“ჩემმა ძმამ ჯერ კიდევ არ იცის, საცოლე რომ დაეღუპა” – ვინ იყო 14 წლის გოგო მარიამ სამხარაძე

  • სარკე
  • 1 თებერვალი 10:13, 2018 წელი

ბაღდათის სოფელი როხში 14 წლის ულამაზესი გოგონა მოულოდნელად მამას ხელში ჩააკვდა.

წინა დღით ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონიათ, პედაგოგი იხსენებს, რომ ბავშვი მშვენივრად იყო, არ უთქვამს, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დილით გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს, მუცელი ძალიან მტკივაო, შინ მხოლოდ ერთი აბი ნო-შპა ჰქონიათ – მამას ის დაულევინებია, მაგრამ ტკივილი არ შემსუბუქებია და რამდენიმე წუთში გარდაცვლილა.


მარიამ სამხარაძეს დედა არ ჰყავდა, ის 8 წლის წინ გაუჩინარდა. ოჯახს პირველი შვილიც დაეღუპა.
გარდაცვლილი გოგონას სხეული ამჟამად ექსპერტიზაზეა და ყველა ელოდება პასუხს – რა იყო უეცარი გარდაცვალების მიზეზი…


ულამაზეს მარიამს საქმრო ჰყავდა, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში მცხოვრები – თენგო ქურციკიძე. საქმრომ ჯერჯერობით მარიამის გარდაცვალების შესახებ არ იცის, რადგან ჯარში იმყოფება… დაქორწინებას თენგოს ჯარის დასრულების შემდეგ აპირებდნენ და მრავალი გეგმები ჰქონდათ. როგორც სოფელში ამბობენ, ვაჟის ოჯახმა სარძლო დიდი სიყვარულით მიიღო და გოგონას ხელის გულზე ატარებდნენ… ჟურნალი "სარკე"  თემურ ქურციკიძეს ესაუბრა…


– ჯერ ისევ არ მჯერა, თითქოს ყველაფერი შეიცვალა… მარიამი ჩვენთან ოჯახის წევრივით იყო, ბევრჯერ იყო ნამყოფი ჩვენს სახლში… ჩემი ძმის საცოლე იყო, როცა ჯარს დაამთავრებდა დიდი გეგმები ჰქონდათ. ძმამ ჯერ არც იცის ეს ამბავი. მამაჩემი აპირებს ხვალ უფროსებთან მისვლას და ძმის გამოშვებას თხოვს. იმედია გამოუშვებენ, რათა თენგო გასვენებაზე მაინც მივიდეს.


– სად და როდის გაიცვნეს მარიამმა და თენგომ ერთმანეთი?
– როხში დეიდა მყავს, იქ გაიცნო ჩემმა ძმამ მარიამი. დაახლოებით წელიწადნახევარი იქნება, რაც ერთმანეთი უყვარდათ… 7 იანვარს მარიამს დაბადების დღე ჰქონდა, წელს ჩვენთან იყო ჩამოსული და კარგი დროც ვატარეთ… თურმე მის ბოლო დაბადების დღეს რომ აღვნიშნავდით, ამას ვინ წარმოედგენდა…


– მისი გარდაცვალების მიზეზებზე ახალი დეტალები ხომ არ გახდა ცნობილი?
– პარასკევს ვაპირებთ წასვლას მთელი ოჯახი და შაბათს დასაფლავებაზე… გარდაცვალების მიზეზი ჯერ არაფერია ცნობილი. უთქვამთ, რომ ექსპერტიზის პასუხი ერთი თვის შემდეგ იქნებაო…

წყარო: სარკე