ბექა ჩხაიძე მონასტერში წავიდა

  • თბილისელები
  • 29 იანვარი 20:19, 2018 წელი

ბექა ჩხაიძე მამათა მონასტრიდან ახლახანს დაბრუნდა, სადაც ორი თვე იმყოფებოდა და მონასტრულ ცხოვრებას ეწეოდა.

მისი მოძღვარი ამ მონასტრის წინამძღვარი, მამა იოანე ხვედელიძეა, რომელმაც ჯერ კიდევ 2009 წელს ბექას დაპატიმრება იწინასწარმეტყველა.


ბექა ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის გატაცების გამო დააკავეს. როგორ ცხოვრობდა ბექა მონასტერში ინტერვიუდან შეიტყობთ.


- რუის-ურბნისის ეპარქიაში, ძამას ხეობაში, მამათა მონასტერში ვიყავი, სადაც წინამძღვარი ჩემი მოძღვარი, მამა იოანე ხვედელიძეა. ყველა თავის მოძღვარს აქებს, მაგრამ ეს ძალიან ძლიერია. ისე გადის მთელი თვე, სულ ორჯერ თუ შეჭამს საჭმელს.


რაღაცას რომ უყვები და დაუმალავ, მაშინვე გეტყვის: ამას რატომ არ მეუბნებიო.


ხედვები აქვს, კურნავდა კიდეც ადამიანებს. მერე თვითონვე აკრძალა. ხალხი მე მადიდებს და იმას კი ვერ ხედავენ, რომ ღმერთისგან არისო და აღარ კურნავს. ერთხელ ვიღაც ქალი ამოვიდა, მამა იოანეს კითხულობდა. ის ადგილზე არ იყო, დავურეკეთ, რომ მოსულიყო. მან კი გვითხრა არ გაეკაროთ მაგ ქალსო. მოვიდა მამაო უყურებს ამ ქალს. მივიდა მასთან და თმიდან უზარმაზარი ხანჯალი ამოუღო. შეპყრობილი იყო ეს ქალი, დავარდა და ტირილი დაიწყო.


მამაომ თქვა ჩემთვის უნდა დაერტყა, რომ შევხედე მხარზე ეშმაკი ეჯდაო. იქვე, დედათა მონასტერია, სადაც ჩემი გამზრდელი დედა მარიამ ჩხაიძეა წინამძღვარი. 2009-ში რომ დამიჭირეს მაშინ გავიცანი მამა იოანე. რამდენიმე დღე იქ ვიყავი, დედა მარიამს ვეხმარებოდი. შემოვიდა მამა იოანე და როცა დავინახე, იმხელა ძალა ჰქონდა დავმუნჯდი. პირდაპირ მომკიდა ხელი და მეუბნება: არ წახვიდე თბილისში, დარჩიო. რომ წამოვედი მეორე დღეს დამიჭირეს. მამაოს უთქვამს, ყველაფერს ხომ არ ვეტყოდიო.


- როგორ ცხოვრობდი მონასტერში?


- იქ არის ბრძოლები, რა თქმა უნდა აქაურობა გენატრება. თან ის ბოროტი გილაგებს ყველაფერს, სულ ფიქრობ სად წამოხვედი ამ ტალახში. შენ ახლა სადმე რესტორანში უნდა იჯდეო. იქ მეორე მონასტერი შენდება და დიდი ქვები მოაქვთ, დასატვირთია, ასატანი. ვეხმარები. მთაა, გზა ინგრევა. წავიდოდით ბიჭები ბარებით, თოხებით და ვწმენდდით. პირად ურთიერთობებში არასტაბილური ვიყავი, რის გამოც მონასტერში ერთ-ერთი სასჯელიც დამეკისრა. მაქსიმალურად ვეცდები, ცოდვები არ ჩავიდინო, მაგრამ ამ მხრივ პირობას ვერავის ვერ მივცემ.


თან დროა ოჯახი შევქმნა. ყელამდეა უკვე ტაშ-ფანდური და „ფეისბუქზე“ ამოსარჩევი გოგონები, ვისთან გაატარო დრო. არის ადამიანი ვინც მომწონს. ახლა დასაწყის ეტაპებს გავდივარ. შეგრძნება მაქვს, რომ კარსაა მომდგარი.

წყარო: თბილისელები