება როგორც ახლა არის, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. მოხდება მისი დასრულება, თუმცა რისთვის იქნება გამოყენებული, ამაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა კალაძემ.


"დოქების" ძველ თბილისში დატოვებას ეწინააღმდეგებიან არქიტექტორები. "რეზონანსთან" საუბრისას გიგა ბათიაშვილმა აღნიშნა, რომ რიყეზე მსგავსი შენობა-ნაგებობის არსებობა შეურაცხმყოფელია. რაც შეეხება გამოსავალს, მისი დაშლა და სხვა რომელიმე გარეუბანში გადატანა მარტივია.


"საერთოდ, არც უნდა განიხილებოდეს ამ შენობის არსებობა თბილისში, მით უმეტეს იმ უბანში სადაც ახლაა. მისი დემონტაჟი ჩვეულებრივადაა შესაძლებელი, რადგან ლითონის კონსტრუქციებია და მარტივია ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა. მაგალითად, თბილისის რომელიმე დასახლებაში, დიღომში გლდანში ან მსგავს უბანში. 


რიყეზე ასეთი შენობა-ნაგებობის არსებობა შეურაცხმყოფელია. ჯერ დაიშალოს გადაიტანონ სხვა ადგილას და შემდეგ იფიქრონ რაში გამოიყენებენ. მე ჩემი მოსაზრება მაქვს, სხვასაც ექნება ანალოგიური და როგორღაც მივალთ საღ აზრამდე მსჯელობის შემდეგ", - განუცხადა "რეზონანსს" ბათიაშვილმა. რიყის პარკში არსებული კონსტრუციის პერიფერიაში გადატანის მომხმრეა არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძეც.  საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შენობა საკმაოდ ცუდ ადგილასაა ყველა თვალსაზრისით.


"საკითხი აუცილებლად გადასაჭრელია. ჯართად რამდენ ხანს უნდა იყოს ეს შენობა. რიყეზე რა პროცესებიც განვითარდა, კრიტიკას ვერ უძლებს. ბარათაშვილის ხიდიდან ზემოთ რომ ავდივართ ავლაბრისკენ, ლამის გზაზე დევს ეს შენობა. ვფიქრობ, ეს კონსტრუქცია არის დასაშლელი და გადასატანი თბილისის რომელიმე გარეუბანში, ვარკეთილში გლდანში ან სხვაგან", - განუცხადა "რეზონანსს" ვარდოსანიძემ.


რიყის პარკში მუსიკისა და დრამის თეატრად მოხსენიებული კნსტრუქციის დასრულების მომხრეა სამართლის დოქტორი და სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი. მისი აზრით, სხვა უბანში შენობის გადატანამ, შესაძლოა, მინები დააზიანოს, რითაც შენობა აგებულია. რაც შეეხება კონსტრუქციის სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო 40 მილიონი, მას ამხელა თანხა გადაჭარბებულად მიაჩნია.


"ამ შემთხვევაში მე როგორც მოქალაქე, ისე დავაფიქსირებ ჩემს აზრს. უკვე დახარჯული უქმ ინვესტიციას, სჯობს, რაღაც დანიშნულება მიეცეს. არის კატეგორია, ვისაც ეს შენობა მოსწონს.  ვფიქრობ, დემონტაჟი გაუმართლებელია, უნდა დასრულდეს და მისცენ ისეთი დანიშნულება, რაც იქნება საუკეთესო გამოსავალი. იყო მოსაზრება, რომ  ყოფილიყო თეატრი, მაგრამ იქ პარკინგის საკითხიც მოსაგვარებელია, აუილებლად შეიქმნება საცობი. 


დასაკონსერვებელი ამ ობიექტს არაფერი ჭირს. რაც შეეხება ერთი უბნიდან მეორეში გადატანას, გასათვალისწინებელია შემდგომ რამდენად დაცული იქნება, ის შუშები ხომ არ დაზიანდება თავიდან აწყობის შემთხვევაში და ა.შ. ეს არ არის ფინური სახლი, რომ დაიშალოს და სხვაგან აიწყოს, თანაც არ არის იაფი საქმე. რაც შეეხება რემონტს, 40 მილიონის დახარჯვა ზედმეტი მგონია, თუკი საერთაშორისო დონის ლაბორატორიის მოწყობას არ აპირებენ. ეს თანხა არის სრულიად არაადეკვატური", - განუცხადა "რეზონანსს" ზაქაშვილმა.

წყარო: რეზონანსი