იქნებ იდეალური ქმარი გყავთ

  • თბილისელები
  • 12 აპრილი 22:12, 2018 წელი

იდეალური ადამიანები არ არსებობენ. მაგრამ საკმარისია, ვინმე შეგვიყვარდეს, სწორედ, ამ ადამიანს აღვიქვამთ იდეალად.

გვიხარია და სანამ ეიფორიაში ვართ, კითხვაც არ გვიჩნდება – ცხოვრების მეგზურად ნამდვილად ეს ადამიანი უნდა აგვერჩია თუ არა. ქალების უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ კარგ ქმარს ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები აუცილებლად უნდა ახასიათებდეს:


კარგ ქმარს არ ეშინია სირთულეების და თავად აგვარებს პრობლემებს. ანუ, ნამდვილი მამაკაცი ისაა, ვინც საქმით ამტკიცებს თავის ღირსეულობას. ის ყოველთვის მზად არის, რთულ მომენტებში, გვერდში დაგიდგეთ და აგარიდოთ სირთულეები.


კარგ ქმარს შეუძლია, თავად მოამზადოს კერძები და თანაც, ძალიან გემრიელი. ქალები ამაში დარწმუნებული არიან
კარგი ქმარი ყოველთვის მხარს უჭერს მეუღლეს და ამხნევებს მას, მაშინაც კი, როცა რაიმე შეცდომას უშვებს ან, თუნდაც, დამნაშავეა. შეცდომებს კი ყველა ვუშვებთ, ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს.
კარგი ქმარი ყურადღებიანია და დაკვირვებული – ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ზუსტად უნდა ახსოვდეს, რომელი კაბა გეცვათ პირველ პაემანზე, მაგრამ ზუსტად იცის, რამდენ კოვზ შაქარს იყრით ჩაიში. იცის, რომელი მუსიკა მოგწონთ ან რომელი კერძი.


კარგი ქმარი მარტო ჭკვიანი კი არა, ბრძენიცაა – მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ თქვენ გვერდით ის ადამიანია, რომელიც კარგად ერკვევა ყოველდღიურ წვრილმანში. მუდმივად გაძლევთ სასარგებლო რჩევებს. თუ ასეთი ქმარი გყავთ, ნამდვილად გაგიმართლათ.


კარგმა ქმარმა ზუსტად იცის, როგორ აგიმაღლოთ განწყობა, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ – ის ხუმრობს ან ისეთ რამეს აკეთებს, რაც გაგამხიარულებთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ან, უბრალოდ, მიჰყავხართ სამოგზაუროდ, გიწყობთ რომანტიკული თავგადასავალს.


კარგ ქმარს შეუძლია შეთანხმება და კომპრომისის მიღწევა – შესწევს უნარი, რომ ჩხუბის გარეშე მოაგვაროს საქმე. სახლიდან გასვლისთანავე, არ ავიწყდება თქვენი პრობლემები. მართალია, მამაკაცებისთვის რთულია რამდენიმე პრობლემაზე ერთად კონცენტრირება, მაგრამ შეყვარებული ადამიანი არ ჩადებს თქვენს პრობლემებს „ძველ ზარდახშაში“ და არ დააწერს „ამაზე ხვალ ვიფიქრებ“.


თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია – მეუღლეები ერთმანეთისთვის არა მხოლოდ სანდო, არამედ კარგი მრჩევლებიც უნდა იყვნენ. მთავარია, გადაწყვეტილებას ერთად იღებდეთ და არა – ცალ-ცალკე.
კარგი ქმარი ცოლს ყოველთვის ეხმარება სახლის საქმეებში – თუ თქვენი მეუღლე გაფასებთ, ის დამლაგებლად არ გაქცევთ. გააზრებული ექნება, რომ სახლის საქმე ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, რაც ნამდვილად დამღლელია. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად დაგეხმარებათ.


რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია თავისი მეორე ნახევარი. ყველა გარკვეული თვისებების მიხედვით ირჩევს თავის ცხოვრების მეგზურს. მთავარია, იპოვოთ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე დაგაყენებთ და ასეთივე იქნება თქვენთვისაც – სწორედ, ეს არის იდეალური ქორწინების გასაღები.


გამოავლინე სიყვარული


ტექნიკური პროგრესის – კომპიუტერის, ინტერნეტის გადამკიდე, ხშირად საერთოდ გვავიწყდება, როგორ დავამყაროთ ადამიანური ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის გამოხატვის უნარი თანამედროვე ცხოვრებაში დაქვეითებულია. ამის გამოსწორება კი აუცილებელია, რადგან ჭეშმარიტ სიამოვნებას მხოლოდ „ცოცხალი“ ურთიერთობები გვანიჭებს. უთხარი მათ – თქვენს საყვარელ, ახლობელ ადამიანებს, რაოდენ მნიშვნელოვანი არიან თქვენთვის. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხართ დარწმუნებული ვინმეს გრძნობებში, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა თავს სასურველად გრძნობთ. გიყვარდეთ და უყვარდეთ – ყველაზე დიდი ფენომენია ამქვეყნად და ამიტომ, აუცილებლად გამოხატეთ გრძნობები.


მთავარია არა ის, რას ამბობთ, არამედ, ის, თუ როგორ ამბობთ. როდესაც საქმე უახლოეს ურთიერთობებს ეხება, გულწრფელობა სავალდებულოა.


გამოხატეთ ის, რასაც ჭეშმარიტად გრძნობთ. ურთიერთობა ორმხრივია, ორივე მონაწილემ უნდა შეიტანოს წვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე მხარე დაიტანჯება. გახსოვდეთ, ვისაც უყვარხართ, ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ და თუ მისთვის მართლა ძვირფასი ხართ, მაქსიმალურად ეცდება, გაგიგოთ.
როგორც ერთმა ბრძენმა თქვა: თქვი სიმართლე, რადგანაც, ის ყველაზე მარტივად დასამახსოვრებელიაო. სიმართლის თქმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამე გაწუხებთ, ათავისუფლებს თქვენს გონებას სტრესისგან. თუმცა, სიფრთიხლეც აუცილებელია. ასეთ დროს ზღვარს არ უნდა გადახვიდეთ და არ აწყენინოთ. საჭიროა, აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევებზე.


ზოგჯერ ჭეშმარიტება განსაკუთრებით მწარეა, მაგრამ მასშია თქვენი კომფორტისა და შინაგანი სიმშვიდის გარანტი.


მოსმენა – ეს ზრუნვის გამოხატვის საუკეთესო, ყველაზე ძლიერი ფორმაა – რომელსაც შეუძლია, თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება. საუბარს უნდა უსმინო არა მასზე პასუხის გაცემის მიზნით, არამედ, იმიტომ, რომ გაუგო იმ ადამიანს, ვინც რაღაცას გიზიარებს.


ქცევები ნებისმიერ საუბარზე უფრო ძლიერად მეტყველებს. თუ ვინმე გიყვართ, შესაბამისადაც უნდა იმოქმედოთ. მას კი საშუალება ექნება, დასკვნები გამოიტანოს და მიხვდეს, რამდენად გულწრფელი ხართ ურთიერთობაში.


შეხება – ეს მეტად მნიშვნელოვანია. ადამიანს უფრო დიდხანს მიჰყვება თქვენთან სიახლოვის შეგრძნება. საკმარისია, ხელჩაკიდებული სეირნობა. ზოგჯერ ჩახუტებას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე საათობით საუბარს. შეხებას შეუძლია, დაგაძლევინოთ უიმედო სიტუაციები და მოგანიჭოთ ცხოვრების გაგრძელების ძალა.


P.S. უამრავი გაღიზიანება და გულისტკივილი შეგიძლიათ, აირიდოთ და აარიდოთ თქვენს საყვარელ ადამიანებსაც მათ მიმართ მხარდაჭერით. გადადეთ გვერდზე ყველა საქმე და დააფასეთ ადამიანები, სანამ დროა და სანამ ჯერ კიდევ, თქვენ გვერდით არიან.

წყარო: თბილისელები