როგორ გადაიღეს "ცისფერი მთები"

  • რეზონანსი
  • 22 აპრილი 21:46, 2018 წელი

"გაიტანეთ გრელანდია", "გზაში დამაწიეთ", "მომკლავს ეს ორი სათაური", "საიდან შეგაქანათ", "გივი, ჩვენ ვართ, გივი" - "ცისფერი მთების" ეს ფრთიანი ფრაზები მაყურებლის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა.

დღევანდელ სტატიაში მკითხველს კინოკლასიკად აღიარებული ფილმის გადაღებების საინტერესო ეპიზოდები გვინდა, შევთავაზოთ.


ელდარ შეგელაიამ "ცისფერი მთები" მწერალ რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო. ფილმი ეკრანზე 1984 წელს გამოვიდა.


"იქ რაც ხდება, ეს მე თვითონ გადამხდა, ჰოდა, მერე დავწერე მოთხრობა, უფრო სწორად, ჯერ პიესა იყო. ვერავის წავაკითხე. მერე ელდარ შენგელაიას წავაკითხე, მაშინ ჩემი სცენარით "სამანიშვილის დედინაცვალს" იღებდა. ელდარმა თქვა, მე გადავიღებო და გადაიღო კიდეც. სულ ვფიქრობდი, მთელი გადაღებების მომენტში, შეცდომაში შევიყვანე ეს კაცი, იქ არ არის არც სიმღერა, არც ცეკვა, არც სიყვარული, მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკია.


პირველად ელდარს შევთავაზე თემა მარკშეიდერზე. იმ პიესაში მარკშეიდერი არ იყო, იქ იყო ვულკანოლოგი. მარკშეიდერის ტიპი თავიდან ავიღე, მერე ჩავსვით სცენარში. დეიდაშვილი მყავდა, გელათის მაღაროში მუშაობდა. ერთხელ მოვიდა და ვკითხე, ამირან, რას აკეთებ-მეთქი, მარკშეიდერი ვარო, ჩუმად მითხრა. 50-იანი წლებია, სტალინი ცოცხალია... მე ვთქვი, რამეში ხომ არ ჩაითრიეს - რისი მარკშეიდერია-მეთქი. მაშინ სულ დივერსანტები გველანდებოდა. ასე დაიწყო ფილმის გადაღება", - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში რეზო ჭეიშვილი, რომელიც ფილმში მთავარი გმირის, სოსოს პროტოტიპია.


გადაღებებს სულ ესწრებოდა, დამხმარე დიალოგების ჩართვა იყო საჭირო და დიალოგებს იქვე წერდა.


ელდარ შენგელაიამ ფილმში გადასაღებად ბევრი არაპროფესიონალი მსახიობი მიიწვია. "ბევრი ჩემი ფილმის პერსონაჟი მსახიობი არ იყო. "ცისფერ მთებში" კომენდანტის როლზე ძველი კინოსტუდიის კომენდანტი მივიწვიე, პრინციპში, თავის თავს თამაშობდა. "ცისფერი მთების" სცენარი რომ დაიწერა, ბუღალტრის როლში მაშინვე სესილია თაყაიშვილი წარმოვიდგინე, ქალბატონ სესილიასთან სცენარით მივედი და ჩემი ჩანაფიქრი გავაცანი. უარი მითხრა, შენ გიჟი ხომ არ ხარ, ხვალ, ზეგ ცოცხალი აღარ ვიქნებიო. სცენარი მაინც დავუტოვე, ის მაინც მითხარით, რომელი მსახიობი წარმოგიდგენიათ ამ როლზე-მეთქი. იმავე საღამოს 9 თუ 10 საათი იქნებოდა, სესილია მირეკავს - სასწრაფოდ მოდიო. ბინაში რომ შევედი, ზუტად ისეთი ჩაცმული დამხვდა, როგორც შემდეგ ფილმშია.


"თემიკო ჩირგაძე, ჩემი ძმის, თენგიზის უახლოესი მეგობარი იყო, მოგვიანებით ჩვენც ძალიან დავახლოვდით. როცა ფილმზე მუშაობა დავიწყე, დაუფიქრებლად ვუთხარი, ეს როლი შენ უნდა ითამაშო-მეთქი. უარი მითხრა, მაგრამ ერთმა ფაქტორმა გადააწყვეტინა: ქუჩაში გადაღებები ძალიან ეუხერხულებოდა, ფილმის მოქმედება კი ოთახში ხდება. ბევრი რამ თავის გმირში თვითონ შემოიტანა. მაგალითად, ტერმინი "ძალიან კარგი" სცენარში არ გვქონდა. მასთან მუშაობა ძალიან მიადვილდებოდა, ერთი სიტყვაც საკმარისი იყო - ყველაფერს ზუსტად ასრულებდა. არ იფიქროთ, ვაჟა ზაზაევიჩის როლი იმიტომ შეასრულა ასე კარგად, რომ მის ხასიათს პასუხობდა, ვაჟა ზაზაევიჩი არაფრით ჰგავდა მას.


გული მწყდება, როდესაც ჩემს ფილმს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს და თემიკო არ დააჯილდოვეს. საყვედური არასდროს უთქვამს, პირიქით, სულ მეუბნებოდა, ერთ ფილმში კიდევ გადამიღე და ახლა ლენინურ პრემიას მოგცემენო. რაც შეეხება ზაზაევიჩის მდივანს, ის სტუდიაში მუშაობდა. მოტოციკლეტისტი რამაზ გიორგობიანმა მომიყვანა", - იგონებს ელდარ შენგელაია.


ფილმში მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარე არტემ ჩაჩანიძის როლს ომარ შოთაშვილი ასრულებს, რომელიც ფილმში მოხვედრის ამბავს ასე იხსენებს: "ზაფხულში სახლის შუშაბანდს ვარემონტებდი, დაღლილი სავარძელში ჩავჯექი და კარზე კაკუნი მომესმა, რამაზ გიორგობიანი და ელდარ შენგელაია მესტუმრნენ. მე და რამაზი უბნელები ვიყავით. ელდარმა შემომხედა და მითხრა, ფილმს ვიღებთ, თქვენ ერთ-ერთი პერსონაჟის როლი გვინდა შემოგთავაზოთო. შევცბი, რამაზმა მითხრა, მოტოციკლეტისტობაზე შეყვარებული ხარ და შენნაირი კაცი გვჭირდებაო. მეორე დღეს კინოსტუდიაში დამიბარეს. ტანსაცმელი მომარგეს და გამომიცხადეს, შენ იქნები მოტობურთის ფედერაციის თავმჯდომარე არტემ ჩაჩანიძეო.


"გადაღება ჟურნალ "ცისკრის" რედაქციის ზედა სართულზე მიმდინარეობდა. ძირითადად, არაპროფესიონალები თამაშობდნენ. ქალბატონი სესილია ხუმრობდა, ელდარმა გადასაღები მოედანი ბაყაყებით გაავსოო. თავიდან მის დანახვაზე დავიმორცხვეთ ყველამ, მან კი გვითხრა - აბა, ბაყაყებივით ნუ ყიყინებთ, დროზე გააკეთეთ, რასაც რეჟისორი გეუბნებათო. 11 თვე ვიმუშავე და 148 მანეთი ავიღე, სულ რომ არაფერი გადაეხადათ, სესილია თაყაიშვილსა და ელდარ შენგელაიასთან მუშაობა იმდენს ნიშნავდა, რომ არაფერი გვაინტერესებდა".


როგორც ამბობენ, ფილმის გადაღება 400 ათასი მანეთი დაჯდა, საბჭოთა პერიოდში მხატვრული ფილმის გადასაღებად ერთიანი სტანდარტი იყო. ფილმი საბჭოთა ცენზურას სასწაულად გადაურჩა, უფრო მეტიც, სახელმწიფო პრემიაც კი მისცეს. იმდროინდელი თანამდებობის პირის, დირექტორის სახის უბადლო განმსახიერებელ თემო ჩირგაძეს პრემია იმიტომ არ მისცეს, რომ მსახიობი არ იყო და თანაც კინოში რამდენიმე მთავარი როლი უნდა ჰქონოდა შესრულებული, ასე ამბობენ; პრემია გადამღებ ჯგუფს მოსკოვში ცენტრალურ კომიტეტში გადასცეს, მაგრამ, როგორც რეზო ჭეიშვილი იხსენებდა, "ცეკა-ში ვინ შეგვიშვებდა, მინისტრთა საბჭოში შეგვიყვანეს. შესვლისას ოთხჯერ გაგვსინჯეს, გამოსვლისას - ორჯერო".


"ცისფერი მთები" 2014 წელს კანის 67-ე ფესტივალის სპეციალურ სექციაში "კანის კლასიკა" ფრანგული ტიტრებით აჩვენეს და 1 000 ფილმიდან 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. ფილმი 1985 წელსაც იყო წარდგენილი.


"კანის ფესტივალზე ვიყავი, ფესტივალის დირექტორმა მითხრა, წერილი რომ გავაგზავნო საფრანგეთის კულტურის სამინისტროში, პასუხს ვერ მივიღებ, რა ნაცნობი სიტუაციააო. იგივე გვითხრეს, როცა დელის ფესტივალზე ვაჩვენეთ, ინდოეთზეა გადაღებულიო. შემდეგ ვენაში წავიღეთ და იქაც გვითხრეს, ეს ფილმი ზუსტად ასახავს იმას, რაც ჩვენთან ხდებაო. მოკლედ, "ცისფერი მთები" არც საქართველოში და არსად არ მთავრდება, მუდმივი თემა და პრობლემაა", - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია.

წყარო: რეზონანსი