კონკრეტული თილისმა კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნისთვის

  • თბილისელები
  • 21 თებერვალი 20:00, 2018 წელი

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ზოგი ნივთის ან სამკაულის მიმართ უცნაური ლტოლვა ჩნდება. რეალურად, ასეთ ნივთებს მფლობელთა დაცვა შეუძლია, რადგან დროთა განმავლობაში ერთგვარ დამცველ, თილისმურ ძალას იძენს.

თილისმის მაგიური ძალა ნებისმიერზე ერთნაირად მოქმედებს. თილისმას ზოგი სახლის კარზე ჰკიდებს, ზოგი მანქანაში, ზოგი კი სამკაულად ატარებს და სჯერათ, რომ ეს ნივთები ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, ცუდი ენერგეტიკისგან იცავს მათ. ზოგადად, თილისმის ძალა იმაშია, რომ მფლობელს წარმატება მოუტანოს და მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას. თილისმად კი, შეიძლება, ნებისმიერი ნივთი იქცეს, თუ გრძნობთ, რომ მას თქვენთვის ბედნიერება და წარმატება მოაქვს. ასეთი შეიძლება, იყოს საფულე, ბეჭედი, გულსაბნევი, მონეტა და ასე შემდეგ. ეცადეთ, ის არასაიმედო, შურიანი, წუწუნა ადამიანის ხელში არ მოხვდეს და სამომავლოდ, მის გამო უსიამოვნება არ შეგხვდეთ.


თილისმაში ჩადებულია კონკრეტული აზრები, ემოციები და ადამიანის გრძნობები. მათთან სიახლოვე ჩვენ უფრო ენერგიულსა და იმპულსურს გვხდის. ასევეა, საყვარელი ნივთების ტარებისასაც თავდაჯერებულობასა და უსაფრთხოების შეგრძნებას გვანიჭებს.


წარმატებისა და იღბლის მოსაპოვებლად, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის არსებობს კონკრეტული თილისმა. მაგალითად, ვერძებისთვის კარგია თილისმად საფულეში ვერცხლისფერი ხურდა ფულის ტარება; კუროსთვის – გიშრის ქვა, რომელიც ჩასმული იქნება ოქროში და მას სამკაულის სახით ატარებთ; ტყუპებისთვის სპილენძისგან დამზადებული ნებისმიერი სამკაული; კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა კი, რკინისგან დამზადებული თილისმა უნდა ატაროს, ფრინველის გამოსახულებით; ლომისთვის კარგია გასაღების ფორმის ოქროს სამკაულის თილისმა; ქალწულებისთვის – სპილენძის ორიგინალური სამკაული; სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის წარმატების მომტანია ამეთვისტოს ან ქალცედონის ქვა; მორიელებისთვის – წიგნის ფორმის, სპილენძის გულსაკიდი; მშვილდოსნისთვის კარგია და წარმატების მომტანი ქრიზოპრაზის, იასპის ან ქალცედონის ქვისგან დამზადებული სამკაულები; თხის რქისთვის – ვერცხლისფერი მონეტა; მერწყულებისთვის – ალუმინისგან დამზადებული თილისმა გემის გამოსახულებით; თევზებისთვის კი, ყველაზე კარგი თილისმაა სპილენძის რაიმე ნივთის სამკაულად ან საფულით ტარება.

წყარო: თბილისელები