რომელ უნივერსიტეტებს ემუქრება დახურვა?

  • primetimenews.ge
  • 5 თებერვალი 12:06, 2018 წელი

საქართველოს უნივერსიტეტებში 1140-ზე მეტი სასწავლო პროგრამის აკრედიტაცია იწყება. სწორედ შემოწმების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა უმაღლესი სასწავლებელი კონკრეტული პროგრამის სწავლების უფლებას.

კრიტერიუმები იმდენად გართულებულია, რომ უნივერსიტეტების ნაწილს, სავარაუდოდ, პროგრამების რაოდენობის მკვეთრად შემცირება მოუწევს.


ახალ მოთხოვნებს შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ კუთხით, რამდენად შეესაბამება პროგრამა და კურსდამთავრებულის კვალიფიკაცია ბაზრის მოთხოვნებს. 


აკრედიტაცია-ავტორიზაციის ახალ წესს უნივერსიტეტების ნაწილი კრიტიკით ხვდება. კითხვები მას შემდეგ უფრო მეტი გაჩნდა, რაც განათლების მინისტრმა  უნივერსიტეტების დახურვა დააანონსა. 


„გეტყვით, რომ უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება“, – განაცხადა მან და ამ საკითხზე მეტი განმარტება აღარ გაუკეთებია. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესს პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული ავტორიზაციის საბჭო წარმართავს  და „ეს იქნება ობიექტური შეფასების პროცესი“. 


ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი დინამიკურია და ერთმანეთისგან გასხვავდება. ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისთვის.


რაც შეეხება აკრედიტაციას, ის აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას განსაზღვრას. ავტორიზაცია 2018 წელს 29 უნივერსიტეტს უწევს, რეაკრედიტაცია კი კონკრეტულ პროგრამებზე რამდენიმე უნივერსიტეტს უკვე მოუწია.


 უნივერსიტეტების ნაწილი  ეჭვქვეშ აყენებს აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობას და წევრების კომპეტენციას.  როგორც „პრაიმტაიმს“ ეუბნებიან, კონკრეტული პროგრამები უსაფუძვლოდაა შეჩერებული და საბჭოს წევრებს პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებამდე არ მოუმზადებიათ უნივერსიტეტები. სტუდენტები დოქტორანტის ხარისხის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან,  მათივე თქმით, აკრედიტაციის მინიჭების „სადამსჯელო პოლიტიკის“ გამო. 


„შესაძლოა, საქმეში ჩაუხედავმა მკითხველმა მხარი დაუჭიროს მინისტრის ინიციატივას, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს კერძო უმაღლესის სასწავლებლების ინტერესებს, იმ უზარმაზარ  თანხებს, რომლებიც ბანკებიდან კრედიტებად აქვთ გამოტანილი შენობების ასაშენებლად,  სასწავლო ლაბორატორიების აღსაჭურვად და სხვა ტექნიკური ხარჯების გასაწევად. გარდა ამისა, ხელფასის გარეშე დარჩებიან საკმაოდ მაღალი დონის პროფესორები, რომელთა სახელები დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს. რაც შეეხებათ იმ დოქტორანტებს, რომლებსაც სწავლის საკმაოდ მაღალი საფასური აქვთ გადახდილი, ზოგიერთ მათგანს კი – დისერტაცია უკვე დაცული, აღმოჩნდება, რომ ეს ფული წყალში აქვთ გადაყრილი, ხოლო მათი სადოქტორო ხარისხი ეჭვქვეშ დაგება“, – აცხადებს ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენელი და უნივერსიტეტის დასახელებისგან თავს იკავებს. 


აღნიშნულ ბრალდებებს „პრაიმტაიმთან“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე პასუხობს და განმარტავს იმ ცვლილებას, რაც აკრედიტაცია-ავტორიზაციის მიმართულებით განხორციელდა. 


თამარ სანიკიძე: 


– ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაცია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებია და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის შექმნა. არსებული სისტემა ძირითადად რესურსების შეფასებაზე იყო ორიენტირებული. ამავდროულად იყო საკმაოდ ზოგადი და თავისი შინაარსით ძალიან დაშორებული ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციებისგან. 2015 წელს განახლებული ევროპული სტანდარტები და რეკომენდაციები არის ბოლონიის პროცესის ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ევროპული სტანდარტები გულისხმობს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების განხორციელებას, შეფასების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების (მათ შორის საერთაშორისო), სტუდენტისა და დამსაქმებლის ჩართულობას, მიღწეული შედეგების შეფასებას და სხვა.  ამისთვის საჭიროა გარე შეფასების სისტემის გამართვა, რომელიც იქნება გამჭვირვალე, ობიექტური და სანდო, ხოლო შეფასების მეთოდოლოგია შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული. ჩვენი არსებული სისტემა ამის საშუალებას არ იძლეოდა და შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის მკვეთრი ვარდნა მივიღეთ. სწავლების ხარისხითა და საგანმანათლებლო სერვისით უკმაყოფილოა სტუდენტი, მათი ოჯახები და რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შრომის ბაზარი და დამსაქმებელი. ამის გარდა, გვიჭირს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება, უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისა და კვალიფიკაციების აღიარება საერთაშორისო დონეზე.


2015 წლის ბოლოს შევიდა ცვლილებები კანონში, რამაც მოგვცა საშუალება, დაგვეწყო მუშაობა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი და განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის შესაქმნელად. პირველადი სამუშაო შეასრულა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, ხოლო 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყო სტანდარტების განხილვა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, შრომის ბაზრის სპეციალისტებთან, სხვადასხვა მარეგულირებელ უწყებებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტებთან. ეს პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო, თუმცა ძალიან სასარგებლო. მხოლოდ ამ პროცესების წარმატებით დასრულების შედეგად 2017 წლის ზაფხულში დამტკიცდა შეფასების ახალი სისტემა.  


– რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს უნივერსიტეტმა, რომ მიიღოს აკრედიტაცია-ავტორიზაცია?


– ავტორიზაცია, რაც გულისხმობს ინსტიტუციურ შეფასებას, მოიცავს შვიდ სტანდარტს. ესენია – დაწესებულების მისია და სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი, სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები, კვლევა, განვითარება სხვა შემოქმედებითი საქმიანობა და რა თქმა უნდა, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები. სტანდარტები ჩაშლილია ქვესტანდარტებად, კომპონენტებად და ფარავს საგანმანათლებლო საქმიანობის ყველა ასპექტს. ამის გარდა, აღწერს თითოეული კომპონენტის ფარგლებში მისაღწევ შედეგებს, განმარტავს შეფასების კრიტერიუმებს და განსაზღვრავს შეფასების ინდიკატორებს. ასეთი მიდგომა იძლევა ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. პროცედურული ნაწილიც მთლიანად შეიცვალა. გახდა გამჭვირვალე, დროში გაწერილი და რაც მთავარია, მეტი საჯაროობის პრინციპით. მაგალითად, ექსპერტთა ანგარიშები, გადაწყვეტილებები და რიგი სხვა დოკუმენტები იქნება საჯარო. ეს წარმოშობს საზოგადოებასთან მეტ ანგარიშვალდებულებას, როგორც შემფასებლის (ცენტრის), ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. საჯაროობაც ევროპული სტანდარტების იმპერატიული მოთხოვნაა. 


 


პროგრამული აკრედიტაცია არის სხვა პროცესი, რომელიც სავალდებულოა მხოლოდ რეგულირებადი პროფესიებისა და სადოქტორო პროგრამებისთვის. პროგრამული აკრედიტაცია ასევე საჭიროა იმისთვის, რომ პროგრამაზე დაწესებულებამ მიიღოს სახელმწიფო გრანტიანი სტუდენტი. აქაც ბევრი შეუსაბამობა გვქონდა, სტანდარტები განსაკუთრებით სუსტი იყო სადოქტორო და რეგულირებადი პროგრამების შეფასებისას. აქაც ანალოგიური მიდგომით ვიმუშავეთ, ჩართულობის პრინციპით და შეთანხმებული/შეჯერებული ვერსია სულ ახლახან დავამტკიცეთ. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სტანდარტები სრულად თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან. 


გარდა სტანდარტების შინაარსისა, ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიზაცია/აკრედიტაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესი. სისტემა ამ კუთხითაც შეიცვალა. აღარ არის ხისტი. შეფასება ხდება სამდონიანი შკალით. აღარ გვაქვს მხოლოდ „კი“ ან „არა“ პასუხები. დასაშვები გახდა სტანდარტის ნაწილობრივი  დაკმაყოფილების ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დაწესებულება არის განვითარებაზე ორიენტირებული და აქვს შესაბამისი რესურსები, რომ გონივრულ პერიოდში მოვიდეს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. პროგრამების ნაწილში დაინერგა პირობითი აკრედიტაციაც. ასევე, გაჩნდა სააპელაციო პროცედურები და სასწავლებლებს შეუძლიათ გადაწყვეტილებების გასაჩივრება.  


– უნივერსიტეტები ეჭვქვეშ აყენებენ აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობას და წევრების კომპეტენციას. უნივერსიტეტების თქმით, მხოლოდ ორი კერძო უნივერსიტეტია საბჭოში და ისიც პოლიტიკური ნიშნით, გულისხმობენ ჯიპასა და კავკასიას... როგორ ხდება საბჭოს წევრების არჩევა?


– ძალიან სუსტი არგუმენტებია. ისევ ჰგავს თავის მართლების მიზეზების ძიებას. სამწუხაროა... უფრო მეტიც, არასწორი ინფორმაციაა. საბჭოში სხვა კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც არიან წარმოდგენილნი. მაგალითად, აგრარული უნივერსიტეტიდან ორი წარმომადგენელი, სტუდენტი გვყავს წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან, გვყავს ასევე დამსაქმებელი ორგანიზაციებიდან, ასევე, არასამთავრობო სექტორიდან.  აქ წინა პლანზე მე ექსპერტებს წამოვწევდი უფრო, ვიდრე საბჭოს წევრებს. სწორედ ექსპერტთა ჯგუფი აფასებს დაწესებულებას, ხოლო მათი ანგარიშები არის საჯარო! ახალი წესებით ექსპერტთა ჯგუფში შედის ავტორიზაციის საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც არის გამოცდილი, თავისთავად დამოუკიდებელი და ასრულებს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ფუნქციას. საბჭოს გადაწყვეტილებაც ამ ანგარიშებს ეფუძნება.  პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსიც არის ახალი, დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული. რაც მთავარია, ხორციელდება ექსპერტთა პროფესიული განვითარება და ასევე მუშაობს მათი შეფასების წესიც. აქ მნიშვნელოვანია დაწესებულების როლი, რადგან ერთ-ერთი  ჩართული მხარე ექსპერტის შეფასებაში არის თვითონ დაწესებულება. ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, სადაც ჩვენ დაგვჭირდება დაწესებულებების დახმარება, რომ ექსპერტები შევაფასოთ ობიექტურად, რადგან ექსპერტის კომპეტენცია მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საბჭოს, აქ არ არიან ინსტიტუციები წარმოდგენილი. საბჭოში წარმოდგენილი არიან ინდივიდუალური პირები, ხოლო საბჭოს შემადგენლობა ყოველ წელს იცვლება. უბრალოდ, წარმოდგენილი პირები ამავდროულად შესაძლოა, იყვნენ რომელიმე დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიც. მთავარია, იმ დარგის კვალიფიციური სპეციალისტები იყვნენ წარმოდგენილი, რომელი მიმართულების პროგრამებსაც უწევს იმ წელს აკრედიტაცია. 


საბჭოს შეუძლია, დარგის სპეციალისტის დამატებით მოწვევაც. ახალი წესების მიხედვით, მაგალითად, სამედიცინო პროგრამების შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოს დაახლოებით 15 წევრი ემატება. აქ უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებია გათვალისწინებული, პროფესიის რეგულირებიდან გამომდინარე. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ იმდენი მექანიზმია ამ პროცესებში ჩადებული, რომ მხოლოდ საბჭოზე ან მათ რომელიმე წევრზე არ იყოს დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება. აქვე ვიტყოდი, რომ წლევანდელ საბჭოში, მართლაც დარგის გამორჩეული  სპეციალისტები არიან, მათ შორის დამსაქმებელი და სტუდენტი. ჯამში, 17 წარმომადგენელი. 


თუ საბჭოს წევრი, პირდაპირ ან ირიბად ასოცირდება რომელიმე დაწესებულებასთან, შეფასების დროს აცილებით სარგებლობს და არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.   თუ რომელიმე წევრის კომპეტენციას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ ამაზე ვისაუბროთ. საბჭოს წევრებს შეარჩევს და წარადგენს მინისტრი, ხოლო ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი. აქაც გაყოფილია კომპეტენციები, როგორც ხედავთ.  


–  უნივერსიტეტების პოზიციით, კონკრეტული პროგრამები უსაფუძვლოდაა შეჩერებული და საბჭოს წევრებს პროგრამისთვის აკრედიტაციის მინიჭებამდე არ მოუმზადებიათ უნივერსიტეტები და საბჭოს მუშაობას სადამჯელოს უწოდებენ...


– თუ არ ეთანხმებიან საბჭოს გადაწყვეტილებას, მაშინ უნდა ისარგებლონ სააპელაციო პროცედურებით. ვერც ამ არგუმენტს გავიზიარებ, რადგან „სადამსჯელო პოლიტიკის“ განხორციელების ნიშნები საერთოდ არ იკვეთება. პირიქით, დაინერგა პირობითი აკრედიტაციის მინიჭების მექანიზმები, რაც ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტები მხოლოდ ნაწილობრივ აქვს დაკმაყოფილებული, მაინც ეძლევა აკრედიტაცია 2 წლით. ამ პერიოდში უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში ყველა კომპონენტი. რას ხედავთ აქ სადამსჯელოს?  ამის საშუალება არასოდეს ჰქონიათ. ეს არის განვითარებაზე ორიენტირება და არა დასჯაზე.


ამის გარდა, კანონით უკვე დასაშვებია საერთაშორისო აკრედიტაციის აღიარება, როგორც ევროპული, ისევე ამერიკული. შესაბამისად, შეუძლიათ, ისარგებლონ სხვა ევროპული ან ამერიკული სააგენტოს სერვისით, გაიარონ მათთან აკრედიტაცია და ჩვენ ვუღიარებთ.  


– ძირითადად რა კრიტერიუმების პრობლემაა ქართულ უნივერსიტეტებში?


– ხარვეზი ბევრია, მაგრამ დაძლევადი. საპილოტე შეფასებებმა რომელიც საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით განხორციელდა, მოგვცა ძალიან ნათელი სურათი იმ ხარვეზებისა, რომელიც გვაქვს და, ასევე, კონკრეტული რეკომენდაციები. ოთხი ინსტიტუცია და 21 პროგრამა შეფასდა. თითქმის ყველა საჭირო მიმართულება დავფარეთ. სასარგებლო იყო. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი პრობლემები არის მენეჯმენტში, ანუ ინსტიტუციური სახის პრობლემები, შემდეგ უკვე კვალიფიციური პერსონალის სიმწირე და პროგრამულ ნაწილში. 


– მიეცათ თუ არა მოსამზადებელი დრო უნივერსიტეტებს, სანამ აკრედიტაცია/ავტორიზაციის გაცემის პროცესი დაიწყება?  უნივერსიტეტების ნაწილის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩატარებულა. 


– დიახ, მიეცათ. ავტორიზაცია გადავადდა ერთი წლით, ხოლო 2011-2012 წლის პროგრამების აკრედიტაცია გადანაწილდა შემდგომ 5 წელზე. 1140 პროგრამის აკრედიტაცია ჩატარდა 2012 წელს. ამის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებდით 2017-2018 წლებში. ამიტომ ხუთ წელზე გადანაწილდა დარგების მიხედვით, რომ კვალიფიციურად შეფასდეს პროგრამები. გამოთავისუფლებული პერიოდი გამოვიყენეთ უნივერსიტეტების მომზადებისა და საპილოტე შეფასებებისთვის. როგორც გითხარით, ჯერ გაიტესტა სტანდარტები. შეფასდა ოთხი ინსტიტუტი, შეფასებაში ჩაერთო ყველა დაინტერესებული უნივერსიტეტის წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით. შეფასების შედეგები განვიხილეთ რამდენიმე მასშტაბური კონფერენციისა და სამუშაო ჯგუფების ფარგლებში. გავუზიარეთ ყველას რეკომენდაციები. იგივე მიდგომა იყო პროგრამების შეფასებაზე. მასშტაბი იყო უფრო დიდი. 21 პროგრამა შევაფასეთ სხვადასხვა ინსტიტუტებში. რეკომენდაციების მიხედვით გავასწორეთ ჩვენც სტანდარტები და პროცედურები. იგივე რეკომენდაციებისა და უნივერსიტეტების მომართვის საფუძველზე ჩავატარეთ რიგი ტრენინგები, რისთვისაც მოვიწვიეთ ძალიან გამოცდილი ექსპერტები საზღვარგარეთიდან. ეს ღონისძიებები დღესაც გრძელდება და მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება. უბრალოდ, მომზადებაში გარკვეული ინსტიტუტები ინტენსიურად არიან ჩართულები. არიან პასიური ინსტიტუტებიც, რომლებიც თითქმის არ სარგებლობენ საკონსულტაციო რეჟიმით. ყველა ინფორმაცია მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით არის თანაბრად ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები მთლიანად დაფარა სახელმწიფომ. 


– ემუქრებათ თუ არა უნივერსიტეტებს დახურვის საფრთხე? დაახლოებით რამდენი უნივერსიტეტია პრობლემური და როდის გასაჯაროვდება ინფორმაცია მათი დახურვის შესახებ?


– წინასწარ ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ არის ცნობილი.  პარალელურ რეჟიმში მიდის გეგმური ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და მონიტორინგის პროცესები. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დაწესებულებამ გამოთქვა სურვილი პროფესიულ დაწესებულებად გადაკეთების შესახებ, ერთმა უარი განაცხადა ფუნქციონირებაზე. რიგმა უნივერსიტეტებმა მოითხოვეს ზოგიერთ პროგრამაზე, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს, საქმის წარმოების შეწყვეტა. დაწესებულებები ემზადებიან ავტორიზაციისთვის და არიან ინტენსიურ საკონსულტაციო რეჟიმში ცენტრთან. ყოველდღიურად ვმუშაობთ. განაცხადებს, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს წარმოადგენენ. რამდენიმე მონიტორინგი ჩატარდა, თუმცა შედეგები საბჭოს ჯერ არ განუხილავს. 


–  პრობლემური უნივერსიტეტების ნაწილი სრულად დაიხურება თუ რაიმე მიმართულებით შეიზღუდება? რა შეზღუდვებზეა საუბარი?


– ინსტიტუციური შეფასების შედეგად მოსალოდნელია სამი ტიპის გადაწყვეტილება – ავტორიზაციის მინიჭების, არმინიჭების/ჩამორთმევის ან სტუდენტთა ახალი კონტინგენტის მიღების შეზღუდვის შესახებ მინიმუმ 1 წლით. პროგრამული შეფასების შედეგად, მინიჭება-არმინიჭების გარდა, მუშაობს პირობითი აკრედიტაციის მექანიზმი, 2-წლიანი პირობის ვადით.


– როგორია ვადები? როდის დაიწყება პროცესი აკრედიტაცია/ავტორიზაციის და სულ რამდენ უნივერსიტეტში განხორციელდება?


– 2018 წელს ავტორიზაცია უწევს 29 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. მათ განცხადებებს ველით თებერვლის ბოლოს. 6-თვიანი საქმის წარმოების ვადების გათვალისწინებით, სექტემბრამდე პროცესი უნდა დავასრულოთ.  პროგრამული აკრედიტაცია უწევს დაახლოებით 350-მდე მოქმედ პროგრამას. 




სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge