როგორ შედგა თემურ ბაბლუანის სამწერლობო დებიუტი

  • თბილისელები
  • 4 მაისი 10:38, 2018 წელი

ცნობილი რეჟისორი თემურ ბაბლუანი ასეთ კურიოზულ ისტორიას იხსენებს: "მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც დავწერე მოთხრობა "რაჟდენი".

ის ჩემი ნათესავი, ვაჟკაცი კაცი იყო და მძღოლად მუშაობდა. სულ რაღაც სამიოდე ფურცელი გამოვიდა. მე მე-13 სკოლაში ვსწავლობდი და იმ გზაზე ყოველდღე დადიოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. გადავწყვიტე, მისთვის მეჩვენებინა ჩემი მოთხრობა. ერთ დღეს გავაჩერე და ვუთხარი:


– ბატონო კონსტანტინე, მოთხრობა დავწერე და მინდა, წაგაკითხოთ-მეთქი.
მან ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:


– შენ დაწერე ჩემი წასაკითხი მოთხრობაო?


შევბედე:


– ბატონო კონსტანტინე, იმსისქე წიგნებს წერთ და რა იქნება, რომ ჩემი სამგვერდიანი მოთხრობა წაიკითხოთ-მეთქი?


– კარგი. იქ, კოლხურ კოშკში მომიტანე, მხოლოდ, დააბეჭდინეო, – მითხრა და გზა განაგრძო.
მე დავბეჭდე მოთხრობა და ბატონ კონსტანტინეს მივუტანე კოლხურ კოშკში. გავიდა მრავალი წელი. ბატონი კონსტანტინე უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა მოთხრობა "რაჟდენი", ბოლოში ასეთი მინაწერით: ეს მოთხრობა დიდი მწერლის არქივში აღმოვაჩინეთ და ავტორს ვთხოვთ, გამოგვეხმაუროსო...


აი, ასე კურიოზულად შედგა ჩემი სამწერლობო დებიუტი."

წყარო: თბილისელები