ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარმა მუშაობა დაასრულა

  • 25 აპრილი 20:55, 2018 წელი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარმა მუშაობა დაასრულა.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, დელეგატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმების დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ.


 სემინარის ბოლო სასესიო დღე რეგიონალური საკითხებისა და გეოპოლიტიკური ასპექტების განხილვას დაეთმო.


სესიის ფარგლებში გამართულ ორ პანელს მოდერირება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა,  პაოლო ალიმ და კონფლიქტებისა და სახელმწიფო მშენებლობის ლონდონის საინფორმაციო ქსელის (LINKS) აღმასრულებელმა დირექტორი, დენის სამუტმა გაუწიეს.


 სესიაში მონაწილეობა კი სომხეთის თავდაცვის კვლევითი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ბენიამინ პოღოსიანმა, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ევროპული პროგრამის მკვლევარმა, ზაურ შირიევმა, ექსტერის უნივერსიტეტის უფროსმა ლექტორმა, დევიდ ლუისმა და ევროპული უსაფრთხოების სწავლების ცენტრის (EUCAM, CESS)კოორდინატორმა, იოს ბონსტრამ მიიღეს.


„ვფიქრობ, რომ სემინარმა წარმატებით ჩაიარა და ჩვენ შინ დავბრუნდებით ახალი იდეებითა და ახალი ინფორმაციით იმის შესახებ, თუ რა ხდება რეგიონში. ეს ღონისძიება იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა,  კვლავ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“,- განაცხადა სესიის შეჯამებისას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, ირაკლი სესიაშვილს, დელეგაციის წევრებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. 


გამართული სემინარი და დღევანდელი სესია ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.


„დღეს ვმსჯელობდით კავკასიაში უსაფრთხოების გარემოზე, აქტუალურ გამოწვევებზე, მათ შორის, სომხეთის და აზერბაიჯანის საკითხებზე. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კავკასიის მიმართ ინტერესი საკმაოდ გაზრდილია, იმდენად, რამდენადაც ნატო კავკასიას განიხილავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების ნაწილს და ის გამოწვევები, პრობლემები, რაც რეგიონშია, მთლიანობაში აისახება ევროპის და მთლიანად, ნატოს უსაფრთხოებაზე. ამიტომ, თემა ძალიან აქტუალურია, ინტერესი-ძალიან მაღალი და შესაბამისად, ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ საერთო ინტერესები უნდა შევაჯეროთ, უნდა ვიმსჯელოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც შავი ზღვის რეგიონი, ასევე, კავკასიის რეგიონი, რაც შეიძლება მეტად უსაფრთხო და მშვიდობიანი იყოს. ამიტომ, დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 


ნატოს საპარლამენტო ასაბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოში მაღალი დონის ღონისძიებების სიხშირე ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდ ინტერესზე მეტყველებს.


„ის, რომ საქართველოში ძალიან ხშირად არის ასეთი მაღალი დონის კონფერენციები, სემინარები - ეს უკვე ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი. მეტიც, ჩვენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთგვარად დავაწესეთ ის მაღალი სტანდარტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც გულისხმობს ასეთი კონფერენციების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას, რასაც ადასტურებენ თავად ბატონი პრეზიდენტი პაოლო ალი და დელეგაციის სხვა წევრები, რაც, თავის მხრივ, ასახავს იმ პროგრესს, იმ წარმატებებს, რაც ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში არის მიღწეული. ამიტომ ჩვენთვის ის შეთანხმება, რაც არის „მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში“, შეიძლება ითქვას, რომ ამ ვითარებაში ძალიან კარგად არის შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


ნატოს საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს რეგიონსა და დასავლეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში, დელეგატებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.


„გამართული სემინარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ნატოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, მეტი შეგვეტყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ საქართველო გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონში და ასევე, მას აქვს გადამწყვეტი როლი მთლიანად, დასავლეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.  სემინარმა მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“,- განაცხადა პაოლო ალიმ.


როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარში მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.