როგორ "დაუმალეს" მოსკოვს თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა

  • რეზონანსი
  • 29 იანვარი 19:42, 2018 წელი

ქართული ფეხბურთის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის იმ დროიდან, როცა 1906 წელს პირველი საფეხბურთო "კრუჟოკი" დაარსდა და ფეხბურთს იპოდრომზე თამაშობდნენ.

"კრუჟოკის" ბიჭებს ერთ-ერთი თბილისელი მეწარმისთვის, გვარად ფრიდონოვისთვის, უთხოვიათ დიდუბეშივე - ელიზავეტას ქუჩაზე (დღევანდელი ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორია) დაეთმო მისი მინდორი. როგორც ამბობენ, ფრიდონოვი ფეხბურთის დიდი მოყვარული არ ყოფილა, მაგრამ ბიჭებისთვის მინდორი უჩუქებია. სწორედ ამ ხრიოკ მინდორზე მოეწყო 1911 წელს თბილისის საფეხბურთო მოედანი.


პირველი სტადიონი ტრიბუნებით 1927 წელს პლეხანოვის პროსპექტზე, კინოთეატრ "აპოლოს" გვერდით აშენდა. სათამაშო მოედანზე ბალახის საფარი მაშინ ჩვენში გაგონილიც არავის ჰქონდა, სტადიონზე დასაჯდომი ადგილების სულ 10-15 რიგი თუ იქნებოდა, ისიც ცალ მხარეს. "მაგრად" დარტყმული ბურთი პლეხანოვზე რომ გადავარდებოდა, სადაც ტრამვაი დადიოდა, სანამ ვინმე მოხალისე გამვლელი ან სტადიონიდან გადამხტარი ბიჭი ბურთს მოედანზე არ დააბრუნებდა, თამაში ჩერდებოდა.


"პროჟექტორებზე" საუბარიც ზედმეტი იყო, თამაში ადრე იწყებოდა, დაბნელებამდე რომ დამთავრებულიყო. ინფორმაციას, ვინ მოიგო მატჩი, თბილისელი მემტრედე ბიჭები ავრცელებდნენ, რომლებსაც თამაშის დროს მტრედები უბით მოჰყავდათ. პირველ ბურთს რომ შეაგდებდნენ, მტრედებს ჰაერში ააფრენდნენ, "რომ უბანში ტელეგრამა წაეღოთ".


ფეხბურთის ამბებს ავრცელებდა ასევე გაზეთი "მუშა", რომელსაც თბილისელი "კრიკუნები" ყიდდნენ და თან გაუჩერებლად გაჰყვიროდნენ: "სენსაციური ინტერვიუ, პაიჭაძე, შავგულიძე, დომოხოვი, ბერძენიშვილი", ისინი მაშინ ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ.


1932 წელს ახალი სტადიონის ასაშენებლად გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც ახალგაზრდა არქიტექტორმა არჩილ ქურდიანმა გაიმარჯვა, მაგრამ მაშინდელმა მთავრობამ ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა სხვა არქიტექტორებს დაავალა.


"გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისში სტადიონის აშენება გადაწყდა. კონკურსში არჩილ ქურდიანმა გაიმარჯვა, მაშინ 23 წლის იყო. მთავრობაში გამოცდილი არქიტექტორები მივიდნენ და მის საწინააღმდეგო არგუმენტად სწორედ ასაკი მოიყვანეს. ამიტომ კონკურსი ხელახლა ჩაატარეს და 9 არქიტექტორს დაევალა პროექტის დამუშავება.


"პაპამ ეს ამბავი გვიან გაიგო, როცა პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო. ძალიან განიცადა და თავის პედაგოგ გრინევსკის შესჩივლა ეს ამბავი. მან ურჩია, მიდი "ენკავედეს" უფროსთან და დაელაპარაკე, იქნებ რამე გამოგივიდესო. მაშინ "დინამო" "ენკავედეს" ეკუთვნოდა.


"ტიტე მგალობლიშვილის ნახვა რთული არ იყო. ეს კაცი არც დაცვით დადიოდა და რუსთაველზეც ყველამ იცოდა, რომელ საათზე ჩამოივლიდა. როცა მისი მანქანა გამოჩნდა, პაპამ ხელი დაუქნია და მგალობლიშვილმაც მანქანა შეაჩერა. არჩილმა უთხრა თავის გულისტკივილი და ისიც, რომ კონკურსში მონაწილეობა სურდა. "კი, ბატონოო" - დათანხმდა და კიდევ ერთხელ ჩაატარეს შესარჩევი კონკურსი.


"მაშინაც არჩილ ქურდიანმა გაიმარჯვა. მართლაც ულამაზესი ნაგებობა გამოვიდა, ქართული ხასიათის, რომელიც მისივე შექმნილ ჩუქურთმებში გამოაწყო", - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში არჩილ ქურდიანის შვილიშვილი.


1933 წელს დიდუბეში, მუშთაიდის გვერდით, "დინამოს" სტადიონის მშენებლობისთვის მთავრობამ 6 მილიონი მანეთი გამოყო. იგი საზეიმოდ 1935 წელს გაიხსნა. ეს იყო ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობა ამიერკავკასიაში. თავიდან მოსკოვი დაჟინებით მოითხოვდა, პროექტი შეამცირეთო. ანუ სტადიონი 10 ათას ადამიანზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. საქართველოს მთავრობას ჩუმად უთხოვია ქურდიანისთვის, ვითომ შეგეშალა და 15-ათასიანი ააშენეო. ქურდიანიც ადგა და 25 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ააშენა.


გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისის "დინამოს" პოპულარობა იმდენად გაიზარდა და "დინამოელები" ისეთ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, რომ ტრიბუნები ფუხბურთის ნახვის მსურველებს ვეღარ იტევდა, ბილეთები ძნელად იშოვებოდა და შავ ბაზარზე მისი ფასი ასტრონომიულ ციფრს აღწევდა. ამბობენ, ერთხელ მაშინდელი ცეკას მდივანი ვასილ მჟავანაძე თავის ეზოში მდგარი ფურგუნიანი "მოსკვიჩით", რომელსაც ეწერა "რძე - მოლოკო", წასულა ფეხბურთის მატჩზე. სტადიონის შესასვლელთან რძის მანქანიდან გადმოსულ ცეკას მდივანს მილიციელმა "ჩესტი" კი აუღო, მაგრამ შემდეგ დიდხანს აზრზე ვერ მოსულა, მართლა მჟავანაძე იყო თუ მოეჩვენა.


ამ პოპულარობის ფონზე თბილისის "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქციის საკითხი დადგა, მაგრამ იმ დროს, ხრუშჩოვის ბრძანებით, დიდი სპორტული ობიექტების აშენება აკრძალული იყო და ყველაზე დიდი სტადიონი მხოლოდ მოსკოვში უნდა ყოფილიყო. არადა, თბილისის "დინამოს" მატჩებს 40 ათასი გულშემატკივარი მაინც ესწრებოდა. ამდენ მაყურებელს ერთად აღებული მოსკოვის ოთხივე გუნდი ვერ აგროვებდა "ლუჟნიკებში".


მიუხედავად კრემლის მუქარისა, ვასილ მჟავანაძეს მაინც მიუღია თბილისში მასშტაბური სტადიონის აშენების გადაწყვეტილება. პროექტის განხორციელება ისევ არჩილ ქურდიანს დაევალა.


"სტადიონის მშენებლობა პარტიზანულად განხორციელდა. გავიტანეთ პროექტი კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე, რისთვისაც 2 მილიონი მანეთი გამოგვიყვეს, მაგრამ ძველი სტადიონი მთლიანად დაინგრა და ახალი აშენდა, რომელიც 9 მილიონი დაჯდა. რა თქმა უნდა, ამ მასშტაბის სტადიონის აშენება ცენტრს არ გამოჰპარვია, ეს საკითხი 22-ე ყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენებაში უნდა შეტანილიყო, მაგრამ ვასილ მჟავანაძემ დაურეკა მას, ვინც მოხსენებას წერდა და ეს თემა საერთოდ ამოიღო", - იხსენებს მაშინდელი ქალაქკომის მდივანი ოთარ ლოლაშვილი.


ასე დაიწყო 1967 წელს მოსკოვისთვის გასაგზავნ დოკუმენტებში "დინამოს" სტადიონის "რეკონსტრუქცია"; თბილისში კი ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და ქურდიანმა სრულიად ახალი, თანამედროვე სტილის სტადიონი ააგო, რომლის მსგავსი საბჭოთა კავშირის არც ერთ რესპულიკაში არ იყო.

წყარო: რეზონანსი