მარგველაშვილის სკანდალური გადაწყვეტილებები – ვის არ მისცა პრეზიდენტმა მოქალაქეობა

  • primetimenews.ge
  • 29 იანვარი 16:03, 2018 წელი

მარგველაშვილის სკანდალური გადაწყვეტილებები – ვის არ მისცა პრეზიდენტმა მოქალაქეობა – ამ სათაურით სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

"მოქალაქეობის მინიჭება, ისევე როგორც შეწყალება, პრეზიდენტის უშუალო კომპეტენციაა. ის წყვეტს საბოლოოდ, ვინ მიიღებს მოქალაქეობას ან ვინ შეიწყალოს. ექსპერტები ამბობენ, რომ მის გადაწყვეტილებაში რაიმე ლოგიკის პოვნა რთული კი არა, შეუძლებელიც არის. ზოგადი კრიტერიუმები ცნობილია, თუმცა, პრეზიდენტი ვალდებული არ არის, დაასაბუთოს თავისი მოსაზრება – ასე რომ, რატომ ვერ იღებს მოქალაქეობას პირი, რომელიც საქართველოში დაიბადა და საქართველოს მოქალაქე იყო და რატომ იღებს ის, ვისზეც შესაბამის უწყებებს უარყოფითი დასკვნა აქვთ გაცემული, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია",- წერს გამოცემა.


სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას “პრაიმტაიმთან” საუბარში ასე განმარტავს:


– საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონი ცალსახად ადგენს, რომ განცხადების მიღება, დამუშავება, საქმის წარმოება, შესწავლა, სხვადასხვა უწყებების საკითხის გავლა, არის სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფუნქცია. იმისთვის, რომ სააგენტომ შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა პირი დადგენილ კრიტერიუმებს, შექმნილია მოქალაქეობის საკითხთა კომისია. კომისიაში შედიან წევრები ჩვენი სააგენტოდან, იუსტიციის სამინისტროდან, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნის მოქალაქე მოგვმართავს მოქალაქეობის მინიჭებაზე, ჩვენ ვიწყებთ წარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. ეს მოიცავს სხვადასხვა პროცედურებს, მათ შორის უნდა გადამოწმდეს, ხომ არ არსებობს ისეთი გარემოებები, რაც წარმოადგენს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. მათ შორის არის სახელმწიფო უსაფრთხოება, ხომ არ აქვთ ისეთ ორგანიზაციებთან კავშირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემას, ხომ არ აქვს ისეთი დანაშაული ჩადენილი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ამ საკითხების გადასამოწმებლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ერთი მხრივ, შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ამოწმებს არქივში და არამხოლოდ არქივში დაცულ მასალებს ამ პიროვნების შესახებ, ინფორმაციის მოსაძიებლად და უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს, შსს-ს, საბოლოო ჯამში კი, მიღებული ინფორმაციის დამუშავება ხდება. თუ არსებობს თითოეული უწყებიდან დადებითი დასკვნა, რომ ამ პიროვნებას დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ან არსებობს უარის თქმის საფუძველი, ამის შემდეგ საქმეს შეისწავლის სააგენტოს კომისია და ყველა ინფორმაციის შეჯამების შემდეგ საბოლოო დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. გასათვალისწინებელია, რომ სააგენტო თავის დასკვნაზე თვითონ არის პასუხისმგებელი – თუ სააგენტომ მიიღო უარყოფითი დასკვნა და უცხოელს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე,  ასეთ შემთხვევაში, სასამართლოში პასუხისმგებელია სააგენტო და არა პრეზიდენტი.


მისივე განმარტებით, მოქალაქეობის მიღების მსურველები ძირითადად ის პირები არიან, რომლებმაც საქართველო 90-იან წლებში დატოვეს.


მაშინ ხომ ზოგმა სოციალური კრიზისის გამო დატოვა საქართველო და ბევრმაც აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად. ისინი დიდი ხანია მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვენ.


ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხი პოლიტიკური თემასთან ერთად ქვეყნისთვის ღირსების საკითხიც იყო. საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, მით უფრო, რომ მათ მოქალაქეობა ბევრწილად იმის გამო შეუწყდათ, რომ სხვადასხვა, რიგ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივითაც კი, იძულებულნი გახდნენ, საქართველო დაეტოვებინათ.


პრეზიდენტი 2017 წლის შემოდგომაზე მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა, მას ამ საკითხზე დღემდე არაფერი დაუკონკრეტებია – ყველასთვის გაუგებარი დარჩა, რა უნდა გამკაცრდეს ან რატომ.


"ვფიქრობ, შეიძლება გაიოლებაზეც ვიფიქროთ იმ ხალხისთვის, ვისაც წარმოშობა აქვს საქართველოდან და დღესდღეობით სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით საქმიანი განხილვა უნდა გვქონდეს. პრეზიდენტის პრეროგატივა, პრინციპში, ეგ არ არის და საკანონმდებლო ორგანო ამ თემაზე იფიქრებს აღმასრულებელ სტრუქტურებთან ერთად", – განაცხადა მაშინ გიორგი ვოლსკიმ.


"თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რაღაც კრიტერიუმები უნდა დაიხვეწოს ან გართულდეს, ამას კანონის ცვლილება არ სჭირდება, ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება. ამიტომ ჯერ უნდა დაველოდოთ, დაკონკრეტდეს, რაში მდგომარეობს პრეზიდენტის ინიციატივა", – ასეთი იყო "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის ოთარ კახიძის პოზიცია.


"როდესაც ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ერთი მეხუთედი, 20%-ზე კიდევ მეტიც, მოქალაქეობის თემასთან ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო. ასე კავალერისტულად ინიციატივების, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გადმოგდება არ მგონია ჭკვიანური, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთი ე.წ. პასპორტიზაციით, ჩვენს მოქალაქეებს აცდუნებს", – ეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა რურუას პოზიციაა.


კრიტერიუმების გამკაცრებამდე გიორგი მარგველაშვილი დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხში დახმარებასაც დაჰპირდა.


თუმცა, კომისიის საქმიანობის შესწავლის შემდეგ იუსტიციამ საინტერესო დოკუმენტი დადო.


ოფიციალურ დასკვნაში ვკითხულობთ:


„2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან 97 პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო, ხოლო დანარჩენ 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. იმ 97 პირიდან, რომელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა, 74 პირი ან საქართველოში იყო დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო.“


ასევე, საინტერესოა:


„საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად, კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე, 8 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 3 – რუსეთის, 3 – გერმანიის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ“.


საინტერესოა, რომ 2016 წელს ასეთი პირი, ვისაც მოქალაქეობა პროცედურის დაუცველად და შესაბამისად, კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე მიენიჭა, 20 პირი იყო: „მათგან 10 – თურქეთის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ“.


იმ ადამიანებს შორის, ვისაც პრეზიდენტმა მოქალაქეობა არ მიანიჭა, საქართველოს ყოფილი მოქალაქეები არიან. მათგან ერთ-ერთი მარინა ემუხვარია, არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის შვილიშვილი. ის მეოცე საუკუნის დასაწყისში აფხაზეთში მოღვაწეობდა, პროქართული მიმართულება ჰქონდა, ამიტომაც პრორუსი ორიენტაციის აფხაზებთან უთანხმოებაში იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება მაშინ ავტონომიის სტატუსით აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დატოვებაც. თუმცა, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ მას გაქცევა მოუწია, ოჯახი კი აქ დარჩა. შესაბამისად მისი შვილიშვილი მარინა ქუთაისში დაიბადა. რეპრესიებიც იწვნია. ისტორია სავსეა ისტორიული დრამითაც და ტრაგიზმითაც.


მოქალაქეობის დაბრუნებას ისიც ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.


არიან სხვა პირებიც, მათ შორის კონფლიქტის ზონიდან, ვინც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოქალაქეობის მინიჭების ღირსად არ ჩათვალა.


გთავაზობთ მათ შესახებ მოკლე ინფორმაციებს:


 ვ.ა-ია – დაბადებული ოჩამჩირეში. 1992 წლამდე ცხოვრობდა აფხაზეთში. 2009 წელს შეუწყდა მოქალაქეობა, 2014 წელს გაცემულია საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა. 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში. ცხოვრობს საქართველოში. არის მაღაზიის მეპატრონე. ქორწინებაშია საქართველოს მოქალაქესთან.


გ.ჩ-ძე – დაბადებული საქართველოში. საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა 2013 წელს. ჰყავს ორი შვილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას.


ნ.ყ-შვილი – 2005 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში. საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა ერთი წლის წინათ და მას შემდეგ მუდმივად საქართველოში იმყოფება. ჰყავს მამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ამჟამად, საქართველოში ახორციელებს ავტოსერვისის მშენებლობას, რომლის იჯარით გაცემას აპირებს.


ნ.პ-შვილი – დაბადებული საქართველოში. შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. დაბრუნდა საქართველოში. ჰყავს მეუღლე და შვილი. ოჯახის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოში საკუთრებაში ფლობს საცხოვრებელ ბინას.


მ.მ-ძე – დაბადებული საქართველოში. საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. საქართველოში ფლობდა სარეცხი საშუალებების საწარმოს. 2007 წელს დასახელდა საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად. ასევე, მუშაობდა აჭარის უსინათლოთა კავშირში. დაკავებულია სამშენებლო ბიზნესით. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. მეუღლე და ორი შვილი საქართველოს მოქალაქეა.


მ.ფ-ძე – დაბადებული საქართველოში. წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ცხოვრობდა საქართველოში. 2016 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჰყავს მეუღლე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.


ექსპერტებს ახლა უჭირთ, პრეზიდენტის ამ ქცევაში რაიმე ლოგიკა იპოვონ. ამბობენ, რომ ეს შეუძლებელიც არის. „ლოგიკის პოვნა რთული კია რა შეუძლებელია“ – ეს ლევან ალაფიშვილის შეფასებაა.


სამაგიეროდ, პრეზიდენტმა „გამოიმუშავა“ რკინისებური ლოგიკა, ასეთ დროს თქვას: ეს ხომ უბრალოდ შავი პიარია, მებრძვიან, თორემ მე ყველაფერს სწორად და კანონის ფარგლებში ვაკეთებო. 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge