“სილქნეტი” „ჯეოსელს“ ყიდულობს

  • M2B
  • 26 იანვარი 12:21, 2018 წელი

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგების შედეგად „სილქნეტი“ „ჯეოსელს“ ყიდულობს. გარიგების მოცულობა $153 მლნ-ს აღწევს.

„სილქნეტს“ მომხმარებლისთვის კომუნიკაციის სრული პაკეტის წარდგენა შეეძლება რომელიც ინტერნეტს, ფიქსირებულ ტელეფონს, საკაბელო ტელევიზიასა და მობილურ მომსახურებას მოიცავს.

შესასყიდი თანხა - 153 მილიონი დოლარი (382.5 მილიონი ლარი 2018 წლის 26 იანვრის ოფიციალური კურსით) „თიბისი ბანკის“ კრედიტითა და „სილქნეტის“ საკუთარი კაპიტალით დაიფარება.

„სილქნეტისა“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის „სილქ როუდ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი რამიშვილის განცხადებით გარიგება ინტეგრირებული სატალეკომუნიკაციო ოპერატორის შექმნის საშუალებას იძლევა, რომელიც მომხმარებლისთვის მომსახურების ხარისხს გაზრდას შეუწყობს ხელს. მისივე შეფასებით გარიგება საქართველოში ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შესყიდვის შესახებ საბოლოო თანხმობა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა გასცეს რომელსაც 2018 წლის პირველ ნახევარში ელოდებიან.

„სილქ როუდ ჯგუფი“ 1997 წელს დაარსდა, „სილქნეტი“ კი 2010 წელს. „სილქნეტი“ მომხმარებელს დღეს ინტერნეტს, მათ შორის 4G LTE ფიქსირებულ ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიასა და ფიქსირებული ტელეფონით მომსახურებას აწვდის. თავად ჯგუფის სერვისები კი უფრო ფართოა და სამშენებლო ბიზნესსაც მოიცავს. ბოლო 10 წლის განმავლობაში „სილქ როუდ ჯგუფმა“ საქართველოს ეკონომიკაში 500 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა და 5000 ადამიანი დაასაქმა.

რაც შეეხება "ჯეოსელს" ის პირველი ქართული GSM ოპერატორია, რომელიც 1996 წლის სექტემბერში დაარსდა და 1997 წლის 15 მარტს პირველი ზარი განხორციელდა. ამჟამად 1.8 მილიონამდე აბონენტი ჰყავს, ბაზრის წილის 35% უკავია და მაგთიკომის შემდეგ მეორე ადგილზეა. ჯეოსელი საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს ფარავს, როუმინგით სარგებლობა 150 ქვეყანაშია შესაძლებელი. კომპანიის 58.55%-ს თელიასონერა ფლობს, 41.45%-ს კი თურქსელი.

თვეზე მეტი ზნის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ჯეოსელს"ყაზახური სახელმწიფო კომპანია Kazakh Telecom და საინვესტიციო ჯგუფი Visor Group ყიდულობდა.

სრული ვერსიის ნახვა M2B