საქართველო–სომხეთის საზღვარი პარალიზებულია – პოლიტიკური კრიზისის ეკონომიკური შედეგი

  • M2B
  • 2 მაისი 15:14, 2018 წელი

სომხეთში უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები პარალიზებულია. გადაადგილება შეწყდა საბაჟო–გამშვები პუნქტზე ნინოწმინდაშიც.

სასაზღვრო პუნქტის ქართულ მხარეს ათზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. მძღოლები საზღვრის მეორე მხარეს ვითარების განმუხტვის მოლოდინში არიან.


ნინოწმინდის სასაზღვრო პუნქტის სომხურ მხარეს გზა საპროტესტო აქციის მონაწილეებს აქვთ ჩაკეტილი.


„საქართველოს საბაჟო ჩვეულებრივ, 24/7 რეჟიმში მუშაობს, მაგრამ მიმოსვლა შეჩერებულია საქართველო–სომხეთის ნინოწმინდის საბაქო–გამშვებ პუნქტზე. ამის მიზეზი სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებია, რის გამოც გადაკეტილი აქვთ სასაზღვრო პუნქტის მიმდებარე ტერიტორია. შესაბამისად, ვერც სომხეთიდან ახერხებენ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას და საქართველოს მხრიდანაც დაახლოებით 10 სატვირთო მანქანაა გაჩერებული, რომელიც ელოდება ვითარების განმუხტვას. მათი მძღოლები თავს იკავებენ საზღვრის გადაკვეთისგან, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამჯობინებენ ლოდინს“, – უთხრა M2B-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.


მანამდე, სომხეთში ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტმა გაფიცვა გამოაცხადა. ამის შესახებ ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გამოჩნდა.


„ყველამ დაინახოს, რომ მშრომელებიც ვიბრძვით. არა მხოლოდ პენსიონერები და უსაქმურები, არამედ მშრომელებიც მონაწილეობენ. ვინც ამ ქვეყანაში საკუთარ თავს პატივს სცემს, უნდა იბრძოლოს, ვიდრე ეს ხელისუფლება არ წავა“, – ამბობს ზვარტნოცის აეროპორტის ერთ–ერთი თანამშრომელი.


თბილისის საერთშორისო აეროპორტში M2B-ს უთხრეს, რომ სომხეთის აეროპორტიდან რეისების მიღების თხოვნით ჯერ არ მიუმართავთ.


 

სრული ვერსიის ნახვა M2B