ვინ არის პანკისელი საველე მეთაური, რომელიც სირიაში თურქეთის მხარეზე იბრძვის

  • რეზონანსი
  • 26 იანვარი 13:48, 2018 წელი

აფრინში მიმდინარე სპეცოპერაციაში, რომელიც "ტერორისტების" განადგურების საბაბით დაიწყო, ოფიციალური ანკარის მხარეს აშშ-ის მიერ ტერორისტად აღიარებული, წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი და მისი დაჯგუფება იბრძვის.

თურქეთის მიერ ქურთების გასანადგურებლად სპეცოპერაცია "ზეთისხილის რტო" 20 იანვარს დაიწყო და თურქული სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობს ერთ-ერთი ვაჰაბიტური დაჯგუფების ცნობილი საველე მეთაური მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ აბუ ვალიდ ალ-შიშანი.


წარმოშობით პანკისელი, 48 წლის მურად მარგოშვილი აშშ-მა ტერორისტთა სიაში 2014 წლიდან შეიყვანა, საქართველომ კი - 2017 წლის აგვისტოდან. იგი გროზნოშია დაბადებული და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. 2012 წლიდან საველე მეთაურია ალ-ქაიდას მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფება "ჯუნუდ ალ-შამისა" ("სირიის ჯარისკაცები") რომელიც წლებია, ალ-ნუსრას ფრონტთან ერთად, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.


თურქეთმა სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება სირიელი ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.


კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მურად მარგოშვილი ტერორისტადაა მიჩნეული არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ რუსეთშიც, რადგანაც ის ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილეა და დიდი პოლიტიკის ცინიზმია, რომ ქურთების წინააღმდეგ ოპერაციაში თურქების მხარეს ისლამისტები, მათ შორის მარგოშვილიც, გამოჩნდნენ.


"ესაა დიდი პოლიტიკის ცინიზმი, თუ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, შესაძლოა, მტერი მოყვარე გახდეს და პირიქით," - აღნიშნავს არეშიძე.


მისი თქმით, "სირიის თავისუფალი არმიის" ქოლგის ქვეშ გაერთიანდა ზოგიერთი ყოფილი ისლამისტური ჯგუფი, რომლებიც "ისლამურ ხალიფატს" არ ეკუთვნოდნენ და მათ ალ-ქაიდა აკონტროლებდა. მთავარ სამხედრო ოპერაციებში სწორედ ეს კონსოლიდირებული ალიანსი მონაწილეობს.


მამუკა არეშიძე: "დასავლეთში ძალიან კარგად იციან, რომ თურქები ისლამისტებთან ყოველთვის თანამშრომლობდნენ. არა მარტო ამ ისლამისტებთან, არამედ უშუალოდ "ისლამურ ხალიფატთან" თანამშრომლობა ედებოდა ბრალად ერდოღანის შვილს. საუბარი იყო, რომ ის ისლამისტებისგან კაპიკებში იძენდა ნავთობს და შემდეგ ასაღებდა, საუბარი იყო მილიარდობით დოლარზე. დიდ პოლიტიკას ახასიათებს ცინიზმი. ყველა დიდი სახელმწიფო მისდევს თავის ინტერესებს და არა ხალხის ინტერესებს. ისლამისტი მებრძოლებისთვის ეს ჯიჰადის სახელით ხდება. ისლამისტ ლიდერებს კი თავისი ამოცანები აქვთ, შესაძლოა, ფულის თემაც იყოს გადამწყვეტი, მაგრამ აქ სხვა საკითხიცაა. დღეს ისლამისტური ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია, იმ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, როგორშიც "ისლამური ხალიფატის" დაჯგუფება ჩავარდა. ამიტომ ოღონდ შეინარჩუნონ თავიანთი საბრძოლო ხერხემალი და ეშმაკსაც შეეკვრებიან. სალაფიზმის, ისლამიზმის იმ ფორმის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მტერი თურქეთია იდეოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ დღეს მტერი არ არის პოლიტიკური თვალსაზრისით. ძალიან ჩახლართული სიტუაციაა და ბევრისთვის, შესაძლოა, გაუგებარიც იყოს," - ამბობს არეშიძე.


უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ერდოღანის დღევანდელმა ხელისუფლებამ ტერორისტები გვერდით უკვე ღიად დაიყენა და ეს ძალიან მწვავე საკითხია.


"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მარგოშვილის თავზე დაწესებული აქვს 5 მილიონი დოლარი ჯილდო. ერდოღანის რეჟიმმა უკვე გააშიშვლა ყველაფერი და გვერდით დაიყენა ისლამისტები. როგორც ჩანს, ეს საკითხი მწვავედ დადგება და ეს იქნება კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი ვაშინგტონსა და ანკარას შორის. ეჭვი არ მეპარება, ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ესეც იყო, რომ აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტერორისტთან თურქეთმა შექმნა ალიანსი და გამოაცხადა მოკავშირედ," - აღნიშნავს მაისაია.

წყარო: რეზონანსი