როგორ გააბითურეს ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელებმა ქუთაისელი "კაგებეშნიკი" პლატონიჩი

  • თბილისელები
  • 29 მარტი 14:35, 2018 წელი

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ჯემალ ზეინკლიშვილი ასეთ კურიოზს იხსენებდა: "1959 წელს თბილისის "დინამო" ამხანაგური მატჩების გასამართავად საფრანგეთსა და ბელგიაში იმყოფებოდა.

იმ პერიოდში ყველა საბჭოთა დელეგაციას უცხოეთში "კაგებეშნიკი" დაჰყვებოდა. ჩვენ ერთი დიდცხვირა ქუთაისელი "კაგებეშნიკი" გამოგვაყოლეს, რომელსაც პლატონიჩს ვეძახდით. მიშა მესხმა მითხრა:


– ჯემალ, ამ პლატონიჩს უამრავი ხიზილალა და რამდენიმე ყუთი წითელი ღვინო აქვს წამოღებული. მოდი, რაიმე ოინი მოიფიქრე და „გავწეწოთო“.


მე მართლაც მოვიფიქრე ერთი ოინი. მიშას მოვუყევი. მოეწონა და ავმოქმედდით. პლატონიჩთან ერთი ბოთლი ღვინით შევედი. დავუსხი, დავლიეთ და ვუთხარი:


– პლატონიჩ, ხიზილალა მქონდა წამოღებული, გავყიდე, ბლომად ფული ვიშოვე-მეთქი.
პლატონიჩმა "ჭამა". თვალები აენთო. ცხვირი გაუწითლდა და მითხრა:


– მეც მაქვს წამოღებული ორი ჩემოდანი და იქნებ გამაყიდინოო.


გეგმის მიხედვით, მე, მიშა მესხი და პლატონიჩი პირველსავე მაღაზიაში წავედით, რომელიც ჩვენი სასტუმროდან კილომეტრ-ნახევარში მდებარეობდა. თან, ცოტა ხიზილალა წავიღე (პრობნი გაყიდვისთვის). პლატონიჩი და მიშა მესხი "ატანდაზე" დადგნენ, რომ ვითომდა, ვინმეს არ "დავეწვით". მე კი მაღაზიაში შევედი, იღლიაში ხიზილალაამოჩრილი. ცოტა ხნის მერე კართან მივედი და უცებ ადგილს მოვწყდი, ხოლო მიშასა და პლატონიჩს რომ ჩავუქროლე, მივაძახე: უშიშროება მოგვდევს-მეთქი. წარმოიდგინეთ, "კაგებეშნიკი" პლატონიჩი რომ ადგილობრივ უშიშროებას დაეჭირა, რას უზამდნენ უკან მობრუნებულს საბჭოეთში. ამიტომ, პლატონიჩმა ისეთი "მოხია", ლამის მიშას გაასწრო. მესხი და პლატონიჩი სასტუმროში შევარდნენ. მე კი, ვითომ მდევარი გავიტყუე, ცოტაც ვირბინე და სასტუმროში ოფლიანი დავბრუნდი. პლატონიჩის ხიზილალა დავმალე, მას კი ვუთხარი:


– პლატონიჩ, კუდი მოვიშორე. ხიზილალა კი – გადავაგდე-მეთქი.


ხიზილალას დარდი ჰქონდა "გადარჩენილ" "კაგებეშნიკს".


– ხიზილალის მეტი რა მაქვსო, – შვებით ამოისუნთქა პლატონიჩმა და მე და მიშას „პაეზდკის“ ბოლომდე ხიზილალა და წითელი ღვინო არ მოგვკლებია მისგან.


ამ ამბიდან ათი წლის შემდეგ ქუთაისში, ერთ სუფრაზე მოვხვდი და პლატონიჩიც იქ იყო. რომ შევქეიფიანდი, ეს ისტორია სუფრაზე მოვყევი. პლატონიჩს ის გრძელი ცხვირი გაუწითლდა ნერვიულობისგან. პისტოლეტი გააძრო და ძლივს დააწყნარეს. ბოლოს კი მითხრა, ჯემალ ზეინკლიშვილი არ იყო, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდიო.

წყარო: თბილისელები