საქართველოში სექსუალური სკანდალების სერია იწყება

  • რეზონანსი
  • 26 მარტი 00:08, 2018 წელი

სექსუალურ შევიწროებაში ამჯერად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძეს ადანაშაულებენ - მას სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა.

როგორც ირკვევა, უახლოეს მომავალში საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სექსუალური შევიწროების კიდევ არაერთი შემთხვევა გასაჯაროვდება, რადგან ბოლო მოვლენებმა ქალები საკუთარ ისტორიებზე აალაპარაკა და მათგან რამდენიმე კეისი სახალხო დამცველის შესწავლის ობიექტია.


ქალთა უფლებების დამცეველები "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ ორგანიზაციას სისტემატურად მიმართვენ ის ქალები, ვინც საჯარო პირების მხრიდან სექსუალურ შვიწროებას განიცდიან, თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ამ ეტაპზე ამის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.


რაც შეეხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრხელიძის მიმართ არსებულ ბრალდებებს, ომბუდსმენის ოფისის დასკვნა გასაჯაროებული არ არის, თუმცა სახალხო დამცველის სამსახურში ადასტურებენ, რომ დადგენილია მოქალაქის სექსუალური შევიწროების ფაქტი სქესის ნიშნით.


სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ დასკვნის შემდეგ მათ მიმართეს შემავიწროებელს პრევენციის ზომების რეკომენდაციით, კერძოდ, მომავალში მსგავსი შემთხვევების გამორიცხვისა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა დოკუმენტის მომზადების რჩევით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.


თავად ახალგაზრდა ქალი, რომელიც უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ, ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის მიუხედავად, რომლის გავლაც მას მოუწია, დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა გაბედა, მის დაჩაგვრას დღემდე ცდილობს.


"პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სახალხო დამცველის დასკვნა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მე არ მეხებოდა. არათუ ბოდიშიც არ მოუხდია არავის, პირიქით, ჩემზე ზეწოლა გაგრძელდა. მე იძულებული გავხდი, 2016 წელს დამეტოვებინა საჯარო რეესტრი, სადაც მრავალი წელი ვიმუშავე. მაგრამ ის მემუქრებოდა, რომ ახალ სამსახურშიც შემიქმნიდა პრობლემებს", - ამბობს დაზარალებული. მისი თქმით, უგრეხელიძე სამსახურში ავიწროებდა არა მხოლოდ იმ ქალებს, ვინც "მოსწონდა", არამედ მათაც, ვინც "არ მოსწონდა", რომ თანამშრომლების ჩაგვრა მისი მუშაობის ბუნებრივი ხელწერა და "სტილია" და თანამშრომლებს, მათ შორის კაცებსაც, სხვადასხვა მიზეზით მუდმივ სტრესში ამყოფებდა.


დაზარალებული ამბობს, რომ 2017 წელს, ომბუდსმენის დასკვნის მომზადების შემდეგ, მან დოკუმენტი იუსტიციის მინისტრსაც გაუგზავნა, თუმცა ამ ნაბიჯსაც რეაგირება არ მოჰყოლია. მისი ინფორმაციით, მინისტრმა დისკრიმინაცია უმნიშვნელოდ ჩათვალა და ის ვერბალურ ჰარასმენტად მიიჩნია.


იუსტიციის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, თავად პაპუნა უგრეხელიძე კი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.


საქართველოში სექსუალური შევიწროების შესახებ ღიად საუბარი 2016 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ აღნიშნული ბრალდებით შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლა. მოგვიანებით, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ შალვა რამიშვილი დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.


2017 წლის ოქტომბერს იყო ბრალდებები ცნობილი პროფესორის, თამაზ აქუბარდიას მიმართ, რომელსაც ყოფილი მოსწავლე სექსულურ შევწიროებაში ამხელდა, თუმცა თავად პროფესორი ბრალდებებს უარყოფს.


სულ ახლახან კი სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა დაადანაშაულა. როგორც ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, აქ საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან, გარდა შევიწროებისა, საქმე ძალადობის მცდელობასაც ეხება.


ზვიად დევდარიანი ძალადობის ფაქტებს უარყოფს და აცხადებს, რომ სამართლებრივი დავისთვის მზად არის.


როგორც ქალთა უფლებადამცველები აცხადებენ, სწორედ ამ ბოლო მოვლენების შემდეგ, ქალები მათ ორგანიზაციას სექსუალური შევიწროების ისტორიებით სისტემატურად მიმართავენ. თუმცა, "ქალთა მოძრაობის" წევრი იდა ბახტურიძე აღნიშნავს, რომ, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, კონკრეტული პირების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.


"ბოლო გახმაურებული ამბების შემდეგ, ქალებმა დაიწყეს სხვადასხვა სექსუალური შევიწროების კეისების შესახებ საუბარი. მათ შორის იყო ბოლოს გახმაურებული უგრეხელიძის ამბავი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაზე სახალხო დამცველს დოკუმენტი უფრო ადრე ჰქონდა მომზადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტი დადასტურებულია.


"რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, გვწერენ მეგობარი ან ახლობელი ქალების ისტორიებსაც, ისევე, როგორც საკუთარ გამოცდილებას, როდესაც ისინი განიცდიდნენ ან განიცდიან სექსუალურ შევიწროებას საჯარო, გავლენიანი და ცნობილი პირების მხრიდან.


"თუმცა, ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები არ გავაქვს. შესაბამისად, ვერ გავასაჯაროებთ. თუმცა, იმედია, ეს ქალები გაბედავენ, რომ სახალხო დამცველთან მაინც იდავონ საკუთარ შემთხვევებზე", - აცხადებს იდა ბახტურიძე.


მისი თქმით, სექსუალური შვიწროების დადგენას ისეთივე მყარი მტკიცებულებები სჭირდება, როგორიც სხვა ნებისმიერ დანაშაულს.


"გროვდება სხვადსხვა სახის მტკიცებულებები, მოწმეები, ამით უნდა დაადასტურო შემთხვევა. საკმარისი არ არის, მხოლოდ მიხვიდე და თქვა, კონკრეტული ადამიანი მავიწროვებსო. ამაზე იყო კიდეც აჟიოტაჟი, რომ ხომ შეიძლება, ვიღაცამ გამოიყენოს შანტაჟისთვის და ა.შ.


"ეს უსაფუძვლოა, რადგან ნებისმიერ ასეთ შემთხვევას სჭირდება შესაბამისი დადასტურება. ხშირად სწორედ ამიტომაც არის მსხვერპლისთვის სექსუალური შვიწროების დადასტურება ძალიან რთული. თუმცა, მოწმეებისა და მტკიცებულებების დართვა აუცილებელია, რომ ადამიანს სამართლებრივად ვედავოთ", - აცხადებს იდა ბახტურიძე.


მედიაექსპერტი ნინო დანელია "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ საჯარო პირების მხრიდან თანამშრობლების სექსუალური შევეწროების კიდევ ბევრი შემთხვევაა მათთვის ცნობილი, თუმცა სანამ კეისებს სახალხო დამცველი არ შეისწავლის, დეტალებს ვერ გაასაჯაროებს.


"ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან თავად ამ ქალებს არ სურთ ამ თემების გასაჯაროება. ჩვენ ვესაუბრეთ სახალხო დამცევლს, ის სწავლობს ამ შემთხვევებსაც.


"უგრეხელიძის საქმე უკვე შესწავლილია და გამოტანილია დასკვნა. ახლა ამ საქმეებზე ველოდებით ომბუდსმენს და რაც მთავარია, ვითვალისწინებთ ქალების სურვილს, ამიტომ ამ შემთხვევებზე არ ვსაუბრობთ მანამ, სანამ სახალხო დამცველი არ დადებს საკუთარ სამართლიან და კომპეტენტურ დასკვნას", - აცხადებს ნინო დანელია.

წყარო: რეზონანსი