"კარგი ბიჭი დადგა იესუნა, რაც ძალიან მახარებს" - ემზარ კვიციანი

  • თბილისელები
  • 23 იანვარი 12:21, 2018 წელი

„პატრიოტთა ალიანსის” წევრის, პარლამენტარ ემზარ კვიციანისთვის გასული წელი გამორჩეული იყო - 2017 წელს ის მამამთლიც გახდა. ემზარ კვიციანი "თბილისელებთან" საუბრობს.

ემზარ კვიციანი: წინა წელი ჩემთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ცუდი მოვლენებიც მოხდა, კარგიც.


– გასული წლის მიწურულს, მამამთილიც გახდით. თქვენი შვილი დაქორწინდა.

– კი, კარგი გოგოა ჩემი ბიჭის რჩეული. 23 წლისაა იესო, მეორე შვილია. მაგრამ, პირველი დაოჯახდა ჩემს შვილებს შორის. ექვსი წელი ელოდებოდნენ ერთმანეთს ჩემი რძალი და იესო. უყვარდათ ერთმანეთი. მეც გამაცნო დაქორწინებამდე ერთი წლით ადრე. ძალიან მომეწონა, კარგი რძალი მყავს, ოჯახში მეორე ქალიშვილი შემომემატა. როდესაც იესუნა დაიბადა, 1994 წლის ივლისში, მეორე დღეს იყო ეგრეთ წოდებული მოსკოვის ოთხმხრივი შეთანხმება. მაშინ რაზმ „მონადირის” ხელმძღვანელი ვიყავი. ბავშვს იესო დავარქვი. მერე მითხრეს, არ შეიძლებაო და იესედ გადაკეთდა მისი სახელი – ნათლობის სახელად იოანე დავანათლეთ. კარგი ბიჭი დადგა იესუნა, რაც ძალიან მახარებს. მძიმე წლები იყო, როცა იესუნა გაჩნდა. ჩემი სახელი შორს იყო გავარდნილი, კარგ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ძალიან გვემტრებოდა უშიშროება. ასე გაგრძელდა მერეც და სწორედ იმ უშიშროების დამსახურებაა, რომ გაგვიყიდეს სამშობლო და კაციშვილმა არ აგო პასუხი. ამიტომაცაა დღესაც კი, ასეთი უნდობლობა სპეცსამსახურების მიმართ. დღემდე რომ არავინ ითხოვს მათ დასჯას, მათ შორის, ხმაურიანი პოლიტიკოსებიც, ეჭვიც იმიტომ არსებობს მოსახლეობის მხრიდან, რომ ისინი უშიშროებიდან იმართებიან.


– ძველი, როგორც თავად ამბობთ, საინტერესო და მრავალფეროვანი წელი როგორ გააცილეთ.
– შობას პატრიარქის წირვას დავესწარი და ვეზიარე. ახალ წელს შევხვდი სახლში, დედობილთან ერთად. ძველით ახალი წელი ისეთივე იყო, როგორიც ყოველთვისაა – ჩემს დედმამიშვილებთან ერთად გავატარე, ოღონდ ამჯერად წალკაში, სადაც ჩემი და ცხოვრობს. მართლმადიდებლურ ოჯახში ძველით ახალი წელი განსაკუთრებულია. ჩვენთან კანდას ვეძახით ამ დღესასწაულს. კოდორში განსაკუთრებული ახალი წლები გვქონდა, თოვლი იყო ყოველთვის, გუგუნებდა ირგვლივ ყველაფერი. პატარაობიდან მახსოვს დედა და მამა როგორ იცავდნენ საახალწლო ტრადიციებს. 12 საათი რომ გახდებოდა, მე და მამა შევიდოდით ბოსელში. მამა საქონელს პურს აჭმევდა, მიულოცავდა, ამას აკეთებდა შობასაც. საქონელი ოჯახის გადამრჩენია სვანეთში. მერე მივდიოდით წყაროზე. დაილოცებდა მამა, სანთელს დაანთებდა. ერთ ვედრო წყალს აავსებდა. ჯამით ხილი, პური ჰქონდა მომზადებული და ასე, ხელდამშვენებულები ვბრუნდებოდით სახლში. ძალიან ლამაზი რიტუალი იყო, ამ ტრადიციის ნაწილს მე და ჩემი დედმამიშვილები ისევ ვიცავთ. შარშანაც წალკაში შევხვდით ძველით ახალ წელს. შვილები, ახალგაზრდები უკვე აღარ არიან ხოლმე ჩვენთან. მათ თავისი მეგობრები ჰყავთ, სხვანაირად ხვდებიან ახალ წელს. ჩვენი ახალი წლები კი ისევ ძველებურია. მართალია თოფი არ მაქვს, რომ გავისროლო, ტარების უფლება სამჯერ ვითხოვე, მაგრამ არ დააკმაყოფილეს ჩემი თხოვნა. მძიმე მუხლით ხარ ნასამართლევი, 20 წელი უნდა გავიდესო. ამიტომ, ახალ წელს ძლიერ შუშხუნებს ვიმარაგებ და „ვბომბავ” აქაურობას (იცინის).

წყარო: თბილისელები