რა უბედურების მოტანა შეუძლია სახლში მიტანილ დაკრეფილ ენძელებს

  • თბილისელები
  • 8 მარტი 18:19, 2018 წელი

შემოიჭრა გაზაფხულის სურნელი – გამოჩნდა პირველი ყვავილები. მათ შორის, უპირველესმა კი, ჯერ კიდევ თოვლქვეშ რომ გაიღვიძა, ბუნების გამოცოცხლება უნაზესი „ზართა რეკვით” ამცნო ქვეყანას.

ჰო, წორედ „თოვლის ზანზალაკებიან” უნატიფეს ენძელაზე მოგახსენებთ, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არა მარტო გაზაფხულის პირველი ყვავილი, არამედ, საერთოდ, პირველი ყვავილია დედამიწის ზურგზე. თუმცა, უსამართლობა იქნება, აქვე, იებიც, არ ვახსენოთ; „გაზაფხულის ყვავილია ია”, – გახსოვთ, ალბათ, ყველას. მოკლედ, თემა გასაგებია, მასთან დაკავშირებულ ხალხურ გადმოცემებზე, მაგიურ მინიშნებასა და ცრურწმენებზე კი, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლალი გვიამბობს.


– გამიგია, რომ გაზაფხულის ამ ულამაზეს ყვავილს, უამრავი ლეგენდა და მინიშნება უკავშირდება...


– ერთ-ერთ ლეგენდაზე მოგახსენებთ. მას შემდეგ, რაც ადამი და ევა სამოთხიდან განიდევნენ, დადგა ზამთარი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა. სიცივე და ყინვა არავის ინდობდა. ევამ ვეღარ გაუძლო და ატირდა. გულდაწყვეტილი იხსენებდა სამოთხის სითბოს, ბაღებსა და წალკოტს. შეებრალა ღმერთს და მისი ცრემლები ამქვეყნად ყველაზე უნაზეს ყვავილად აქცია. ასე აღმოცენდა ენძელა თოვლზე, როგორც გაზაფხულის დესპანი ბუნების წინაშე. მას შემდეგ ენძელა სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოების გმირი გახდა და მათ შორის, ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების ობიექტიც. სიმბოლური დატვირთვა აქვს მისი ყვავილის, ეგრეთ წოდებულ, „თოვლის ზარების” თეთრ ფერს: თავად სუფთა და უბიწო უწმინდურ ძალთა გავლენისგან გვიცავს. ამიტომ, სასურველია, ენძელები სახლის შესასვლელთან დაირგოს. ქალაქის სახლებში კი ფანჯრის რაფაზე გაახარეთ, როგორც ერთგული მფარველი. განსაკუთრებით სასურველია ტყეში ნაპოვნი ენძელა: ის ხომ მიუწვდომელ ოცნებას აგიხდენთ და საიდუმლო სურვილს ცხადად გიქცევთ. გასათხოვარი გოგონასთვის ენძელა საბედოსთან შეხვედრის საწინდარია, რასაც მალე ქორწილიც მოჰყვება. ყმაწვილს კი მიმზიდველი პერსპექტივა გადაეშლება წინ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. ხომ ამდენ სიკეთეს გვძენს ბუნების სიცოცხლის საწყისი, ეს უნაზესი ყვავილი, მაგრამ, გაფრთხილდით, არ დაკრიფოთ და სახლში არ მიიტანოთ. ეს შეიძლება, ოჯახის წევრის სიკვდილის საწინდარიც კი გახდეს. არც მძიმე ავადმყოფს მიართვათ. განსკაუთრებით ავისმომასწავებელია ბინაში ენძელას მხოლოდ ერთი ყვავილის მიტანა. ენძელა რომ იპოვოთ, ამისთვის ტყეში წასვლა დაგჭირდებათ, მაგრამ თუ გიყვართ ეს ყვავილი და გინდათ, რომ გაზაფხულზე მანაც გაგახაროთ – დარგეთ ის საკუთარ ყვავილნარში, ბაღჩაში ან სულაც საყვავილე ქოთანში ფანჯრის რაფაზე.


– გაზაფხულის ყვავილია იაც, თან, ნაირ-ნაირი სახეობის. განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა მისი სახლის პირობებში გახარებული ჯიშები და ვიცი, რომ უამრავი მინიშნებაა ხალხში გავრცელებული მასზე...


– ია, უპირველეს ყოვლისა, ულამაზესი ყვავილია, რომელიც ქალთა უმეტესობას მოსწონს და ფანჯრის რაფებზეც ახარებს. მაგრამ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც კარგი მოაქვს, არამედ, უპირველესად, თვალს აამებს. თუმცა, არც ის იქნება ურიგო, ხალხურ გადმოცემებსაც დაუგდოთ ყური და წინაპართა დაკვირვების შედეგად მიღებული გამოცდილება გაითვალისწინოთ. უპირველესად, იცოდეთ, რომ იები ოჯახური წყვილისთვის სახლში ჰარმონიას, სიმყუდროვესა და თბილ, კეთილგანწყობილ ატმოსფეროს ქმნის. თუ ოჯახში ხშირია კონფლიქტი, მოაშენეთ ეს პატარა, ულამაზესი ყვავილი და მალე ნახავთ, კამათი და უსიამოვნება თანდათან როგორ მოიკლებს. ამ მცენარეს „მშვიდობის მტრედად” მიიჩნევენ.


– ერთი ახლობლის ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა. მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი დაიქნიაო, მარტოხელა შორეულმა ნათესავმა მემკვიდრეობით დიდძალი ქონება დაუტოვა. იცით, რამ გამახსენა ეს ამბავი? ის ჩემი მეგობარი სწორედ სახლში იების აყვავებას აბრალებდა მთელ ამ სიკეთეს და თავგამოდებით მიმტკიცებდა, ნამდვილად ასეაო...


– და ეს რეალობისგან მართლაც არ არის შორს. როცა სახლის პირობებში ია კარგად ხარობს, ყოველთვის ცოცხალი და მოვლილია, მისი დადებითი ენერგეტიკა თქვენთან არა მარტო სულიერ კეთილგანწყობას მოიზიდავს, არამედ ფინანსურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფს. თანდათანობით ოჯახის შემოსავალი მოიმატებს, მაგრამ, რატომღაც არავინ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ოთახის ამ პატარა ჯადოქრის დამსახურებაა. სუსტი ჯანმრთელობის ახალშობილს კი, საკმარისია, საწოლთან ქოთნით ია დაუდგათ, რომ მალე ბავშვი ძალასაც მოიკრებს და ფიზიკურადაც გამაგრდება.


– იის მაგიას სიყვარულშიც შეუძლია, დაგვეხმაროს?


– თუ დღემდე არ შეხვედრიხართ თქვენს სიყვარულს, ამაშიც შეუძლია იას დახმარება. ერთ მშვენიერ დღეს ადრე, მზის ამოსვლამდე ადექით, მოწყვიტეთ იის ერთი ყვავილი და ყოველთვის თან ატარეთ. ძალიან მალე, გზაზე შეხვდებით თქვენს ნამდვილ სიყვარულს. თუმცა, ეს რიტუალი აუცილებლად ორშაბათ დილას უნდა შეასრულოთ. სხვა დღეებში იას ასეთი მაგიური ძალა არა აქვს.


– იისფერიო კი ვამბობთ, მაგრამ ია სხვადასხვა ფერისაცაა. ალბათ, ამას თავისი მაგიური დანიშნულებაც აქვს?


– იის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხალხური გადმოცემების მიხედვით, თეთრი ია სულიერ განცდებს აამებს და ტანჯვას განდევნის ჩვენგან. ცისფერი ია რეკომენდებულია, კაბინეტში გაახარონ: პოეტებმა, მწერლებმა, მხატვრებმა და საერთოდ, ყველა შემოქმედმა ადამიანმა. როგორც შთაგონების წყარო, ის ამაღლებს შემოქმედებით აქტივობას. წითელი ია აქვეითებს მადას. ამიტომ, თუ ზედმტი კილოგრამების დაკლება გსურთ, წითელი იები დაიდგით სასადილოში.


– თუმცა, ვიცი, რომ არსებობს იის გავლენის უკეთური მხარეც...


– არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაშენოს სახლში ია გაუთხოვარმა ქალმა. ასეთ შემთხვევაში, დიდია რისკი, მან საერთოდ მარტოხელობაში გაატაროს ცხოვრება. თუმცა, ეს არ ვრცელდება გათხოვილ ქალზე. არაფრით არ შეიძლება, იის უცხო ქალისგან ყიდვა – ეს გაგიფუჭებთ არა მარტო ხასიათს, არამედ თქვენს ცხოვრებაში ეგრეთ წოდებულ შავ სარტყელს გახსნის. ისეთი ვერსიაც არსებობს, რომ ოთახის იები შეიძლება, პატრონისთვის ენერგეტიკულ ვამპირად იქცეს. მაგრამ, იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, იები დადგით იქ, სადაც უხვადაა მზის სინათლე. მცენარე საჭირო რაოდენობის ბუნებრივ ენერგიას თუ არ იღებს, მაშინ ის დანაკლისს ადამიანებისგან ივსებს. ასევე, არ არის სასურველი, თუნდაც უნებლიეთ, სხვის მიერ ყვავილების მორწყვას შეესწროთ. ეს ძველ მოგონებებს აგიშლით, რაც არც თუ სასიამოვნო გასახსენებელია თქვენთვის – რომ იტყვიან, სევდა შემოგაწვებათ. რაც შეეხება იების გაჩუქებას, მხოლოდ დიდ თაიგულად შეკრულს თუ გასცემთ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ რიგ პრობლემებს წააწყდებით და არც იმედგაცრუება აგცდებათ. როგორც ხედავთ, მინიშნებები იებზე შეიძლება, იყოს კარგიც და არც ისე კარგიც. მაგრამ, უმეტესად ამ უალამაზეს ყვავილებს სიხარული უფრო მოაქვს ჩვენთვის.

წყარო: თბილისელები