სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია 500 ლარით დააჯარიმა

  • imedinews.ge
  • 4 მაისი 11:11, 2018 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია “აიისას” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. “აიისა” 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის გამოსახვა არაეთიკური რეკლამაა.


საუბარია სექსუალური ხასიათის პროდუქციის შეფუთვაზე, რომელზეც თამარ მეფე, ქართლის დედა და ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებული ტექსტებია დატანილი.


მომჩივანი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური იყო.


მერიამ "აიისას" რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების შესაძლო დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 27 აპრილს შეუდგინა.


საქართველოს საპატრიარქომ 20 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბრენდ "აიისა"-ს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დასდო ბრალი. საქმე ეხება პრეზერვატივის შეფუთვას, რომელიც სხვადასხვა სახით არსებობს, მათ შორის ერთ-ერთ შეფუთვაზე თამარ მეფის ნახატია გამოსახული.


კომპანიამ 30 მარტს განაცხადა, რომ ის სამართლებრივ ბრძოლას იწყებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფისა და ქართლის დედის გამოსახვასთან დაკავშირებით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ. 


19 აპრილს პარლამენტთან კომპანია „აიისას“ წინააღმდეგ მდუმარე აქცია გაიმართა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge