როგორ უგებდა ილია აკაკის ბანქოს თამაშის დროს

  • რეზონანსი
  • 20 აპრილი 21:21, 2018 წელი

საქართველოს ეროვნულ არქივში იშვიათი ისტორიული ფოტო ინახება, სადაც ილია ჭავჭავაძე მეგობრებთან ერთად ბანქოს თამაშობს.

ფოტოს აღწერაში ეროვნული არქივის მიერ ასეთი მინაწერია გაკეთებული: "როგორც ჩანს, მიუხედავად აქტიური ლიტერატურულ-საზოგადობრივი მოღვაწეობისა, ზოგჯერ ილია ჭავჭავაძეც იცლიდა მის პირდაპირ მსხდომ დავით მელიქიშვილთან ბანქოს სათამაშოდ".


როგორც ილიასა და აკაკის თანამედროვენი წერდნენ: "ილიას ძალიან უყვარდა კარტის თამაში, განსაკუთრებით კი - ჯოკერის". აკაკიც ხშირად თამაშობდა ბანქოს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, საქვეყნო საქმეები ეკეთებინათ. ილია მაშინ ბანკის თავმჯდომარე იყო და 3 ათასი მანეთი ჰქონდა შემოსავალი, თუმცა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი წერდა, ილიას არც საგურამოს მამულის შემოსავალი, არც ბანკიდან აღებული ჯამაგირი და არც თავისი დის, ელისაბედისგან მიღებული დახმარება არ ჰყოფნიდა, რადგან ყველა ამ ფულს გაზეთ "ივერიასა" და საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა და სულაც არ აზვიადებდა, როცა ამბობდა, ვალები მაქვსო. აკაკის კი უყვარდა ხელგაშლილი ცხოვრება, მაგრამ ქუთაისის ბანკის მიერ დანიშნულ პენსიას, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცეს, რომ ყოველთვე ეძლიათ განსაზღვრული რაოდენობით, აკაკი გაჭირვებულებისთვის არ იშურებდა და თუ საჭირო იყო, ბოლო კაპიკსაც გაიღებდა.


დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა, რამდენიმე მოგონება შევთავაზოთ, რა კურიოზები გადახდენიათ თავს ილიასა და აკაკის ბანქოს თამაშის დროს.


"ილიას პარტნიორები ბანქოს თამაშში იყვნენ გიორგი შარვაშიძე (დიმიტრიჩი), კონსტანტინე რეიტერი, კოლა ერისთავი, დავით ალავიშვილი. კრუჟოკში ან კლუბში ის ხშირი სტუმარი არ იყო, იქ თუ წავიდოდა, მხოლოდ - ზაფხულობით. მე ხშირად გამოვსულვარ დილა ადრიან ალექსანდრეს ბაღში და შევყრილვარ ილიას კუკიიდამ მომავალს, შემდეგ ღამის თამაშში გატარებისა.


განსვენებული ილია ხონელისგან გამიგონია: ილიამ მთელი ღამე თურმე ითამაშა და ათას ხუთასი მანეთი წააგო. შინ რომ დაბრუნდა და ეტლის გასასტუმრებლად ქისა ამოიღო, შიგ ნაშალი ვერ იპოვა. ერთი თუმნიანიღა შერჩენოდა იმას გაუტეხელი. - ეჰ საცა სხვა წავიდა, ესეც წავიდესო, გაივლო მგოსანმა გულში და გაუწვდინა ქუჩერს თუმნიანი. - აჰა, წაიღე, - უთხრა პოეტმა. - ბატონო, აქ თუმნიანია. - არაფერია, წაიღე - გაუმეორა მან. - გეტყობა, კნიაზო, წუხელის მოგიგიათ, ღმერთმა ყოველთვის ასე მოგაგებინოთ, - დაუმადლა სულგრძელობა მგოსანს თვალგაპრიალებულმა ქუჩერმა", - ასე იგონებდა ილიას ბანქოს წაგების ამბავს იონა მეუნარგია.


ექვითმე თაყაიშვილი: "აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამეებსაც ათენებდა, მანამ ჯიბეს არ ამოიცარიელებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მის პარტნიორებს "ბურდუჩნი" კლუბში დავა ჰქონდათ ერთმანეთში, აკაკის რომ დაინახავდნენ, დღეს მე ვეთამაშები, გეყო, რაც წინათ მოიგე, ახლა მოგება მე უნდა მხვდესო.


ასე იყო ილიასთანაც, თუ უმეტეს შემთხვევაში ილია კარტში ფულს იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მე ვეკითხებოდი კარტის მოთამაშეებს: "რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი სულ აგებს". ისინი მეუბნებოდნენ: შეუძლებელია, აკაკიმ მოიგოს, რადგან მან "ფასი" არ იცის, ქაღალდი მოუვა თუ არა, მისთვის სულერთია, მაინც თამაშობსო".


სხვიტორელი სამსონ ციმაკურიძე კი აკაკის ოინებს კარტის თამაშის დროს ასე იგონებდა: "აკაკი მოვიდა ერთ მშვენიერ დღეს თავის რძალთან. დაიწყეს კარტის თამაში. მოუგო შვიდ თუმან ნახევარი მარიამს. მეტი ფული იმას აღარ ჰქონდა და აკაკი ნისიად არ ეთამაშა. ერთი ღორი ყვანდა გასასყიდელი, აფასებდა სამთუმან ნახევარს. აკაკიმ უთხრა, მეთამაშე მაგ ღორზეო. მოუგო ისიც. მარიამმა ღორი არ გაატანა.


წავიდა იმ ღამეს აკაკი, მეორე დილას გამოაგზავნა ბიჭი და დაუბარებია, ააჭყივლე ღორი და ჩემი რძალი გააბრაზეო. თავად წასულა და ახლოს ვენახში დამჯდარა. უყურებს, როგორ აჭყივლებს ბიჭი ღორს. აკაკი ზის და იცინის. გამოუვარდა მარიამი ბიჭს - რას აყვირებ მაგ გოჭს, წაათრიეო. მაშინ გამოჩნდა აკაკი და დაუძახა, მოდი, ახლა კუდალა ხარზე მეთამაშეო".

წყარო: რეზონანსი