ბოსტნეულისა და რძის ნაწარმის ფასით საქართველომ ევროპას გაუსწრო

  • რეზონანსი
  • 26 აპრილი 12:09, 2018 წელი

მომსახურებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ძირითადი საკვები პროდუქტები თბილისში, ევროპულთან შედარებით, ძვირი ღირს.

ეს ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა რძის ნაწარმი და ბოსტნეული, რითაც მეტ-ნაკლებად თვითკმარი ქვეყანა ვართ. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი ფასებზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთი ტექნოლოგიური ეპოქით ჩამოვრჩებით მოწინავე ქვეყნებს, რომლებსაც შრომის მწარმოებლურობა აგრარულ სექტორში 50-60-ჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე საქართველოშია.


"რეზონანსმა" ძირითდი პროდუქციის ფასები გამოიკვლია და ევროპულს შეადარა. 1 ლ რძე ქართულ ბაზარში 2,5-3 ლარი ღირს, 1 კგ კარაქის ფასი 22-24 ლარია, იოგურტი (500 გრ) 3,2 ლარი ღირს, არაჟანი (400 გრ) - 3 ლარი. კარტოფილი დაახლოებით 1 ლარად იყიდება, ახალი კარტოფილი კი 2,5 ლარი ღირს, ამდენივეა კიტრის ფასი, პომიდორი - 3 ლარია, კომბოსტო - 0,70 ლარი, სტაფილო 1,5 ლარად იყიდება. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტის გასაშუალებული ღირებულებაა აგრარულ ბაზარსა და მაღაზიებში წარმოდგენილი საქონლის დაკვირვების საფუძველზე.


ამ დროს ევროპის ერთ-ერთ უძვირეს ქალაქში - ბრიუსელში - მომხმარებელი რძის ნაწარმსა და ბოსტნეულში უფრო ნაკლებს იხდის, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. აღმოჩნდა, რომ ბელგიის დედაქალაქის სუპერმარკეტებში 1 ლ რძის ფასი 0,6 ევროა, ანუ 1,80 ლარი, იოგურტი (500 გრ) 0,45 ევრო ღირს (1,35 ლარი), 1 კგ კარაქის ფასი 6,50 ევროს (19,5 ლარი) შეადგენს.


რაც შეეხება ბოსტნეულს, ახალი კარტოფილის ფასი 0,60 ევროა (1,80 ლარი), 1 კგ კიტრი 1,30 ევრო ღირს (4 ლარი), პომიდორი 1,45 ევროდ იყიდება (4,40 ლარი), კომბოსტოს ფასი 0,65 ევროს (1,90 ლარს) შეადგენს, ხოლო სტაფილოსი - 0,50 ევროს (1,50 ლარი).


გაცილებით სიიაფეა პოლონეთის დედაქალაქში. ვარშავის სუპერმარკეტებში 1 ლ რძის ფასი 1,69 ზლოტია, ანუ 1,20 ლარი, არაჟანი (200 გრ) 1,19 ზლოტი ღირს (0,85 ლარი), იოგურტი (400 გრ) 1,59 ზლოტია (1,13 ლარი), ხოლო 1 კგ პომიდვრის ფასი 3,90 ზლოტს (2,75 ლარს) შეადგენს, ახალი კარტოფილი 2 ზლოტი ღირს (1,42 ლარი) და ზუსტად ასეთივე ფასი ადევს კომბოსტოსაც. ამდენად, კომბოსტოსა და კიტრის გარდა, უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ფასებს ვუსწრებთ.


ბოლო პერიოდში საქართველოში გაძვირებაზე გარკვეული გავლენა ლარის დევალვაციამაც მოახდინა. საყურადღებოა ისიც, რომ ჩვენში რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიც იწარმოება, იმდენივე იმპორტი შემოდის. უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტს ემატება საბაჟო მოსაკრებელი, იმპორტის გადასახადი, მოგება, ტრანსპორტირება და, საბოლოო ჯამში, სურსათი ძვირდება.


თვალსაჩინოებისთვის პოლონეთის მაგალითიც კმარა. აშკარად ჩანს, რომ ბოსტნეულისა და რძის ნაწარმში ქართველი მომხმარებელი იხდის გაცილებით მეტს, ვიდრე ვარშავაში, რომელიც საშუალო ევროპულ ქალაქად მიიჩნევა მაშინ, როცა ცხოვრების დონით პოლონეთს საქართველო ბევრად ჩამორჩება. როგორც ცნობილია, მოსახლეობის 2/3-ს 800 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი და ძალიან დიდ ნაწილს ყოფით პრობლემებთან გამკლავება უჭირს.


სპეციალისტები ადგილობრივი პროდუქტის სიძვირეს (ამ შემთხვევაში რძის ნაწარმისა და ბოსტნეულის) აგრარული სექტორისა და, ზოგადად, აგროსამრეწველო პროდუქციის წარმოების პირობებს უკავშირებენ.


როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, ევროკავშირის პოლიტიკა მიმართულია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს სუბსიდირებით, რის შესაძლებლობასაც საქართველოს სუსტი ეკონომიკა მოკლებულია.


"ჩვენი შიდა წარმოება დაახლოებით 40-45%-ს შეადგენს, დანარჩენი იმპორტირებულია. როცა დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო და სხვა დამატებით ხარჯს ზრდის, რაც საბოლოო ღირებულებაზე აისახება. საქართველოში განვითარებული არ არის სპეციალიზებული მსხვილი ფერმერული თუ კოოპერატიული მეცხოველეობის პროფილის საწარმოები (1-2 ამინდს არ ცვლის), ინდივიდუალური წარმოება კი გაცილებით შრომატევადია, ხარჯიანი და თვითღირებულებაც მაღალია.


ევროპულ ფასებს კონკურენციას ვერ ვუწევთ. ფაქტობრივად, ერთი ტექნოლოგიური ეპოქით ჩამოვრჩებით სხვა მოწინავე ქვეყნებს, რომლებსაც შრომის მწარმოებლურობა აგრარულ სექტორში 50-60-ჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე საქართველოშია.


მნიშვნელოვანია მსხვილი საწარმოების განვითარება როგორც მეცხოველეობის, ასევე ბოსტნეული კულტურების მიმართულებით. ჩვენ ყოველწლიურად შემოგვაქვს დაახლოებით 75 ათასი ტონა ხორცი და ადგილობრივი წარმოება აბსოლუტურად კონკურენტუუნაროა", - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ.


სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხელშეწყობის მექანიზმი უნდა არსებობდეს, რაც სასოფლო-სამეურნეო სექტორში წარმოების ზრდას სტიმულს მისცემს. ასეთი, სტატისტიკოსის შეფასებით, შეიძლება იყოს მთის კანონი, რა მიმართულებითაც ნაბიჯი გადადგმულია.


"ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვართ და არავითარი ადმინისტრაციული რესურსი, ზემოქმედება მოვახდინოთ და დავწიოთ ფასები, არ გაგვაჩნია. ამიტომ უნდა შევძლოთ წარმოების განვითარება ისე, რომ ადგილობრივი პროდუქტების წარმოების თვითღირებულება იყოს დაბალი. მეწარმეებს ამ პირობებშიც კი უნდა ჰქონდეთ სტიმული, რომ წარმოების ზრდაზე იყვნენ ორიენტირებული და არა იმპორტზე.


მთის კანონის შემოღებით ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადაიდგა, რაც ამცირებს აქ წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებას და ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ევროკავშირში ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი ხმარდება ადგილობრივი პროდუქტების სუბსიდირებას. ანალოგიური მდგომარეობაა თურქეთში, რაც იქ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სიიაფეს განაპირობებს. ჩვენ ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა ვართ და ასეთი ხელგაშლილობის შესაძლებლობა ნამდვილად არ გვაქვს", - აცხადებს სტატისტიკოსი.


სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების შეფასებით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტის თვითღირებულების შემცირება ტექნოლოგიური მიღწევებით არის შესაძლებელი. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი კობა კობალაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ რეგიონებში სარწყავი წყლის პრობლემა უნდა მოიხსნას, რის გარეშეც წარმოების განვითარება შეუძლებელია.


"ევროპაში მიწები სრულად არის გასარწყავებული იმისდა მიუხედავად, რომ წყალი ბევრგან დეფიციტია. ჩვენ კი გვაქვს წყლის რესურსი, მაგრამ მის გამოყენებას დღემდე ნორმალურად ვერ ვახერხებთ. ამიტომაა, რომ სახნავ-სათესი ფართობის მოცულობამაც იკლო.


ფასი მაღალი იმიტომ არის, რომ წარმოება ჯდება ძვირი, მოსავლიანობა დაბალია, ხოლო თვითღირებულება - მაღალი. ერთადერთი საშუალებაა, რომ არაეფექტური პროექტები შეჩერდეს. ამით წარმოება ვერ განვითარდება. პირველ რიგში, გასარწყავების პრობლემა უნდა მოიხსნას", - აცხადებს კობალაძე.

წყარო: რეზონანსი