"ჩემს რძლობაზე რომ უარი თქვეს, იმის გამო, რომ მამა მყავდა ნარკომანი"

  • თბილისელები
  • 27 აპრილი 13:59, 2018 წელი

ბევრს ჰგონია, რომ მომღერალი ნინი ქარსელაძე გათამამებული გოგონაა, თუმცა, მის ცხოვრებაში იდგა ურთულესი დღეები, როცა იმ რეალობასთან შეჯახება და დედასათან ერთად გადატანა მოუწია, რაც მისი ასაკისთვის ადრე იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და ფიქრობს რომ, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, მაინც გაუმართლა.


ნინი ქარსელაძე: ბავშვობიდან დედაჩემი და ბიძაჩემი სულ მანებივრებდნენ. ერთი გოგო ვყავდი და თან, პირველი შვილი და განსაკუთრებულად მეპყრობოდნენ. მამის გარეშე ვიზრდებოდი და მთელი ყურადღება და სიყვარული ჩემზე გადმოჰქონდათ. ხათუნა სულ ცდილობდა, ბავშვობაში პრინცესული ცხოვრება, რაღაცნაირად, დაებალანსებინა და პატარა ასაკიდან მიმაჩვია, რეალობისთვის თვალის გასწორებას. რამეს თუ ვთხოვდი, მეუბნებოდა: დაიმსახურე, კარგად ისწავლე და გექნება. ანუ, თუ კარგი ნიშნები მექნებოდა, ოჯახში სურვილს შემისრულებდნენ. მკაცრი დედა იყო და არ უნდოდა, განებივრებული და გათამამებული გოგო ვყოფილიყავი. ცდილობდა, სამყარო რეალურად აღმექვა და არა ვარდისფერში.


– თუმცა, ყველას ჰგონია, რომ გათამამებული, განებივრებული გოგო ხარ და ყველა სურვილს გისრულებენ. რეალურად, ეს ასე არ არის?


– მისრულებენ, მაგრამ ყველაფერს დამსახურებულად ვიღებ და ეს, არ არის დაუმსახურებელი კეთილდღეობა. თუ არ დავიმსახურებდი, არ მექნებოდა და დედა ამით ცდილობდა, არ გავთამამებულიყავი და სხვანაირ გოგოდ არ ჩამოვყალიბებულიყავი. თუმცა, ამას მერაბზე ვერ ვიტყვი. ახლა, როცა გავიზარდე, რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება შეიცვალა და მე და ხათუნა უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე დედა-შვილი. ყველა სიტუაციაში მის გვერდით ვიყავი და ბევრი რამ ერთად გამოვიარეთ. მყავს ბევრი საყვარელი ადამიანი, ბევრიც ცხოვრებამ გაფილტრა და ასეც უნდა მომხდარიყო. დღეს სანდო ადამიანები შემომრჩნენ გვერდით და მათ არასდროს დავკარგავ.


– დამეთანხმები, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ლაღი და ბედნიერი ბავშვობა გქონდა, თუმცა იყო ძალიან რთულად გადასატანი დღეებიც, ხომ ასეა?


– ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ბევრი რთული დღეებიც გამოვიარე. იმდენად რთული, რომ ეს ბევრისთვის წარმოუდგენელია. თუნდაც, მამის დაჭერა. ამის გახსენება და მით უმეტეს, ამაზე საუბარი, არ მიყვარს. მადლობა ღმერთს, დიდი განსაცდელი არ მქონია, თუმცა, ბოლო პერიოდში, დავკარგე ჩემი უსაყვარლესი ადამიანი – ბიძაშვილი, და ეს შოკი ვიდრე ცოცხალი ვარ, არასდროს დამავიწყდება. ზოგადად, მეშინია ჩემი სიზმრების, ყოველთვის მიხდება. ერთი კვირა საშინელ სიზმრებს ვხედავდი. ვერ ვხვდებოდი, რას უკავშირდებოდა, რაზე მიმანიშნებდა. გაღვიძების შემდეგ, კარგა ხანს ისევ სიზმრის ქაოსი და საშინელი განცდა მომყვებოდა. ჩემი ბიძაშვილი რომ გარდაიცვალა, მერე დავაკავშირე ჩემი ეს ერთკვირიანი სიზმრებით ტანჯვა ამ ამბავს.


– ყველაზე მეტად რას ნანობ ცხოვრებაში?


– დედაჩემი სულ მასწავლიდა, რომ არაფერზე ვინანო, რაც წარსულს ჩაბარდა, და მართლა არაფერს ვნანობ. თუ შეცდომა დამიშვია, ამ შეცდომებზეც ბევრი რამ ვისწავლე და გამოცდილება მივიღე. ასე რომ, კი არ ვნანობ, მიმაჩნია, რომ კარგია, ის შეცდომებიც რომ იყო ჩემს ცხოვრებაში.


– ბოლო დროს, აქტიურად ჩანხარ ტელევიზიით და შენს აზრს აფიქსირებ დეკრიმინალიზაციის საკითხზე.


– თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას, ეს საკმაოდ აქტუალური და მტკივნეული თემაა. მიმაჩნია, რომ თაობებს გაფრთხილება უნდა. გავიგე, რომ დეკრიმინალიზაციას რაღაც პროცესები მოყვება, მაგრამ პასუხი – რომ თაობა შეეწირება და შემდეგ დალაგდება, ჩემთვის მიუღებელია. მამაჩემის თაობა შეეწირა და აღარ მინდა, ჩემი თაობაც ნარკოტიკებმა დაღუპოს. ყველამ კარგად იცის, რომ მამაჩემის თაობა გამორჩეული იყო, თუნდაც, ვიზუალურად, განათლებით, მსოფლმხედველობით, ოჯახიშვილობით – ყველაფრით და მათი ცხოვრება ისე წავიდა, რომ ნახევარზე მეტი გარდაცვლილია და ვინც ცოცხალი დარჩა, მათთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ყველა სარეაბილიტაციო პროგრამაშია და წამლებს იღებს. ღმერთმა ყველა დაიფაროს და, ალბათ, ასეთი ადამიანი უნდა გყავდეს სახლში, რომ მიხვდე, რეალურად რა პრობლემასთან გაქვს საქმე. ეს, არ არის გამოსასწორებელი მეთოდი და თუ ვინმე ასე უყურებს, რომ წამლის დალევით პრობლემა გადაწყდება, ძალიან ცდება. მით უმეტეს, ექიმებისგან ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდი წამლები შემოდის – იწვევს დეპრესიას, ფიზიკურ აშლილობას, ადამიანს მორალურად და ფიზიკურად ანგრევს და ეს, არ არის ჩემი დასკვნა. კლუბური ნარკოტიკიც რატომ გაიმიჯნა სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან, ვერ ვხვდები. ჩემთვის ყველა ნარკოტიკი, ნარკოტიკია. მომხრე ვარ, რომ პატარა დოზებზე არ უნდა იჭერდნენ, მაგრამ ეს რეგულაცია, ჯერჯერობით, ჩვენს სახელმწიფოში არ არის მისაღები, რადგან არ გვაქვს გამოსასწორებელი ცენტრები.


– მამა იყო ნარკოდამოკიდებული. ეს მისი გატაცება რამდენად აისახა შენს პირად ცხოვრებაზე? როგორც ვიცი, საყვარელი ბიჭის ოჯახმა, შენს რძლობაზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ ნარკომანის შვილი იყავი. ასეა?


– ის აზრი, რომ ნარკოდამოკიდებული მხოლოდ საკუთარ თავს უშავებს, არასწორია. უპირველესად, ის უშავებს თავის ახლობლებს, ოჯახს და გარშემო მყოფ ადამიანებს, შემდეგ – თავის თავს. ნარკოდამოკიდებულებას ძალიან დიდი ტკივილი და ტანჯვა-წამება მოაქვს. „კარგი რა, მოდი, თავი დავანებოთ, ის თავის თავს ვნებს“ – ეს არასწორი მიდგომაა. დიახ, ბევრ ადამიანს უშავებს და განსაკუთრებით, თავის ოჯახის წევრებს. ჩემს რძლობაზე რომ უარი თქვეს, იმის გამო, რომ მამა მყავდა ნარკომანი, მაშინ მეწყინა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, სხვანაირად ვხედავ. სასაცილოა, რატომ უნდა თქვა იმ ადამიანზე უარი, ვინც ნარკომანის შვილია? თან, ეს სერიოზული გრძნობა არც ყოფილა, პატარა ვიყავი და შესაბამისად, ჩემს პირად ცხოვრებაზე არ იმოქმედა, მაგრამ სხვა რაღაცებზე იქონია გავლენა. მამის ნარკოტიკებით გატაცებამ ჩემს ცხოვრებას ცუდად დაასვა დაღი. რომ დაიჭირეს, ტელევიზიით გამოაცხადეს


– ნინი ქარსელაძის მამა დაიჭირეს ნარკოტიკებზეო. გარდატეხის ასაკში ვიყავი და არც კი ვიცოდი, ნარკომანი რას ნიშნავდა. რასაკვირველია, ამან ცუდად იმოქმედა ჩემს ფსიქიკაზე. გავიდა წლები და მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი ჯვარი, რომელიც უნდა ვატარო და ისე სულაც არ ვხედავ, რომ რაიმე შეურაცხმყოფელია. ზოგადად, ბევრი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში რთულად გასავლელი, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული ვარ, ყველა დაღმართს აღმართი მოჰყვება და განსაცდელის პერიოდს სწორი და გააზრებული გავლა სჭირდება, რომ მომავალში წარმატებული გახდე. კიდევ ვამბობ, დედამ ბავშვობიდან ყველაფერი სწორად ამიხსნა და მასწავლა, როგორ ვიარო ისე, რომ არ დავნებდე, გადავლახო სირთულეები და წინ წავიწიო ცხოვრებაში.


– შენს წრეში არიან ნარკოდამოკიდებული მეგობრები?


– სამწუხაროდ, ძალიან ბევრი და გული მტკივა.


– ნინი, რუსეთში აპირებდი წასვლას და იქ კარიერის აწყობას. რატომ გადადე გამგზავრება?


– დიახ, ვაპირებდი და ისევ ვგეგმავ. უბრალოდ, დროში გამეწელა, რადგან საბუთებს ვაგვარებ, რომელიც იქ დამჭირდება. თან, ახალ სიმღერებზე ვიწყებ მუშაობას და სექტემბრამდე აქ ვიქნები. კახა ხოშტარიასთან ერთად ვაკეთებ ახალ პროექტს, ეს იქნება ქართული სიმღერების რიმეიქი და არანაირი უცხოური ქავერი, განსხვავებული, დიჯეისთან ერთად. მოკლედ, ზაფხულში, ახლებურად წარვდგები მსმენელის წინაშე და მერე, რუსეთში გავემგზავრები.

წყარო: თბილისელები