როგორ რეაგირებს ორგანიზმი როცა მას ეშმაკი უახლოვდება?

  • თბილისელები
  • 30 მარტი 19:20, 2018 წელი

ხალხურ გადმოცემებსა და ცრურწმებს თუ დავუჯერებთ, არ არსებობს ადამიანი, დროდადრო ეშმაკი რომ არ ჩასახლებოდეს სულში. სკეპტიკურად უყურებთ ამ მოსაზრებას? აბა, კარგად დაფიქრდით:

ნუთუ, არასდროს დაგისლოკინებიათ ან დაგიმთქნარებიათ? – ჰოდა, ამაშია საქმე! გამოდის, თქვენც ყოფილხართ შეპყრობილი და თან, არაერთხელ. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, თუ, რა თქმა უნდა, იცი, როგორ მოიქცე. თან, დამატებით, რომელიმე ხალხურ ხრიკსაც თუ გაიხსენებთ, სახლს უწმინდურებისგან რომ გაწმენდს, ეშმაკი ნამდვილად ვერაფერს დაგაკლებთ. ამ ყველაფერში დახმარებას კი, გაგვიწევს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ეთერი.


– ვიცი, რომ წყალი უნდა დალიო სლოკინის დროს, მაგრამ ეშმაკს თუ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი...


– ჰო, მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რადგან ყველას აგვტეხია სლოკინი, მაგრამ შედეგზე არასდროს დავფიქრებულვართ. თანაც, სლოკინი, რომ იტყვიან, ძირითადად, „კარგ პონტში” გვეწყება: სუფრასთან, სიცილის ან ერთი კარგი, მამაპაპური დამთქნარების შემდეგ. ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული: ფართოდ გაღებული პირი სულის კარია, რომელშიც ამ დროს ეშმაკი ჩაძრომას ასწრებს. ორგანიზმი კი სწორედ სლოკინით, განგაშის ზარს სცემს და ამის შესახებ პატრონს ატყობინებს: გაისარჯე და თავს უშველეო. შეწყდება სლოკინი? – ესე იგი, ეშმაკისგანაც თავისუფალი ხართ. ამისთვის კი, ორივე ხელის ნეკი და ცერი თითები შეაერთეთ და პირზე აიფარეთ, თან, სუნთქვაც შეაჩერეთ. ბოროტი სული ჰაერის უკამარისობისგან დაიხრჩობა. უფრო გავრცელებულია მინიშნება, რომ სლოკინისას თქვენს ნაცნობთაგან, ვიღაც სწორედ იმ მომენტში გახსენებთ. თუ მსუბუქია სლოკინი – ცუდს არაფერს ამბობენ თქვენზე, ხოლო თუ გაგიმძაფრდათ, ესე იგი, გამწარებული გჭორავენ.


– შეიძლება, იმის გაგება, ვინ არის ჩვენი სლოკინის მიზეზი?


– იმ იდუმალი პიროვნების ვინაობის გაგება, რომელიც არათუ ლაპარაკის, გაჩუმების საშუალებასაც არ გაძლევთ, მით უმეტეს, მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან უფრო მეტიც, სიტყვით გამოსვლისას, რა თქმა უნდა, ყველას მოუნდება. მინიშნება კი ასეთია: ამ დროს ხმამაღლა უნდა დაიწყოთ ნაცნობ-მეგობართა სახელების ჩამოთვლა და როცა საჭირო სახელს დაასახელებთ, ეშმაკს შეეშინდება, სხვისკენ „გაქუსლავს” და შესაბამისად, სლოკინიც შეგიწყდებათ. თუმცა, მიღებებსა და კონფერენციებზე ეს მეთოდი არ გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში, არ ღირს ნაცნობ-მეგობართა გახსენებით თავის შეწუხება, თან ხომ შეიძლება, ვინმე გამოგრჩეთ?! ამიტომ, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით ჯვარი დაუსვით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მარცხენა ფეხის წინდას. სულ ეს არის. თუმცა, უმეტესობა სლოკინის შესაწყვეტად წყალს სვამს მცირე ყლუპებად. ამ დროს ადამიანში ჩასახლებული ეშმაკი, ბოროტი სული, ვნებს მხოლოდ მას და არა ვინმეს სხვას, გარშემო მყოფთაგან... და თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება, ის ქურდიც კი აღმოჩნდეს. ამბობენ, ვისაც ასლოკინებს, მან აუცილებლად რაღაც მოიპარაო.


– მთქნარება კი გათვალვამ იცისო, გამიგია...


– მეცნიერთა თვალსაზრისით, მთქნარება ორგანიზმის უბრალო, ფიზიოლოგიური რეაქციაა, რომელიც მიუთითებს: სისხლში ჟანგბადის მიწოდების შეფერხებაზე, დაღლილობაზე, ნერვიულობაზე... თან, გადამდებია. ამ დროს რას ვაკეთებთ? – ხელს პირზე ვიფარებთ და არა მხოლოდ ზრდილობის გამო. ადრე ეს უბედურებისგან თავდასაცავი საშუალება გახლდათ: ანუ, ხელით კეტავდნენ სულის ამოსასვლელს, რომ დამთქნარებისას სული სხეულიდან არ გამსხლტარიყო. სხვა ვერსიით კი, ამ წესით, პირიქით, სხეულში გარედან არ უშვებდნენ ბოროტ ძალას. როგორც აღნიშნეთ და ეს მართლაც ასეა: მთქნარებას გათვალვა იწვევს, ხოლო თუ ავადმყოფი ამთქნარებს ხშირად, ეს უკვე ჯადოა არაკეთილმოსურნეთა მხრიდან. მაგრამ, არ იფიქროთ, რომ მთქნარება ყოველთვის ცუდის მანიშნებელია. ხომ არის შემთხვევა, რომ ჯანმრთელიც ხართ, გამოძინებულიც და არც დაღლილობას გრძნობთ, მაგრამ პირს მაინც ვერა და ვერ ხურავთ. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოემზადოთ, თქვენკენ სტუმრები მოიჩქარიან. არსებობს მინიშნება მთქნარების გადადებასთან დაკავშირებითაც. თქვენთან ერთად სხვამაც თუ დაამთქნარა, ესე იგი, მოსწონხართ, მაგრამ თუ ამაში არ აგყვათ, მისი მხრიდან სიმპათიაზეც არ იფიქროთ.


– ხომ არის, სახლში, კონკრეტულ ადგილას რომ გამთქნარებს, მაგალითად, ტელევიზორთან, საძინებელში... ესე იგი, იქ უარყოფითი ენერგია მძლავრობს? როგორ დავაღწიოთ მას თავი?


– ხალხური გადმოცემები უამრავ მეთოდსა და რიტუალს გვასწავლის სახლის ნეგატივისგან გასაწმენდად. არსებობს ნივთების გრძელი ჩამონათვალი, რომელთაც სახლში ბედნიერება შეაქვს. ავიღოთ ნალი – მას იღბალი და ჯანმრთელობა მოაქვს ოჯახში. ამბობენ, რომ იღბალი ყოველთვის ცხენით დადისო. ცხენს კი ნალი სჭირდება, რომელიც მას თქვენი სახლის გზას მოასწავლის. ძალიან მნიშვნელოვანია, ნალს სწორად მიუჩინოთ ადგილი, საიდანაც, მისი წყალობით, სახლში იღბლიანობა და შემოსავალი იმატებს, მწუხარება და ავადმყოფობა კი, გვერდს აუვლის. ნალის მაგიური უნარი რომ გააქტიურდეს, მას მთელი სახლი უნდა აჩვენოთ, გააცნოთ ოთახთა განლაგება და შესთხოვოთ იღბალი და კეთილდღეობა. არც ის დაგავიწყდეთ, რომ შეახსენოთ, რაში შეუძლია, დახმარება.


– საპონზეც გამიგია, ნეგატივს ხსნისო და რა რიტუალია ამისთვის საჭირო?


– ჩვეულებრივ საპნის ნაჭერს, რომელიც სისუფთავისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა, უამრავი ხალხური გადმოცემა უკავშირდება. თუმცა, ბევრმა არაფერი იცის ამის შესახებ. ამიტომ, კარგად დაიმახსოვრეთ, სააბაზანოს განწმენდისა და სუფთა ენერგეტიკის დასამკვიდრებლად, აიღეთ საპნის გამომშრალი ნაჭერი და ბაფთიან, ლამაზ კოლოფში შეფუთულს იქ ადგილი მიუჩინეთ. საპნის დამცველი ფუნქციის გასააქტიურებლად კი, ასეთი რიტუალი ჩაატარეთ: აანთეთ თეთრი სანთელი, აიღეთ საპნის ორი ნაჭერი, ქიმიური დანამატების გარეშე და ორივე მათგანით დაიბანეთ ხელები იდაყვებამდე. თან, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „როგორც წყალი აცლის ხელებს ქაფის საშუალებით ჭუჭყს, ასევე იცავს საპონი სახლს სიბინძურისგან, ავი თვალისგან, ნეგატივისგან, სკანდალებისგან”. მერე საპნის ერთი ნაჭერი დადეთ სააბაზანოში, მეორე კი – ტუალეტში.

წყარო: თბილისელები