"ნინო ერისთავის მსგავსი ქალი რომ შემხვედროდა, ტყავს გავაძრობდი!"

  • სარკე
  • 23 თებერვალი 12:36, 2018 წელი

როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი კარგი იყოს, მაგრამ რადგან ქალია, ქალები უფრო მეტად ამ პერსონაჟისკენ იხრებიან…

ბევრმა მკითხა, რატომ აგდებ, ხომ ასეთი კეთილი ხარო… არ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, მით უმეტეს ერთ ჭერქვეშ! მე პირიქით ვფიქრობ, კვაზი მანტკავა დიდსულოვნად იქცევა… – ამბობს ზურა ანთელავა, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" კვაზი მანტკავას განასახიერებს და მისი როლი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს…


– რადენად ჰგავს თქვენი პიროვნება თქვენს გმირს – კვაზი მანტკავას?


– წარმოუდგენელია, გამორიცხულია ოდნავ მსგავსებაც კი! მაშინ მსახიობი არ ყოფილა საჭირო. კვაზი მანტკავა შექმნილი პერსონაჟია, ნაწილ-ნაწილ შეთხზულიდან, ნანახიდან და ასე შემდეგ… ასეთი ტიპები იყვნენ 190-1970-იან წლებში. მე იმ თაობის კაცი ვარ, თავად ვარ მომსწრე იმ ყველაფრის. განსაკუთრებით დასავლეთში იყვნენ ასეთები და მე მოგეხსენებათ, ზუგდიდიდან ვარ. მთლიანად არა, მაგრამ რაღაც ელემენტები სხვადასხვა პიროვნებისგან მაქვს აღებული… მაყურებელმა კარგად მიიღო კვაზი მანტკავა, რადგან განსხვავებულია სხვა პერსონაჟებისგან. მაგალითად, გრიშა კაკაჩიასა და კვაზი მანტკავას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ხასიათში, თვისებებში… ამიტომაც კვაზი მანტკავას როლი ძალიან მომგებიანია.


– თქვენი რეალური ცხოვრება როგორია?


– მსახიობი გახლავართ, ჩვეულებრივად ვმუშაობ… მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. უფროსი ვაჟი მთავარი მენეჯერია ღვინის კომპანიაში… უმცროსი ვაჟიშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მყავს ერთი შვილიშვილი – ზურიკო… ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ვართ.


– ბოლო სერიები განსაკუთრებით დაძაბული იყო თქვენი გმირისთვის… რეალურ ცხოვრებაში რომ შეგხვედროდათ ნინო ერისთავის მსგავსი ქალბატონი, როგორ მოექცეოდით?


– ტყავს გავაძრობდი! არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ადამიანებს შორის! ეს მისი საქმეა და მისი არჩევანია, ყველა ადამიანს ხომ თავის არჩევანი აქვს ამ ცხოვრებაში?! თუმცა როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი კარგი იყოს, მაგრამ რადგან ქალია, ქალები უფრო მეტად ამ პერსონაჟისკენ იხრებიან… ბევრმა მკითხა, რატომ აგდებ, ხომ ასეთი კეთილი ხარო… არ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, მით უმეტეს ერთ ჭერქვეშ! მე პირიქით ვფიქრობ, კვაზი მანტკავა დიდსულოვნად იქცევა… კვაზი ხომ მოატყუეს და მას ნამდვილად შეეძლო ნინო ერისთავი ისე გაექრო, რომ ამას ვერც ვერავინ გაიგებდა. კვაზიმ კი ვალები გადაუხადა, გაუშვა, ფულიც მისცა და კიდევ ერთი შანსი, ცხოვრებაში რომ რაღაც ნორმალური გზა აირჩიოს… ვნახოთ აწი რა როგორ იქნება! მსახიობებმაც არაფერი ვიცით. გადაღებამდე სამი დღით ადრე მოგვდის სცენარი.


რას ამბობს თათული დოლიძე ნინო ერისთავზე


– თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ მოგწონთ კვაზი მანტკავა…


– თუ მსახიობმა არ შეიყვარა და შეისისხლხორცა ის პერსონაჟი, რომელიც მისთვის არის განკუთვნილი, მაშინ არაფერი გამოვა! ასე რომ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით უნდა მიუდგე შენს გმირს! დადებითი თვისებები უნდა ეძებო და უარყოფითშიც კარგი უნდა ნახო! ამ დამოკიდებულებით ვარ კვაზის მიმართ. ბევრ რამეში ვემხრობი კიდეც! თუ კარგად დააკვირდებით, “ჩემი ცოლის დაქალებში” არშემდგარი ადამიანების ურთიერთობებია… ანუ ის ადამიანებია ნაჩვენები, რომლებიც მართლა არიან ჩვენს საზოგადოებაში. სწორედ ეს უნდა ვაჩვენოთ ხალხს, რომ მიხვდნენ და დაინახონ თავიანთი ნაკლი, შემდგომში რომ გამოასწორონ! რომ არ იცხოვრონ იგივე შეცდომებით! თუ ვინმეზე დადებითად იმოქმედა ფილმმა, ეს უკვე ძალიან კარგია!


სხვათა შორის, კვაზის მსგავსმა ფეოდალურმა დამოკიდებულებებმა მოიტანა ის ტრადიცია და ეროვნული ღირსებები, რაც ჩვენ 21-ე საუკუნემდე შემოგვრჩა. ოჯახია მთავარი! – ოჯახი, სახელი, ღირსება! თუ ყველა ოჯახი ასე ჩამოყალიბდება, თავისთავად ცხადია, საზოგადოება მყარად იქნება! უარყოფით გადახრებს, რასაც ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში და სახელმწიფო სტრუქტურებში, ამას ვეღარავინ გაბედავს! არის უარყოფითი თვისებები, რომელიც მიუღებელია, ძველია, მაგრამ კარგი უნდა დავინახოთ და შევითვისოთ! უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანებისგან შედგება ოჯახები, ოჯახებისგან კი – სახელმწიფო!


– რას ნიშნავს ოჯახი თქვენთვის – ზურა ანთელავასთვის?


– ოჯახი ყველაზე დიდი რამეა! ჩემთვის წარმოუდგენელი რამეც კი ოჯახისთვის გამიკეთებია… ჩემთვის პირველ ადგილზე ოჯახია, ჩემი სახელია! ოჯახი რომ ღირსეულად იყოს, ჩრდილში არ მოჰყვეს და ღირსება არ შეებღალოს! მე ასე ვიწყებ, რადგან ასე გამზარდეს. ვეცადე ჩემი შვილებიც ასე გამეზარდა და ვხედავ, რომ ჩემი შვილებიც იგივე გზით მიდიან… ეს ისეთი კვალია, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. ყოველთვის მესმოდა, არასოდეს დაგავიწყდეს რა გვარისა ხარო, არ გეკადრება ცუდი საქციელიო… ადვილი არ არის, ყოველთვის შეასრულო, მაგრამ სწორედ მაგაშია საქმე, სირთულეები დაძლიო!

წყარო: სარკე