ია სუხიტაშვილის ქმარი, სამზარეულოში სასწაულებს ახდენს

  • სარკე
  • 31 იანვარი 11:55, 2018 წელი

მსახიობი ია სუხიტაშვილი აქტიური კულინარობით არ გამოირჩევა, მაგრამ ოჯახში ეს პრობლემას არ უქმნის. ამ საქმეში დედა ეხმარება და ასევე ქმარი ალექსანდრე შარაშიძე, რომელიც ცოლს გემრიელი კერძებით ხშირად ანებივრებს.

– ია, რა ასაკიდან სცადეთ სამზარეულოში "ძალების" მოსინჯვა?


– ჩვენს სახლში დედას ჰქონდა ასეთი პოზიცია, ოღონდ შენ ისწავლე და ყველაფერს მე გავაკეთებო. ასე რომ, გვიან ასაკამდე არაფერს ვაკეთებდი. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა პირველად ვცადე ბლინების ფირფიტების მომზადება და, სხვათა შორის, კარგი გამოვიდა, იჭმეოდა. ჯემით მივირთვით.


სამზარეულო ჩემთვის იმდენად რთული ამბავია, ასე მგონია, არასდროს გამომივა ისეთი საჭმელი, რომ ყველას მოეწონოს. წვნიანებს დღემდე დედა მიმზადებს. ჩემი აზრით, წვნიანის მომზადება დიდ ფილოსოფიასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მოსვლაზე მეუბნება, რის მერე რა უნდა გავაკეთო, მისი გაკეთება ჩემთვის ჩინურივით არის. სხვა საჭმელები, კი, ბატონო, ვცდილობ და ვამზადებ.


გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე ძალიან კარგი კულინარია. მეც და მასაც ძალიან გვიყვარს ხორცეული, სასწაულებს ჩადის ამ მხრივ. რა ვქნა, უნდა გამოგიტყდეთ, სამზარეულოში ფუსფუსი სიამოვნებას არ მანიჭებს. მას მერე, რაც სახლი ვიყიდე და საცხოვრებლად მარტო გადავედი, ძირითადად ყველა საჭმელს მზას ვყიდულობდი.


– ქმარი არ ცდილობს, რომ თქვენც გასწავლოთ საჭმელების მომზადება?


– არა. არ აქვს ის დამოკიდებულება, რომ “ქალი ვიცი კუხნაში”. საჭმელს ვაკეთებ, მაგრამ ამით თავის მოწონება არ შემიძლია. მამამ მასწავლა ბადრიჯნის კეთება, რომელსაც აქვს სოკოს გემო და საერთოდ ვერ გაარჩევ, სოკოა თუ ბადრიჯანი.


– ჩაგვაწერინებთ რეცეპტს?


– რა თქმა უნდა. ბადრიჯანი არ მიყვარდა და მამამ გადაწყვიტა, შეეყვარებინა ჩემთვის. მომიმზადა და ვჭამე, როგორც სოკო. ბოლოს რომ მიხვდა, ძალიან მომეწონა, მითხრა, ახლა შენ ბადრიჯანი ჭამეო.


მისი მომზადება ძალიან მარტივია და მისი რეცეპრის ჩაწერა მეუხერხულება. მოკლედ, გავაცლით კანს და დავჭრით რაც შეიძლება პატარა ნაჭრებად, წვრილად. რაც უფრო წვრილად დაჭრით, მით მეტად გემრიელი გამოდის. დაყრით ზეთიან ტაფაზე და ცოტა კარაქსაც თუ უზამთ, უკეთეს გემოს მისცემს. ბადრიჯანს ყველანაირი სუნელით შეაზავებთ, მერე ერთ კონა მწვანე ხახვს დაჭრით (მწვანე ხახვი ძალიან უხდება).


მარილსა და შავ პილპილს გემოვნებით მოაყრით. რომ შეხედავთ, კარგად მოიშუშა, მოაყრით წვრილად დაჭრილ ერთ კონა ქინძს და 5-10 წუთში გაზქურიდან გადმოდგამთ. ნამდვილად ვერ მიხვდებით, რომ ბადრიჯანს ჭამთ, სოკო გეგონებათ. მოკლედ, მისი მომზადება ძალიან მარტივია და იაფიც ჯდება.


– ქმარს რომელი კერძით ანებივრებთ?


– ის უფრო მანებივრებს. მართლა მის მომზადებულს საჭმელს ვჭამ, ძალიან მაგრად აკეთებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან უყვარს ჩემი შემწვარი კარტოფილი. თვითონ საოცრად წვავს მწვადს.


– კახეთიდან ხომ არ არის?


– არა, გურულია, მაგრამ საოცრად ამზადებს ხორცეულს. ზაფხულში აგარაკზე გრილზე მომიმზადა ბადრიჯანი, ბულგარული, პომიდორი და საოცარი სოუსი მოასხა, რომლის სახელიც არ მახსოვს. ისეთი გემრიელი იყო, მისი გემო ჯერაც არ დამვიწყებია.


ბოსტანი თვითონ გააშენა და საოცარი კიტრი და პომიდორი ვჭამეთ მთელი ზაფხული. იმპროვიზაციით ხშირად მიმზადებდა ბუტერბროდებს. ხორცს ბეგვავდა და გრილზე წვავდა.


მე ვამზადებ ქათმის სალათს, რომელიც ასე კეთდება: აიღეთ 3-4 მოზრდილი ქათმის ფილე და შეწვით. რომ გაცივდება, ხელით დაანაწევრეთ, 2 ცალი კიტრი გათალეთ და დაჭერით წვრილად. ასევე საჭიროა წვრილად დაჭრილი ერთი კონა კამა და ნახევარი კონა ოხრახუში. 200 გრამი მაიონეზი და 200 გრამი არაჟანი ერთმანეთში აურიეთ და მოასხით. ბოლოს უქენით მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.


– ამ სალათს არც ბულგარულ წიწაკას უკეთებთ, არც სიმინდს, არც მოხარშულ ბრინჯს?


– ამ ინგრედიენტების გარდა, არაფერს. წვრილად დაჭრილ რამდენიმე ზეთისხილს ვუკეთებდი ხოლმე, მაგრამ ჩემს ქმარს მისი გემო არ მოსწონს და აღარ ვუშვები. ეს არის ჩემი საფირმო სალათი.


“მადამ ბოვარიც” ძალიან მარტივად კეთდება. აიღეთ 5 მოზრდილი კარტოფილი, დაჭერით მრგვლად – ორ-სამ ნაწილად და ორივე მხარეს შეწვით. 3 მოზრდილი ქათმის ფილე ოვალურ ფორმებად დაჭერით და ისიც ზეთიან ტაფაზე ორივე მხარეს შეწვით. მერე ლანგარზე ჯერ კარტოფილი დაალაგეთ, ზემოდან შემოაწყვეთ ქათმის ხორცი, მოაყარეთ 300 გრამი გახეხილი ყველი, 1 თავი ხახვი, წვრილად და ალყა-ალყა დაჭრილი, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ შავი პილპილი და 30-40 წუთით ღუმელში შედგით. რომ გამოიღებთ, ნამცხვრის ნაჭრებივით დაჭერით და მიირთვით.


ძალიან მიყვარს ჭამა, გურმანი ვარ.


– არადა სხეულის კონფიგურაციაზე არ გეტყობათ.


– გამხდრები ყველაფერს ჭამენ.

წყარო: სარკე