როგორ ურთულდება ცხოვრება ქალს, რომელიც ცოლად მეგობრის ძმას მიჰყვება

  • თბილისელები
  • 28 თებერვალი 16:37, 2018 წელი

ზოგჯერ ცხოვრება სიურპრიზებს გვიწყობს. ეს მაშინ ხდება, როცა ბოლომდე ვერ ვახერხებთ გვერდით მდგომთა შეცნობას.

ხდება ისე, რომ ვცხოვრობთ ადამიანის სიახლოვეს, გვგონია, რომ ის ჩვენთვის ყველაზე ახლობელია, მერე კი აღმოვაჩენთ, რომ სულაც არ ნდომია ჩვენთვის სიკეთე. უფრო მეტიც – შეიძლება, მტრადაც კი გექცეს. უამრავ კითხვაზე კი პასუხი გაუცემელი რჩება.


მარიკა (29 წლის): რატომღაც მეგონა, რომ ადამიანებში კარგად ვერკვეოდი. სინამდვილეში, სასტიკად ვცდებოდი. ისეთმა ადამიანებმა დამიწყეს ძირის გამოთხრა, ყველაზე მეტად რომ ვენდობოდი. სამი წლის წინ, რაღაც უცნაური ამბავი დამემართა – დავშორდი შეყვარებულს, რომელსაც ოთხი წელი ვხვდებოდი და მეგონა, ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი იყო და ლამის ორჯერ გავთხოვდი.


– ორჯერ გათხოვდით?


– ანუ, ორჯერ კინაღამ გავთხოვდი – ამის თქმა მინდოდა. თითქოს ვიღაცამ ჯადო გამიკეთა. ჯერ გადავირეოდი „ტიპზე“, ბოლო წუთს კი თავს ვიკავებდი. ბუნებრივია, ამაზე ველაპარაკებოდი საუკეთესო მეგობარს, რომლის დედაც ჩემი თანამშრომელია. საერთოდაც, მან მიმიყვანა იმ სამსახურში და ძალიან დავალებული ვიყავი მისგან.


– თქვენი საუკეთესო მეგობრის დედამ დაგაწყებინათ სამსახური?


– დიახ. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ოჯახებში მისვლა-მოსვლა გვქონდა და ლამის დად მიმაჩნდა. დედამისიც ძალიან მიყვარდა. როგორ გითხრათ... მართლა ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ფაქტობრივად, ყოველდღიური. სამსახურიც იმიტომ დამაწყებინა თავისთან, ოფისში, ანუ სადაც თვითონ მუშაობდა, რომ ვუყვარდი და იქვე უნდოდა, ვყოლოდი. მე და ჩემს დაქალს. საერთოდ არანაირი უთანხმოება არ მოგვსვლია. დედამისთან ხომ ლამის იდეალური ურთიერთობა მქონდა. ყოველთვის ძალიან მოწიწებითა და პატივისცემით ვექცეოდი.


– თქვენი შეყვარებულთან ურთიერთობის ამბავი, ალბათ, იცოდნენ.


– დიახ. რა თქმა უნდა. ხომ ვთქვი, რომ ძალიან ახლოს ვიყავით. უახლოეს ადამიანებს კი ყველაფერს ვუყვები და რჩევასაც ვეკითხები. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ ჩემზე. იმ ორი „ლამის გათხოვების“ ამბავიც. სამსახურში მქონდა პატარა ფლირტი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, არ მიფიქრია, რომ რამეს ვაფუჭებდი.


– და... ვინ გითხრათ, რომ აფუჭებდით?


– ეჰ, სწორედ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობოდი. ოღონდ მხოლოდ სათქმელად არის ეს იოლი. ღმერთო, რა გადავიტანე, ოღონდ, რატომ ან რისთვის, წარმოდგენა არ მაქვს. ვერ ვამბობ მიზეზს, რატომ გადამეკიდნენ ეს ადამიანები, რა დავაშავე? რა ვერ გავაკეთე ისე, როგორც მათ მოეწონებოდათ? თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო და მერე, ჩემი ბედნიერება არ შემარჩინეს. მე არ ვარ ცბიერი და ორპირი. გულშიც არაფერს ვიტოვებ. არ ვიბოღმები და ბოროტად არ ვიქცევი. გულწრფელი ურთიერთობის მომხრე ვარ. თანაც, მათი ინიციატივა იყო ჩემი ოჯახის შექმნა. მე საერთოდ არ ვიცნობდი ჩემს მომავალ ქმარს და საგანგებოდ გამაცნეს.


– ვინ გაგაცნეს?


– ჩემი დაქალის ძმა, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი, მიუხედავად ჩვენი ასეთი სიახლოვისა. ცალკე ცხოვრობდა, ხშირად დადიოდა უცხოეთში სამსახურებრივ საქმეებზე – ასე ამიხსნეს მათ. თუმცა, მოგვიანებით გავიგე (როცა უკვე თავადაც შემექმნა მათთან პრობლემები), ნაჩხუბრები იყვნენ. ზუსტად იმ მიზეზით, რა მიზეზიც მერე, მეც თავის ტკივილად მექცა.


– რას გულისხმობთ?


– ჩემამდე ჩემს მომავალ ქმარს შეყვარებული ჰყავდა, რომელი მის დას და დედას არ მოსწონდათ. ყველაფერი გააკეთეს, რომ დაეშორებინათ. ეს მტკივნეული პროცესი იყო და ბიჭი სახლიდან წავიდა. მატერიალურად არ უჭირდა და შეძლო ცალკე ცხოვრება. ეს ორი ქალი იმან გადარია, რომ ვეღარ ურევდნენ ხელს იმ მამაკაცის ცხოვრებაში, რომელიც მათთვისაც ძვირფასი იყო. განა არ მესმის მშობლის ეგოისტური სიყვარულის, მაგრამ ეს სიყვარული პრობლემად არ უნდა უქციო შვილს.


– რატომ მოინდომეს თქვენი დაახლოვება, თუკი მისი ბედნიერება არ სურდათ?


– ზუსტი პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე. მიკვირს მეც. თუმცა, რაღაც ვარაუდები მაქვს. მოკლედ, რადგან მე მათთან დაახლოებული ვიყავი, იფიქრეს, აჯობებდა ისევ მე შევერთე, ვიდრე სხვა. ანუ, თავისიანად ჩამთვალეს. გადაწყვიტეს, ჩვენს გუნდშია და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებინებთო.


– მაინც, რა უნდა გაგეკეთებინათ?


– ჩვენი ოჯახური ამბების საქმის კურსში უნდოდათ ყოფნა: რას ვაკეთებდით, რატომ და რისთვის. ჩვენი პირადი და ინტიმური, დაფარული არ უნდა ყოფილიყო მათგან. მე კი მადლობა უნდა გადამეხადა, ასეთი მამაკაცის ცოლობა რომ მაღირსეს.


– ეს თვითონ გითხრეს?


– დიახ. როცა ვაგრძნობინე, რომ ჩემს ოჯახში ცხვირს ზედმეტად არავის ჩავაყოფინებდი. დაიბოღმნენ და სამაგიეროს გადახდა მოინდომეს. როგორც ჩანს, ერთმანეთში მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, რომ მე არარაობა ვარ, სრული „ნული“, თანაც უმადური. ამიტომაც უნდა დავსჯილიყავი. მართლა ვერ წარმოვიდგენდი მათგან ზურგში მახვილის ჩაცემას. არ შეიმჩნიეს, რომ საბრძოლოდ განეწყვნენ. თუმცა, გეგმა შეიმუშავეს და შეუდგნენ ჩემი „გაშავების“ საქმეს ქმართან. „შხამს“ ნელ-ნელა აწვეთებდნენ. როგორი „აწყვეტილი“ ვიყავი და კაცების როგორ კოლექციას ვაგროვებდი. თან, ისეთ სინანულს გამოხატავდნენ, ასე რომ შეცდნენ და მოტყუვდნენ ჩემში. ახლა ვიგებთ, რა ამბებს ატრიალებდა ჩვენს ზურგს უკანო და საზიზღარი ჭორების ქსელში გამიხვიეს. შეძახილი ხეს რომ ახმობს, ხომ იცით და ჩემმა ქმარმაც ეჭვიანობა და უაზრო წვრილმანებზე „აშარება“ დაიწყო. სულ უფრო ხშირად ვჩხუბობდით. ბოლოს ვუთხარი, რა დაგემართა, რაღაც ხდება და რატომ არ გინდა, მითხრა-მეთქი. მოკლედ, გავარკვიეთ, როგორი „ხელიდან წასული“ ვყოფილვარ. ერთი კვირა დამჭირდა, რომ მთავარი „დამნაშავეები“ გამომეაშკარავებინა. გაგიჟდა ჩემი ქმარი – ოჯახს ხომ ისევ ჩემი წყალობით დაუახლოვდა. მიუვარდა და ეჩხუბა მათ – დიდი სკანდალი იყო და ახლა ერთმანეთს არ ველაპარაკებით. არ ვნანობ მათ დაკარგვას. რად მინდა ასეთი ბოროტი ადამიანები გვერდით. კიდევ კარგი, რომ ქმარი მეთანხმება.

წყარო: თბილისელები