რუსები მიხეილ ხუბუტიას ღალატში ადანაშაულებენ

  • რეზონანსი
  • 4 აპრილი 16:29, 2018 წელი

რუსული მედია "რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარეს, პუტინთან დაახლოებულ ქართველ ოლიგარქ მიხეილ ხუბუტიას ღალატსა და აშშ-ის დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს.

"გრუ"-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის სკანდალის შემდეგ, მოსკოვში "დასავლეთის ჯაშუშების ძიება-აღმოჩენა" გრძელდება და აფხაზი სეპარატისტების ნაწილის "ჯაშუშებად მხილების" შემდეგ ჯერი მილიარდერ ხუბუტიაზეც მიდგა, რომელიც, რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, "ფაქტზე "გამოიჭირეს" - დააფიქსირეს, როგორ გადასცემდა ბიზნესმენი საერთაშორისო ორგანიზაცია "ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის" წარმომადგენელს დიდ კონვერტს ქაღალდებით.


"ტელეგრამში" რამდენიმე არხმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ხუბუტია ფურცლებით სავსე დიდ სქელ კონვერტს გადასცემს ორგანიზაცია "ტრანსფარენსი ინტერნიეშენალის" რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელ ანტონ პომინოვს და მთელი რუსული მედია საუბრობს იმაზე, რომ იარაღის მაღაზიათა ქსელ "კოლჩუგას" მფლობელი, ავტორიტეტული ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ჯაშუშური სკანდალის შუაგულში აღმოჩნდა.


რუსული მედიის ცნობით, ჟურნალისტური მოკვლევით დადგინდა, რომ ეს ვიდეო გასული წლის ზაფხულშია ჩაწერილი და ეს ორგანიზაცია ხუბუტიას მიერ გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე აქვეყნებს კომპრომატებს.


გარდა ამისა, დაადგინეს, რომ ხუბუტია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ ორგანიზაციასთან და ეს კომპრომატების გადაცემის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. წერენ, რომ ორგანიზაცია "ტრანსფარენსი ინტერნეიშენალის" საქმიანობა რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურებულია და ერთი მეორის მიყოლებით უპირისპირდება იმ ადგილობრივ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებისთვის მიუღებელია. თავად ორგანიზაცია კი, რომელსაც მთელ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლა აქვს გამოცხადებული, თანამშრომლობს ამერიკულ "სი-აი-ეი"-სა და ბრიტანულ დაზვერვასთან.


რუსული მედიის მტკიცებით, ხუბუტია გავლენის აგენტია და ამერიკული ორგანიზაციისათვის ის სასარგებლო ფიგურაა, რადგან ბიზნესმენი რუსეთის ხელისუფლებაში დიდ კავშირებს ფლობს.


ხუბუტიას აქვს იარაღის მაღაზიათა ქსელი "კოლჩუგა", რომელსაც პრაქტიკულად რუსეთში კერძო პირებზე იარაღის მიყიდვის მონოპოლია გააჩნია. იგი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მსხვილი მიმწოდებელიცაა და ძალიან შთამბეჭდავი კონტრაქტების სია აქვს. მათ შორის არის შს სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამსახური, საგამოძიებო კომიტეტი და ა.შ., რომლებზეც შეიარაღებას ყიდის. ამის გამო მას დიდი კავშირები აქვს ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან.


ასევე ხუბუტია ფლობს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს, მოდურ სავაჭრო და საგამოფენო კომპლექს "გოსტინნი დვორს", რომელიც მდებარეობს თითქმის კრემლის ფანჯრების წინ და სადაც იმართება ყველა რუსული მასშტაბური და საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრა-მიღებები. ასევე ამ შენობაში იყო განთავსებული ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიის შტაბიც.


რუსული მედიის მტკიცებით, რადგან "ტრანსფარენსი ინტერნეიშენალი" დიდი ხანია, თანამშრომლობს აშშ-ისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან, ამიტომ ორგანიზაცია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან დაინტერესებულია ხუბუტიასთან კავშირით, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.


იწერება, რომ ბოლო დროს ხუბუტიას ზოგიერთი ქმედება წარმატებით დაემთხვა მის კავშირებს დასავლეთის ორგანიზაციასთან. მაგალითად ის, რომ ხუბუტია დაპირისპირებულია დედაქალაქის ადგილობრივ მმართველობასთან, არავისთვის არ არის საიდუმლო და "ტრანსფარენსი ინტერნეიშენალი" სწორედ ადგილობრივი მმართველობის კორუფციაზე წერდა აქტიურად.


რუსული მედია წერს, რომ ხუბუტიამ ჯერ უღალატა საკუთარ სამშობლოს - საქართველოს და 2008 წელს ქართველებმა "რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე კონფიდენციალური მოლაპარაკებისას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულეს. ახლა კი მეორე სამშობლოსაც მიადგა და ამერიკულ ორგანიზაციას მისი გარემოცვის შესახებ კომპრომატებს აწვდის. მედია ამტკიცებს, რომ ხუბუტია, როგორც გავლენის აგენტი, ფინანსურ სარგებელს იღებს იმით, რომ ამერიკულ ორგანიზაციას ინფორმაციის მიწოდებაში ეხმარება.


"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მიხეილ ხუბუტია არასდროს არ მალავდა რუსეთის ხელისუფლების მიმართ დიდ სიმპათიას, თავს იწონებდა კიდეც პუტინთან კავშირებით, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო პუტინთან მისვლა და ის საქართველოში მიუღებელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, როგორც რუსული ინტერესების, რუსული რბილი ძალის გამტარებელი ფიგურა. ახლა კი რუსეთში დიდი ისტერიული ფონია და როგორც ჩანს, რაღაც ჯგუფს ხუბუტიას ჩაძირვა სურს.


მისი თქმით, რუსეთში ეს "ჯაშუშების ძებნის ისტერია" ადვილად არ გაჩერდება და ალბათ, კიდევ ბევრ ჯაშუშს "გამოავლენენ".


"როგორც ჩანს, შავმა კატამ გაირბინა ალბათ ხუბუტიასა და რუსეთის ხელისუფლების ერთ შტოს შორის. შესაძლოა, პუტინის გარემოცვაა ან სხვა რაღაც დაჯგუფება და აშკარად ჩანს, რომ ვიღაც ძალიან დაინტერესებულია მისი ჩაძირვით, რომ მისი რეპუტაცია ძალიან დაშავდეს.


"ზოგადად, რუსეთში ძალიან ისტერიული ფონია მას შემდეგ, რაც დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები დაიძაბა. საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთში ისედაც მტრულად უყურებდნენ, ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაიხურა და ეტყობა, ახლა ეს მოდაშია, რომ ვიღაცები ჯაშუშებადაც გამოაცხადონ, ისე, როგორც საბჭოთა ხელისუფების დროს ხდებოდა, როდესაც ხალხის მტრებად აცხადებდნენ ადამიანებს. ეს ტრადიცია რუსეთში ისევ ააღორძინეს და ამ პროცესში ერთ-ერთი მსხვერპლი ხუბუტიაა.


"დრო გვიჩვენებს, როგორ მოახერხებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას. დიდი ალბათობით, ფინანსური ინტერესების გადაკვეთის გამო ხდება ეს. ხუბუტია რომ არასდროს იყო პროდასავლური და დემოკრატია საერთოდ არც ესმის, ეს ყველამ იცის. ის ყოველთვის იმპერიული რუსეთის მსახური იყო," - ამბობს კაკაჩია.

წყარო: რეზონანსი