ევროპაში "ჩასაბარებლად" წასვლა აზრს კარგავს, ამის ყველა მსურველს დეპორტაცია ემუქრება

  • რეზონანსი
  • 7 მარტი 10:30, 2018 წელი

როგორც ჩანს, ევროპაში "ჩასაბრებლად" წასვლა აზრს კარგავს.

გერმანია, ისევე როგორც დასავლეთი და ჩრდილოეთი ევროპის სხვა მდიდარი ქვეყნები, რომლებიც საქართველოდან "გაქცევის" მსურველთა მთავარი სამიზნე იყო, თითქმის ყველა მათგანს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს ეტყვის, რის გამოც მათ უკან დაბრუნება მოუწევთ ან გამოადეპორტებენ. ამასთანავე, მათ შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა საერთოდ აეკრძალებათ, - ახალ, გამკაცრებულ ზომაზე განცხადებას თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოსული გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელი აკეთებს.


ხოლო საფრანგეთის ელჩი თბილისს სთხოვს, რომ განსაკუთრებით მკაცრად გაკონტროლდეს ქუთაისის აეროპორტი, საიდანაც ძალიან ხშირია უვიზო მიმოსვლის წესების დამრღვევი და კრიმინალი ქართველების გამგზავრება ევროპაში.


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ასეთ მიდგომას მიესალმება. ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებმა ჩვენს მოქალაქეებს თავშესაფარზე უარი უნდა უთხრან, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. აცხადებს, რომ იმისთვის, რათა მომავალში საფრთხის ქვეშ არ დადგეს ვიზალიბერალიზაცია, გარკვეული ზომების მიღება უკვე დაწყებულია. მათ შორის ერთ-ერთია გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებაც. თუკი აქამდე გვარის შეცვლა ადამიანს თუნდაც წელიწადში რამდენჯერმე შეეძლო, ახალი რეგულაციით, სრულწლოვანების შემდეგ ადამიანი ამის გაკეთებას სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეძლებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ცვლილებები ქორწინება-განქორწინებას არ ეხება.


თბილისში გერმანიის შს და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები იმყოფებიან, განხილვის საგანი თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი სტატისტიკა, ქართველების მასობრივი დეპორტაცია და კრიმინალის ზრდის საფრთხეა.


შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგ განცხადებებიც გაკეთდა. გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ვიზალიბერალზაციის შემდეგ თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 3-ჯერ არის გაზრდილი. იანვარში 700 განაცხადი იყო და ყველა მოთხოვნას უარი ეთქვა.


"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საკითხზე, რაც ჩვენი საერთო მიზანია. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გასული თვეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ამიტომ გერმანიაში არ მიგვაჩნია, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა განაცხადი თავშესაფრის მინიჭებაზე უარყოფილია და ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში, თუ საჭირო გახდა, იძულების წესითაც კი. მათ აეკრძალებათ შენგენის ზონაში ხელახლა შესვლაც," - განაცხადა გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენელმა ქრისტიან კლოსმა.


თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს შორის გაზრდილ კრიმინალზე განცხადება ასევე გააკეთა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მონიემ, თუმცა დიპლომატი ასევე ამბობს, რომ საფრანგეთი ამ ეტაპზე არ აყენებს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს, რადგან ამით "წესიერი ხალხი" არ დაზარალდეს.


"შეშფოთებული ვართ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაული გაზრდილია საფრანგეთში. უფრო მეტი მაჩვენებელია გერმანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებშიც. როდესაც ვამბობთ, რომ ძალიან გაზრდილია, იგულისხმება, რომ ზოგჯერ ზრდა 100%-ზე მეტია. შესაძლებელია, ქვეყნების ნაწილმა დააყენოს შეჩერების მექანიზმის საკითხი, მაგრამ ამ ეტაპზე საფრანგეთი ამის გაკეთებას არ აპირებს. არ გვინდა, პოლიტიკურად დავსაჯოთ წესიერი ხალხი დამნაშავეების ცუდი საქციელის გამო", - აცხადებს პასკალ მონიე.


დიპლომატის თქმით, პირველი, რაც მათ სურთ, ესაა "გამკაცრება გასვლის მხრივ" და განსაკუთრებით დიდი კონტროლი უნდა დაწესდეს ქუთაისის აეროპორტში.


"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს და საზღვარზე არ გაატაროს ის ადამიანები, რომლებიც შენგენის ზონაში მოგზაურობის ნაცვლად დანაშაულის ჩასადენად შედიან. საზღვარზე კონტროლი ადვილი არ არის, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საქართველომაც და ჩვენმა ქვეყნებმაც",- ამბობს პასკალ მონიე - "ქუთაისი-ბერლინის ფრენები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი აეროპორტი. გვინდა, იქ კონტროლი გავამკაცროთ, რათა საეჭვო პირები შენგენის ტერიტორიაზე არ დაუშვან. შემდეგი თანამშრომლობა არის ორმხრივი თანამშრომლობა ფრანგ და ქართველ პოლიციელებს შორის".


ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძის თქმით, მთავარი პრობლემა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაა და ეს რომ შემცირდეს, იმავე გერმანიამ ორი რამ უნდა გააკეთოს: ერთი - საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიაროს და მეორე - თავშესაფრის მოთხოვნის აპლიკაცია განიხილოს რაც შეიძლება სწრაფად.


"ეს შეხვედრები უკვე კარგია, შესაძლოა, რაღაც საერთო გამოსავალი მოძებნონ. რაც გერმანიამ შემოგვთავაზა, შესაძლოა, ამან იმუშაოს, მაგრამ ეს თავშესაფრის მოთხოვნების პრობლემას ვერ მოხსნის. ძირითად შემთხვევაში, ვინც თავშესაფარს ითხოვს, მათ კარგად იციან, რომ უმცირესი შანსი აქვთ, თავშესაფარი მიიღონ, მაგრამ მიდიან იმიტომ, რომ სანამ მათი აპლიკაციის განხილვა მოხდება, მიიღონ სოციალური ბენეფიტები. შესაძლოა, ნაწილმა მომავალში თავი შეიკავოს, მაგრამ ნაწილი მაინც წავა. პრობლემის სრულად აღმოფხვრის ერთადერთი გზა არის ის, რომ ამ ქვეყნებში ორი რამ მოხდეს, ერთი - საქართველო გადავიდეს უსაფრთხო ქვეყნების რიგში და მეორე - აპლიკაციის განხილვის ვადა მაქსიმალურად შემცირდეს, რადგან თავშესაფრის მოთხოვნის მიმზიდველობა ისაა, რომ ეს ადამიანები სოციალურ სარგებელს იღებენ და მათ ხელთ აძლევთ აპლიკაციის განხილვის გაჭიანურების პროცესი. თუკი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღეში მოხდება, ნაკლები სურვილი ექნებათ, თავშესაფარი მოითხოვონ," - ამბობს ჩხიკვაძე.


ჩხიკვაძის თქმით, როდესაც გერმანია ასე აქტიურად საუბრობს ამ საკითხზე, ისინი ნამდვილად გულისხმობენ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას და მაინცდამაინც მშვიდად არ უნდა ვიყოთ.


"იმედია, გერმანიაში ითავისებენ, რომ ეს არ იქნება ტექნიკური გადაწყვეტილება და მარტო უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ამას პოლიტიკური განზომილებაც ექნება და ამან შესაძლოა, დიდი ალბათობით, იმოქმედოს იმავე ევროინტეგრაციის მხარდამჭერების რაოდენობაზე ქვეყანაში. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ანტიევროპულ განწყობებზე დაასხამს წყალს," - დასძენს ჩხიკვაძე.

წყარო: რეზონანსი