პროდუქციის გაიაფება მოსალოდნელი არ არის

  • რეზონანსი
  • 4 მაისი 10:30, 2018 წელი

ოფიციალური სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ფასები მცირდება და პროდუქცია იაფდება. რეალურად, არავითარი ამის მსგავსი სამომხმარებლო ბაზარს არ ეტყობა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, დეფლაციური პროცესი დიდხანს არ გასტანს. ეროვნული ვალუტა იმდენად მერყევია, რომ საკუთარი პროდუქციის გაიაფებას ვერც იმპორტიორები რისკავენ და ვერც ადგილობრივი მწარმოებლები.


"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილსა და მარტში ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდებოდა, რამაც გარკვეულ პროდუქტებზე ფასი შეამცირა. მაგალითად, გაიაფდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 0.4%-ით, ალკოჰოლური სასმელები - 0.3%-ით, ტანსაცმელი - 1.4%-ით, კავშირგაბმულობა - 0.3%-ით, ხოლო ტრანსპორტი - 0.4%-ით. ეს მონაცემები შედარებულია იმავე წლის იანვრისა და თებერვლის მაჩვენებელთან.


აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მარტსა და აპრილში დეფლაციის მაჩვენებელს ეთანხმება, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების სისწორე მაინც აეჭვებს. "რეზონანსთან" საუბრისას ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ბოლო 2 თვის დეფლაცია მოკლე ეფექტის მქონე იყო, რაც ლარის გაუფასურებასთან ერთად დასრულდა. რაც შეეხება ფასების კლებას, ის სამომხმარებლო ბაზარზე სწრაფად არ აისახება. საპირისპირო მდგომარეობაა ინფლაციის შემთხვევაში. მაშინ პროდუქტი მომენტალურად ძვირდება.


"სტატისტიკურ მონაცემებს შეიძლება დავეთანხმოთ იმ კუთხით, რომ ბოლო პერიოდში ლარი ცოტათი გამყარდა, თუმცა აღდგომის შემდეგ ისევ გაუფასურდა. რამდენადაც მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში სწრაფად გამყარდა და 2.40-საც კი ჩამოსცდა, შესაძლოა, სტატისტიკურ მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დოლარზე ვყიდულობთ და შემოგვაქვს დიდი რაოდენობით პროდუქტი. სწორედ ეს გახდა მოკლევადიანი დეფლაციის მიზეზი.


ახლა კი ჩვენ ვხედავთ, რომ დოლარმა ისევ დაიწყო აღმასვლა, შესაბამისად, გაიაფებაც შეჩერებულია. საერთოდ, სამომხმარებლო ბაზარს აქვს ასეთი თვისება: როდესაც იწევს ფასი, ის, როგორც წესი, მოკლე პერიოდში დაბლა არ ჩამოდის.


ყველას მოეხსენება, როგორი ინფლაცია იყო შარშან. შესაბამისად, ბიზნესი ძალიან ფრთხილობს. ამიტომ დეფლაციის ტენდენციაც არ გაგრძელდება. მით უმეტეს, თუკი კურსი ამ მაჩვენებელზე დარჩება, რაც დღესაა. იმ შემთხვევაში, თუ 2.40-იან ნიშნულს ჩამოსცდება, შესაძლოა, აისახოს ბაზარზე", - განუცხადა "რეზონანსს" სილაგაძემ.


ქვეყანაში დეფლაციის არსებობას, მით უმეტეს მარტ-აპრილში, გამორიცხავს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, შეიძლება მოკლე დროში გარკვეული პროდუქტის ფასი გაიზარდა ან შემცირდა, მაგრამ ეს ვერ იქნება მთელი წლის ორიენტირი, რადგან ვითარება სეზონურად ძალიან ბევრი კუთხით იცვლება.


"დეფლაცია არ გვაქვს ქვეყანაში, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. პირიქით, ინფლაცია გვაქვს, რომელიც იზომება წლიურ ჭრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მით უფრო სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ცვლილებაზე საუბარი ზედმეტია. დაზუსტებული ინფორმაციისთვის ამას უნდა შევხედოთ წლიურ ჭრილში. ამ თვალსაზრისით ინფლაცია არის მიზნობრივ მაჩვენებელთან, თუმცა ბაზარზე პროდუქციის ფასი მაღალი რჩება", - განაცხადა გვიდიანმა.


2018 წლის მარტისა და აპრილის დეფლაციაზე ისაუბრა "რეზონანსთან" ეკონომისტმა ემზარ ჯგერენაიამ. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული საქონლის ან მომსახურების მიმართ დეფლაცია შეიძლება მართლაც იყოს, მაგრამ მას თავისი პლუსი და მინუსიც აქვს. რამე გასახარი და კარგი მომენტი აქ არ არის, რადგან დეფლაცია წარმოების შეფერხებასაც ნიშნავს. თანაც სტატისტიკური მონაცემები ფასებზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე უცებ არ აისახება. ფასების ნამდვილად შესამცირებლად გაცილებით მეტი დროა საჭირო.

წყარო: რეზონანსი