როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ძილს

  • თბილისელები
  • 22 თებერვალი 15:33, 2018 წელი

ძილი მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის. ძილის დროს ბავშვი ისვენებს და აღიდგენს დღის განმავლობაში დახარჯულ ენერგიას.

 ზოგ შემთხვევაში, ბავშვებს სძინავთ მშვიდად და უპრობლემოდ, ზოგჯერ კი, უჭირთ ჩაძინება ან ხშირად იღვიძებენ ღამით, ჭირვეულობენ და ასე შემდეგ. ბავშვის ძილის რეჟიმი დამოკიდებულია მის ასაკზე, ასევე მის ტემპერამენტზე, ხასიათზე, გარემო პირობებზე. რა რიტუალები უნდა გვქონდეს ბავშვის დასაძინებლად, როგორ და რა ასაკში უნდა მივაჩვიოთ დამოუკიდებლად ძილს და როგორ დავაძლევინოთ შიშები, გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე:


– 1-დან 3 წლამდე პერიოდში, შესაძლებელია, ვიზრუნოთ ბავშვის ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებაზე. 3-დან 5-6 წლამდე ასაკში, ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი, უკვე ჩამოყალიბებული რეჟიმი და მშობლის დახმარებით ახერხებდეს ამ რეჟიმის დაცვას. ჩვილობის პერიოდში ძილის რიტუალი ხელს უწყობს მშობელსა და ბავშვს შორის დადებითი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას. ძილის რიტუალში იგულისხმება ხელში დაძინება, თვალით კონტაქტი, სიმღერა და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ დედას მუდმივად ხელში უნდა ეჭიროს ბავშვი. ასაკის მატებასთან ერთად, დაახლოებით, 6 თვიდან, შესაძლებელია, მშობელმა სცადოს და ხელში აღარ დააძინოს ბავშვი – საწოლში დააწვინოს ძილმორეული, მაგრამ არა დაძინებული. ამით პატარას დავეხმარებით, თავად ისწავლოს ჩაძინება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ, როდესაც ბავშვს დამშვიდება, მოფერება დასჭირდება, მშობელმა უარი თქვას მის ხელში აყვანაზე. ამ ასაკში ბავშვებს ღამე უნდებათ თამაში, ხელში აყვანა. სასურველია, ამ დროს შუქი არ აანთოთ. თუ უბრალოდ წამოიტირა, დააცადეთ, იქნებ თავად შეიბრუნოს ძილი. გასათვალისწინებელია, რომ ყოველი ბავშვის შემთხვევა ინდივიდუალურია და უნდა იმოქმედოთ მისი ემოციური და ფიზიკური საჭიროებიდან გამომდინარე.


– რომელი ასაკიდან უნდა ეძინოს ბავშვს მარტო?


– მშობელსა და ბავშვს შორის მჭიდრო ემოციური კავშირის არსებობა უმნიშვნელოვანესია. 2 წლამდე ბავშვს, რა თქმა უნდა, დედასთან ერთად უნდა ეძინოს. შეგიძლიათ მშობლების საწოლთან დადგათ ბავშვის საწოლი. მან უნდა იცოდეს, რომ ეს მისი სივრცეა. გააფორმეთ, მოუწყვეთ ის მისთვის საინტერესო და ასაკის შესაბამისი სათამაშოებით, ნივთებით. პერიოდულად, შეგიძლიათ შესთავაზოთ თავის საწოლში დაძინება. თუ მოინდომებს, თქვენს საწოლში გადმოსვლას, მიეცით ამის უფლება. ასაკის მატებასთან ერთად, უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვი უფრო ხშირად იძინებდეს თავის საწოლში. ზოგადად, თითოეული ბავშვის შემთხვევა ინდივიდუალურია. მშობელი უნდა დააკვირდეს ბავშვს. ზოგი იოლად ეჩვევა დამოუკიდებლად ძილს, ზოგს უფრო მეტი დრო სჭირდება ამისთვის. შესაძლებელია, 4-5 წლის ბავშვს ეძინოს თავის საწოლში. 7-8 წლის ბავშვს უკვე აუცილებლია, ეძინოს მშობლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ოთახშიც კი.


– ბავშვებს ხშირად ეშინიათ დაძინებისას. როგორ დავეხმაროთ მათ ამ შიშის დაძლევაში?


– ბავშვს შეიძლება, ესიზმრებოდეს მისთვის საშიში სიზმრები. შიშს თავისი მიზეზები აქვს. დაახლოებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ეშინიათ ინტენსიური ხმის, სინათლის, დიდი ფორმის საგნების. ეს შიში უფრო მეტად დაკავშირებულია სენსორულ შეგრძნებებთან. მაგალითად, ბავშვს ესიზმრებოდა მთვარე და იღვიძებდა ტირილით. მასში მთვარე იწვევდა უსიამოვნო შეგრძნებებს. მშობელი უნდა დააკვირდეს პატარს, რამდენადაც შესაძლებელია, გაარკვიოს, რა სიამოვნებს, რა იწვევს მასში გაღიზიანებას და შესაბამისად, შეეცადოს, მოარიდოს ასეთ უსიამოვნო სტიმულებს. 3-დან 5-6 წლამდე ბავშვებში, კარგად არის განვითარებული წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი. ბავშვს შეიძლება, დაესიზმროს მუტფილმის, ზღაპრების საშიში პერსონაჟები. ზოგჯერ ბავშვებს ეშინიათ სიბნელისა და საძინებელ ოთახში მარტო დარჩენის. სიბნელეში წარმოიდგენენ სხვადასხვა საშიშ პერსონაჟს და ვეღარ ახერხებენ დაძინებას. თუ ბავშვი ტირილით იღვიძებს, უნდა დაამშვიდოთ და შეეცადოთ, თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. შემდეგ შეგვიძლია, შევარჩიოთ სწორი დრო და ვესაუბროთ. მოვუყვეთ, რომ ჩვენც გვესიზმრება ღამით სხვადასხვა ამბავი. შემდეგ ვთხოვოთ, თავადაც გაიხსენოს, რა დაესიზმრა. თუ აღმოაჩენთ, რომ ესიზმრება სხვადასხვა პერსონაჟი, უნდა აუხსნათ, რომ ისინი ნამდვილები არ არიან, არ არსებობენ. იმიტომ გესიზმრება, რომ უკვე ნახე ტელევიზორში, წავიკითხეთ ზღაპარი და მათი არ უნდა გეშინოდესო. რამდენჯერაც დასჭირდება იმდენჯერ უნდა გავუმეოროთ, ავუხსნათ ეს ბავშვს. თუ ბავშვს სიბნელის ეშინია, შეიძლება, ოთახში დადგათ სანათი. მასთან ერთად შეამოწმეთ ოთახი, საწოლის ქვეშ შეიხედეთ, კარადაში, დაათვალიერეთ ყველა ადგილი, რისიც ბავშვს ეშინია. დაძინებამდე დარჩით მასთან ერთად. შეიძლება, მოუყვეთ, რომ ბავშვობაში თქვენც გეშინოდათ სიბნელის. ამით ვაგრძნობინებთ, რომ შიში არ არის სამარცხვინო. შეიძლება, დაახატინოთ, რისი ეშინია, აღწეროს, ესაუბრეთ, რატომ შეიძლება, იყოს ეს საშიში, ილაპარაკოს თავის ემოციებზე.


– რა არ უნდა გავაკეთოთ?


– დაუშვებელია ბავშვი შეარცხვინოთ „რატომ გეშინია, პატარა ხომ არ ხარ”?! „ბიჭებს არ ეშინიათ, გოგო ხომ არ ხარ”. ამ დროს ბავშვს ვაგრძნობინებთ, რომ მისი არ გვესმის, ის რაღაცას სწორად ვერ აკეთებს. ბავშვი ისწავლის, რომ, როდესაც შეეშინდება, ეს მშობლებს უნდა დაუმალოს, რათა თავი აარიდოს მათგან გაკიცხვას. პრობლემა კი მაინც მოუგვარებელი დარჩება. ზოგჯერ მშობლები იგნორირებას უკეთებენ ბავშვის შიშს და მაინც ტოვებენ ოთახში მარტო. ამ შემთხვევაშიც გამოდის, რომ მშობელი თავს არიდებს პრობლემის მოგვარებას და ბავშვს აგრძნობინებს, რომ მისი ემოციები არ აინტერესებს. რეალურად, ბავშვს დახმარება სჭირდება თავის შიშებთან გასამკლავებლად. ამის დამოუკიდებლად გაკეთება გაუჭირდება. ამ დროს, უმჯობესია, მშობელი დარჩეს შვილთან, ესაუბროს, დაამშვიდოს და დაელოდოს მის დაძინებას. ეტაპობრივად, შესაძლებელია, მივაჩვიოთ ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას.


– რა რეკომენდაციებს მოგვცემდით ბავშვის ძილის რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად?


– უმჯობესია, ბავშვის დაძინების დრო არ გადასცდეს 9-10 საათს. სასურველია, ბავშვმა დაიძინოს და გაიღვიძოს ერთი და იმავე დროს. აუცილებელია, შექმნათ ძილისათვის შესაბამისი გარემო. საძინებელ ოთახში უნდა იყოს სიბნელე, ან მცირე სიძლიერის შუქი. ასევე, ოთახში უნდა იყოს სიჩუმე. ტექნიკასთან კავშირი ხელს უწყობს ძილის პრობლემას. საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს გაჯეტები. დაუშვებელია, ბავშვმა ძილის წინ გამოიყენოს. მშობელმაც უარი უნდა თქვას ძილის წინ ტელევიზორის, ტელეფონის მოხმარებაზე, რადგან ბავშვი მისგან სწავლობს და შეიძლება, გაუჩნდეს პროტესტი: თუ დედა, მამა ხმარობს ტელეფონს, რატომ არ შეიძლება, მეც ვუყურო მულტფილს, ვითამაშო. ეს კი უფრო მეტად აძნელებს ბავშვის ქცევის მართვას. უფრო რთულდება გადაღლილი ბავშვის დაძინება. ამიტომ, ძილის წინა პერიოდში უნდა ეცადოთ, ბავშვი არ გადაიღალოს. ძილის წინ ეფექტურია რაიმე რიტუალის მოფიქრება, რომელსაც დაძინებამდე, 15-20 წუთით ადრე დავიწყებთ. ეს შეიძლება, იყოს აბაზანაში მოწესრიგება, ზღაპრების წაკითხვა, სიმღერა, მუსიკის მოსმენა კარგია. საკუთარი ამბების მოყოლა. მაგალითად, ბავშვმა რომ მოგიყვეთ, რა მოხდა საბავშვო ბაღში. მშობელმაც უნდა უამბოს მას თავისი ამბები. გარდა ძილის რიტუალისა, ეს ხელს უწყობს ბავშვსა და მშობელს შორის ნდობის, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ბავშვი სწავლობს თავის ცხოვრებაში მომხდარი ამბების მოყოლას, ემოციების გადმოცემას. ზოგჯერ ბავშვები ცდილობენ, დაძინებამდე დრო გაახანგრძლივონ, ითხოვენ კიდევ ერთ ზღაპარს, სიმღერას. ამ შემთხვევაში, სასურველია, მშობელმა დაუწესოს ლიმიტი. ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, მაგალითად, რამდენ ზღაპარს წაუკითხავს დედა. თუმცა, ამ დროს გასათვალისწინებელია ინდივიდუალური შემთხვევაც. კონკრეტული ბავშვისთვის შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანი იყოს მშობელთან საუბარი ან და-ძმასთან თამაში, ძილის ხარჯზე, ვიდრე ძილის რეჟიმისა და წესების დაცვა.

წყარო: თბილისელები