თუ სათვალე დაგივარდათ და გატყდა ეს ნიშნავს, რომ...

  • თბილისელები
  • 11 აპრილი 14:09, 2018 წელი

არ არსებობს დღეს მსოფლიოში ოჯახი, რომლის წევრთთაგან, რამდენიმეს თუ არა, ერთ-ერთს მაინც არ აწუხებდეს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. სათვალე კი სწორედ ის ნივთია, მხედველობის კორექცია რომ ძალუძს.

მზერა მკაფიოა? – ეს ხომ მნიშვნელოვნად აადვილებს ცხოვრებას. ჩვენს დროში, სათვალე არა თუ ზრდასრულ და ხანდაზმულ ასაკში, ძალიან ხშირად, ბავშვობიდანვეც კი სჭირდება კაცობრიობის არცთუ მცირე ნაწილს. თანამედროვე ეპოქაში, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები, დიზაინი დაიხვეწა და ეს უმნიშველოვანესი ნივთი ხელმისაწვდომია თითქმის ყველასთვის. მაგრამ, წინათ, ანუ რამდენიმე საუკუნით ადრე, როცა მოსახლეობას, ძირითადად, წარმოდგენაც არ ჰქონდა ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ამ ნივთის ჯადოსნური ძალის წინაშე, რომელსაც შეეძლო: ბუნდოვანი გამოეკვეთა, შორეული ახლოს მოეტანა და სამყარო გაეფერადებინა, ერთგვარი კრძალვა, რიდი და შიშიც კი ჰქონდა. პენსნესა და მონოკლებს მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოვლენას, ბედისწერის მინიშნებად აღიქვამდნენ. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ ამ ხნის განმავლობაში მრავალი მინიშნება და ცრურწმენა გაჩნდა. სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი რუბრიკის თემა და მასზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ეთერი.


– ეს ნივთი ჩემთვისაც ძალიან ახლობელია, რადგან ბავშვობიდან მისი, ასე ვთქვათ, მომხმარებელი ვარ. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში, უამრავი შემთხვევა ყოფილა: დამვარდნია, დამმტვრევია, დამიკარგავს, ზღვას მოუტაცია და თქვენ წარმოიდგინეთ, მიპოვია კიდეც. რაზე მიანიშნებს ეს ყოველივე?


– ერთ ამბავს გავიხსენებ და მივალთ კიდეც პასუხამდე. ადრე, სტუდენტობისას, ერთი სათვალიანი მეგობარი მყავდა. ბავშვობიდან ახლომხედველი გახლდათ და სხვათა შორის, სათვალე ძალიან უხდებოდა. შესაბამისად, თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავდა. მახსოვს, ყველაზე რთული გამოცდა გვქონდა მეორე დღეს და რომ იტყვიან, ტვინი დავასხით, ისე ვიმეცადინეთ. უნივერსიტეტში მივედი. ნინო (ასე ერქვა მას) აგვიანებდა. როგორც იქნა, გამოჩნდა, მაგრამ შორიდანვე შევამჩნიე, ცუდ ხასიათზე იყო. აღმოჩნდა, რომ დილით სათვალე ვერაფრით იპოვა. სახლში ძაღლი ჰყავდათ და იმას აბრალებდნენ, სადღაც დამალავდაო. ყველაფერი რომ გადააქოთეს და ვერსად იპოვეს, საიდანღაც ძველი სათვალე გამოჩხრიკეს და ის ეკეთა. მერე, მაგაზე დარდობ-მეთქი. სათვალეს არ დავეძებ, ნამდვილად დავითარსეო. ყველას გაგვეცინა. ცრუმორწმუნე ხარო, დავცინეთ. გამოცდაზე პირველი მე გავედი და უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. იქვე დავრჩი, რომ ნინოს დავლოდებოდი. გავიხედე და ატირებული მოდის. ორივე კარგად ვიყავით მომზადებული და არც მიფიქრია, რომ რაიმე დაბრკოლება შეხვდებოდა. შემეშინდა, ცუდად ხომ არ არის-მეთქი. არადა, აღმოჩნდა, რომ მაღალი ნიშანი კი არა, გამოცდა ვერც კი ჩააბარა. თურმე, რაღაც ნაწილი საერთოდ გამოგვრჩენია მეცადინეობისას და მას ყველა საკითხი იქიდან შეხვდა. ხომ ვთქვი, დავითარსეო, გვითხრა გაბრაზებულმა ნიშნისმოგებით. ხმა არავის ამოუღია, მაგრამ ვიცი, გულში არცერთი არ ეთანხმებოდა. არადა, რას ვიფიქრებდი, რომ მართალი აღმოჩნდებოდა?! მერე, ეზოთერიკას რომ ჩავუღრმავდი, ნინო მაშინ გამახსენდა. ერთ-ერთი მინიშნებით, სათვალის დამკარგავი დიდი თუ არა, წვრილმანი უსიამოვნებისთვის მაინც უნდა მოემზადოს. იმიტომ რომ, სავსებით შესაძლებელია, სტუდენტმა გამოცდა ვერ ჩააბაროს; მძღოლმა კი, ავტოავარია რომ თავიდან აიცილოს, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოსე; მოხუცმაც ანგარიში უნდა გაუწიოს ცუდ წინათგრძნობას. ამ დროს უმჯობესია, თუ თავგამოდებული მოგზაური დროებით გადადებს დაგეგმილ ვოიაჟს; ავანტიურისტი კი, უარს იტყვის თავის ჩანაფიქრზე. ასევე, ეცადეთ, უმიზნოდ არ ატარტაროთ ენა და არც ჭორებს აჰყვეთ. თორემ, ხომ გაგიგონიათ: შენი ენა, შენი მტერიაო... სათვალის დამკარგავმა, შეიძლება, სამუდამოდ თუ არა, დიდი ხანით დაკარგოს რეპუტაცია, რაც სწორედ მის დაუფიქრებელ ნათქვამს მოჰყვება.


– სათვალის დავარდნას და დამტვრევას რაღა მოსდევს?


– სათვალის ძირს დავარდნა დაზიანების გარეშე – მხოლოდ უმნიშვნელო უსიამოვნება, სინანულია; გატეხვა, დამტვრევა კი – ავადმყოფობა.


– მაგრამ, პოვნა ხომ კარგის ნიშანია?


– მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სათვალის ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე პოვნა, სიმდიდრეა ან მნიშვნელოვანი ცვლილება ოჯახში. ხოლო, დადებითი იქნება ცვლილება თუ უარყოფითი, ამას თვით ნივთის მდგომარეობა განსაზღვრავს. ახალი სათვალის პოვნა, რომელსაც შუშებიც მთელი შერჩენია, სასიამოვნო მოვლენას გაუწყებთ – პრემიისა თუ თაფლობის თვის მსგავსს; ხოლო, დამტვრეული, დაკაწრული და შუშებჩამტვრეული სათვალისგან კარგს ნურაფერს ელოდებით: ფინანსური დანაკარგის ან განქორწინების მაუწყებელია. მაგრამ, ხომ არის შემთხვევა, სათვალე დაკარგეთ და მოულოდნელად, უკვე, რომ აღარც ელოდით, ისევ იპოვეთ. ეს არანაირად არ არის ცუდის ნიშანი, მით უმეტეს, თუ ნივთი კარგ მდგომარეობაშია შენახული. მართალია, ბედისგან სასიამოვნო სიურპრიზები არ გელოდებათ, სამაგიეროდ, უსიამოვნებას ნამდვილად აცდებით. შეიძლება, სიზმარშიც ნახოთ, რომ სათვალე იპოვეთ, რაც რეალურ ცხოვრებაში სულისამაფორიაქებელ საიდუმლოს უკავშირდება, ოღონდ, აუცილობლად პოზიტიურს. შემდეგ, სიზმარშივე ნაპოვნ სათვალეს რომ გაიკეთებთ და ნაცნობს დაინახავთ, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ის იქნება კონფიდენციალური შეხვედრის მთავარი ობიექტი.


– გამიგია, რომ ჯადოსაც აკეთებენ სათვალის საშუალებით...


– ამ საქმეში გამოცდილი ხალხი დაჟინებით ამტკიცებს, რომ უცხო სათვალის სახლში აღმოჩენა, შეიძლება, მაგიას უკავშირდებოდეს. ბნელი ძალა ასეთ ნივთებს იყენებს, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი დაიქვემდებაროს, თავის ჭკუაზე მართოს და არაკეთილსინდისიერი საქციელი ჩაადენინოს. როცა სახლში ბავშვია, ჯადოგაკეთებული სათვალით უწმინდურ ძალას მისი ჯანმრთელობის შერყევაც შეუძლია. ამიტომ, სახლში სხვისი სათვალის აღმოჩენისთანავე, ის თავიდან მოიშორეთ (უმჯობესია, დაწვათ). თან, წინასწარ, ნაკურთხ წყალში გაავლეთ. თუმცა, სანამ გამწმენდ რიტუალს ჩაატარებთ, გაიკითხეთ, იქნებ რომელიმე სტუმარს დარჩა თქვენთან.


– სათვალის ჩუქებასაც ექნება თავისი დატვირთვა...


– ყველას და ართუ იშვიათად, უწევს საჩუქრის შერჩევა, რაც საკმაოდ ძნელიცაა. მით უმეტეს, თუ არ იცნობ იმ კონკრეტული ადამიანის გემოვნებას, შეხედულებებს. უმეტესობა ბევრს არ ფიქრობს და, რაც პირველი მოხვდება ხელში, იმას ყიდულობს. ამ დროს არ ფიქრობს, რომ ნივთებიდან ბევრი რამის ჩუქება რეკომენდებული არ არის. ხომ გაგიგიათ: მჩხვლეტავ-მჭრელ საგნებს ჩხუბი მოსდევს, ცხვირსახოცს – ცრემლი, პირსახოცს – განშორებაო. ასეთთა რიცხვშია ოპტიკური სათვალეც, რომელსაც ყველაზე ხშირად დაბადების დღეზე მიართმევენ ხოლმე. მინიშნება კი გვეუბნება: მჩუქნელს სურს, ზეიმის გმირი სამყაროს მისი თვალებით ხედავდეს: დაკარგოს ინდივიდუალობა, არ გააჩნდეს დამოუკიდებელი აზრი და ნებისმიერ საკითხზე სხვებს დაეთანხმოს. თუ ის, ვისაც საჩუქარს უკეთებთ, თქვენთვის მართლა ძვირფასია, არ ღირს, ასეთი დათვური სამსახური გაუწიოთ. სამაგიეროდ, შესანიშნავი იდეაა, მეუღლეს მზის სათვალე აჩუქოთ – ასე ხომ ქალისა და მამაკაცის შეხედულებები ბევრ რამეში დაემთხვევა ერთმანეთს, რაც აუცილებლად დაათბობს ურთიერთობებს ოჯახში – ურთიერთგაგება და ნდობა ამაღლდება.

წყარო: თბილისელები