საშიში და სარისკო პროფესიები, სადაც დასაქმებულებს სისხლში ტყვიის მაღალი შემცვლელობა აქვთ

  • რეზონანსი
  • 19 აპრილი 12:26, 2018 წელი

სანტექნიკოსი, მილების შემდუღებელი, მაღაროელი, ნავთობის გადამამუშავებელი, ავტომობილის შემკეთებელი, მინისა და პლასტმასის მწარმოებელი, ფოლადის შემდუღებელი, რეზინის პროდუქტების მწარმოებელი, ბენზინგასამარზე დასაქმებულები

– ეს არასრული სიაა იმ საქმიანობების, სადაც დასაქმებული ადამიანები, მედიკოსთა მტკიცებით, სისხლში ტყვიის შემცვლელობის მაღალი რისკის ჯგუფს შეადგენენ.


გარდა ამისა, მათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომლებსაც მუდმივი შეხება აქვთ საღებავთან, მათ შორის ბინის რემონტთან.


ტყვიის საკითხი საზოგადოებაში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ტყვიის ზედმეტი შემცველობა, სუნელების გარდა, ხორცში, რძეში, სასმელ წყალში, ჭარხალში, ნალექიან ყავაში, თხილში, თევზში, კვერცხსა და მარილშიც ფიქსირდება. დარღვევები ხშირი იყო ხორცისა და რძის შემთხვევაში.


„დაავადებათა კონტროლის ცენტრი“ ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა სისხლში ტყვიის შემცვლელობის განსაზღვრის მასშტაბური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით.


როგორც „ფორტუნას“ ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ, განუცხადა, კვლევა 100 ადამიანს წლის დასაწყისში უკვე ჩაუტარდა. ზაფხულში იგეგმება 1000 ტესტის შეძენა, რომლებიც ორსულებსა და ბავშვებზე გაკეთდება, შემოდგომაზე კი UNICEF-ი გეგმავს მასშტაბურ მულტიინდიკატორულ კვლევას, რომელიც უპასუხებს კითხვას, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ მიმართულებით.


ლელა სტურუას ინფორმაციით, წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის პირველადი მონაცემები საგანგაშო არაა, თუმცა, კვლევის შედეგები გადაგზავნილია ამერიკის შეერთებულ შტატებში. პასუხები კი, დაახლოებით, ერთ თვეში იქნება.


„ორი წლის წინ რა კვლევაც ჩატარდა, იმ კვლევაში ვისაც ჰქონდა მაღალი მაჩვენებელი,  იმათთვის თავიდან ჩატარდა. გარდა ამისა, სხვადასხვა ადამიანებმა მოგვმართეს, რომელსაც შვილებისთვის ჰქონდათ გაკეთებული და იყო მაღალი მაჩვენებელი და მოგვმართეს სხვასხვა პათოლოგიის მქონე ბავშვების მშობლებმა. სწორედ მათ გავუკეთეთ ეს ანალიზი. ასევე იყო აღებული წყლისა და სურსათის სინჯებიც. გარდა ამისა, UNICEF-ი შემოდგომაზე გეგმავს კვლევის ჩატარებას, რომელიც იქნება მულტი ინდიკატორული კვლევა, ეს კი უმარავ  ინდიკატორზე გვაძლევს პასუხს. სახელმწიფოს თხოვნით, UNICEF-მა ჩადო ამ კვლევაში ახალი მოდული  – ტყვიის მოდული, რომელიც მოგვემს შესაძლებლობას და უპასუხებს კითხვას, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით ქვეყანაში. კვლევის შედეგები გვექნება 2019 წლის დასაწყისისთვის და გვეცოდინება, არის თუ არა საგანგაშო ეს მაჩვენებელი. შეფასდება სისხლში ტყვიის შემცვლელობა და შეივსება კითხვარი,“ – განაცხადა ლელა სტურუამ.
როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას ტოქსიკოლოგი სოსო კუტუბიძე ამბობს, ტყვიით მწვავე მოწამვლა ჰაერში არსებული იმ კონცენტრაციით, რაც არის, არ ხდება, ეს არის ქრონიკული მოწამვლა.


„ასეთი პაციენტები მიდიან იმ კლინიკაში და იმ სპეციალისტთან, რომელი  სიმპტომიც გამოუვლინდებათ. ვთქვათ, თავის ტვინის მხრივ, გულ სისხლძარღვთა  სისტემის მხრივ, ეს უკვე მათ უნდა დააყენონ საკითხი, გამოიკვლიონ თუ არა. ჩემთან იყო ერთადერთი შემთხვევა მომართვიანობის. ანუ, არც ისე ხშირია ამ ტიპის ინტოქსიკაციით მომართვიანობა,“ –  განაცხადა სოსო კუტუბიძემ.


ის, რომ ტყვიით მოწამლულ გარემოში ვცხოვრობთ, ამაზე ღიად საუბრობს პედიატრი ეკა უბერიც. მისი თქმით, ამის წყარო არის, პირველ რიგში, დაბინძურებული ჰაერი, ძველი შენობები, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და ა.შ.


ეკა უბერის თქმით, ტყვიითი ინტოქსიკაცია შეიძლება, გამოვლინდეს ნერვული სისტემის დაზიანებით, აღგზნებით და არა გულისრევა, ღებინება-დიარეით. თუმცა, ნერვული სისტემის დაზიანება, პედიატრის განმარტებით, სხვა დაავადებასაც ახასიათებს. პრევენციის საშუალება კი არის ერთადერთი – სუფთა ჰაერი და სუფთა გარემო.

წყარო: რეზონანსი