ვინ გამოუტყდა დიპლომით სიყვარულში დათო კენჭიაშვილს

  • primetimenews.ge
  • 29 იანვარი 20:56, 2018 წელი

გია ყანჩელი, ვაჟა ფშაველა, ჰამლეტ გონაშვილი, ეთერ თათარაიძე, მარო თარხნიშვილი, ნუგზარ ფსუტური, ლუჩიანო პავაროტი... ამ ადამიანების ფოტოები მომღერალ დათო კენჭიაშვილის სახლსა და სტუდიის კედლებს ამშვენებს.

მისაღებ ოთახში თევზებით სავსე აკვარიუმს ვხვდებით. დიდი ხანი არ არის, რაც თევზებთან მეგობრობს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არსებები სიმშვიდის გარანტიაა. ძაღლიც ჰყავს, ამბობს, რომ ერთგულებისა და სითბოს მაგალითია. 


მისაღებ ოთახშივე ბუხართან მოვკალათდით და დავიწყეთ.


– დათო, ვიცი, რომ ახლახან საბავშვო სტუდია გააკეთე...


– "თაობა" უკვე წლებია, არსებობს, უბრალოდ, ახლა ლოკაცია შევიცვალეთ, საკუთარი სტუდია გავხსენი. ამ სტუდიაში ბავშვები ეუფლებიან ქართულ ინსტრუმენტებს, ქართულ სიმღერებს, გალობას. წარმატებულადაც ართმევენ თავს. ძალიან კარგი ბავშვები მყავს, ვამაყობ მათით. უნიჭიერესი თაობა მოდის. 


– ახლახან ახალი ალბომი გამოუშვი, რომელშიც შენი ბავშვებიც მღერიან...


– კი, ბატონო. ჩემი ახალი ალბომი ონლაინგაყიდვაშია. ასე რომ, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ გამოწერა და შეძენა.


სიმღერაზე ჯვარდაწერილი


– პირადზეც უნდა გკითხო, ისეთი სიყვარულით მღერი, ისეთ სატრფიალოებს ასრულებ, ალბათ, ძნელად თუ დაიჯერებს შენი მსმენელი, რომ შეყვარებული არ ხარ.


– (იღიმება) ჰო, ალბათ, უცნაურია, მაგრამ ისევ მარტო ვარ, ისევ სიმღერაზე ჯვარდაწერილი. ოჯახში კი მეუბნებიან, უკვე დროა, დაოჯახდეო, მაგრამ... ბებიაჩემი განსაკუთრებით აქტიურობს ამ მხრივ. 


– რამდენი წლის ხარ?


– 32-ის.


– ბებია რომ ვიყო შენი, მეც გეტყოდი, დროა-მეთქი, მაგრამ... არც არასდროს არ გყვარებია?


– 12 წლის ასაკში მიყვარდა ძალიან, ძალიან, ბავშვური, გულწრფელი სიყვარულით. ახლაც მახსოვს ის შეგრძნებები, მაგრამ პატარები ვიყავით და...


– სად წავიდა?


– არ ვიცი, ზღვაზე გავიცანით ერთმანეთი. ახლა არ ვიცი, სად არის.


ფანის ნაჩუქარი ბინა დაღესტანში


– დათო, ვიცი, რომ ხშირად გაქვს გასტროლი სხვა ქვეყნებში...


– ჰო, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მგონი, იქ უფრო მცნობენ, ვიდრე საქართველოში. ხშირად ვარ დაღესტანში, ინგუშეთში, ოსეთში. უყვართ ჩემი შემოქმედება, ზოგადად, ქართული სიმღერა. მე მინახავს სიამოვნებისგან აცრემლებული მაყურებელი. მეუბნებიან, მართალია, არ ვიცით, რაზე მღერით, მაგრამ ისეთი გრძნობით მღერით, თვალებში ვკითხულობთ ტექსტსო.


– ვიცი, რომ შენმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა დაღესტანში სახლი გაჩუქა...


– ჰო, ეს სამწუხარო ამბავს უკავშირდება. ხანშიშესული ადამიანია, ჩემხელა შვილი დაეღუპა. მითხრა, რომ გისმენ, მას მახსენებო. მოსწონს ჩემი სიმღერები და ამიტომ გამიკეთა ასეთი საჩუქარი, რომ ხშირად ჩავიდე მის მხარეში. 


– და რა ქენი, დაკეტე სახლი და წამოხვედი?


– აბა, რა მექნა, იქ ხომ არ ვიცხოვრებდი, საქართველო ერთადერთი ადგილია, სადაც მინდა, ვიცხოვრო. 


– მე ვნახე ირანში გადაღებული ვიდეო, სადაც შენს ერთ-ერთ კონცერტზე შენს სახელს სკანდირებდნენ.


– ჰო, ორი კონცერტი ჩავატარეთ მე და ჩემმა მუსიკოსებმა ირანში და გაოცებული დავრჩი. 3000 ადამიანი დაესწრო ჩვენს კონცერტებს. ისეთი სითბო მოდიოდა მაყურებლისგან, გაგიჟებულები ვიყავით ყველანი. საქართველოში, კულტურის სამინისტროში, ალბათ, ჩემი სახელი არც იციან. უცხო ქვეყანაში კი ასე მხვდებიან. ამ ზაფხულსაც მაქვს დაგეგმილი კონცერტი ირანში. სხვათა შორის, დაღესტანში დამსახურებული არტისტის წოდება მომანიჭეს. 


– დათო, რომელია შენი საყვარელი ადგილი ამ სახლში?


– ჩემი სტუდია, სადაც იქმნება ყველაფერი, სადაც ყველაზე მშვიდად ვარ. დიპლომი – Официальное признание в любви


მიუხედავად იმისა, რომ დათომ საქართველოში ცნობადობაზე დაიწუწუნა, მისი სტუდიის შესასვლელთან ჩვენ არაერთი დიპლომი ვნახეთ წარწერებით: „წლის პროდუქტიული მომღერალი“, „წლის საუკეთესო მომღერალი კაცი“, „დიპლომი საუკეთესო ალბომისთვის“, „წლის პოპულარული მომღერალი“... ყველაზე უცნაური ამ დიპლომებს შორის იყო ერთ-ერთი, რუსულენოვანი, რომლითაც მის x დათოს სიყვარულში გამოუტყდა. Официальное признание в любви – ასეა დასათაურებული დიპლომი.


– დათო, ამ დიპლომზე რას გვეტყვი?


– ვერაფერს, გარდა იმისა, რასაც ხედავთ. რუსულ ენაზეა დიპლომი, მომივიდა მისამართზე. არ წერია, ვისგანაა, ადრესატია მის x. ძალიან კი დავინტერესდი, ვის ვუყვარვარ, მაგრამ ვერ გავარკვიე. ალბათ, კარგად არ მოვინდომე...


მსახიობის ამპლუა


ხმის ჩამწერ ოთახში მუსიკალურ ინსტრუმენტებს ვხვდებით, მათ შორის გიტარებს, დაღესტნურ მუსიკალურ საკრავს, ძველებურ „პრაიგრივაწელს“, რომელიც ფირფიტებს უკრავს და ხალიჩას, რომელზეც დათოს ფოტოა ამოქარგული. როგორც მომღერალი ამბობს, ეს ხალიჩა ირანელებმა აჩუქეს. თავად არცერთ მუსიკალურ საკრავზე არ უკრავს. ამბობს, რომ არ გამოსდის. უცნაურია, მაგრამ უსმენს ჯაზს, კონკრეტულად მაილზ დეივისს. 


– დათო, ვიცი, რომ მსახიობის ამპლუაც მოირგე...


– არავინ იფიქროს, რომ ამის პრეტენზია მაქვს. უბრალოდ, შემომთავაზეს მომღერალი ბიჭის როლის მორგება. ეს არის ფილმი „მაიტა ნასოსი 2“. მე და გიორგი ვარდოსანიძე მეგობრებს ვთამაშობთ. იქაც მტირალა სიმღერებს ვმღერი (იცინის). გიორგი მეუბნება, გეყოფა ამდენი ტირილი, წავიდეთ სადმეო და მივდივართ სვანეთში, სადაც იწყება ჩემი სასიყვარულო თავგადასავალი ჩემს პარტნიორთან და კოლეგასთან, ნინი წიკლაურთან. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოვიკითხავ ამ ტკბილ ადამიანს. ფილმის რეჟისორი გია კაჭარავა გახლავთ. 


– როდის ნახავს მაყურებელი?


– 14 თებერვალს გამოდის კინოთეატრებში.


ექსპერიმენტები 


– დათო, შენ ძალიან გიყვარს ექსპერიმენტები, ჩვენ გვახსოვს შენი დუეტი თეონა დვალთან, ლექსენთან, დუეტები დიანა ღურწკაიასთან... ოპერა, რეპი, ფოლკი, კიდევ რომელ ჟანრში უნდა სცადო ბედი. რას გვიმზადებ ახალს?


– ასე კონკრეტულად ჯერ ვერ გეტყვი, მაგრამ მოლაპარაკება მაქვს შავკანიანებთან.


– ქართულსა და ტკბილს რას გვიმზადებ?


– ვმუშაობ ჯერ, ვერაფერს გეტყვით, მადლობის მეტს. მიხარია, რომ მგულშემატკივრობთ და ვმეგობრობთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის.


– მადლობა მასპინძლობისთვის.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge