"ძალიან გვიხარია მეც და ელენესაც, ვიზუალურად მამიკოს რომ ჰგავს" - მარიამ როინიშვილი

  • თბილისელები
  • 23 იანვარი 12:00, 2018 წელი

მომღერალი მარიამ როინიშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში საუბრობს.

მარიამ როინიშვილი: 2017 წელი საკმაოდ საინტერესო გახლდათ თავისი სირთულეებით. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი წელი იყო და ზოგადად, მივხვდი, რომ მარტივი წელი არ არსებობს. მაგრამ, ადამიანებს სხვადასხვა რაღაცების დახმარებით, შეგვიძლია, ნეგატიური დღეები გავინეიტრალოთ და გავიფერადოთ. ჩემი გამფერადებელი ელენეა და როგორი წელიც არ უნდა მქონდეს, ჩემთვის ყველა ლამაზია – რადგან ელენე მყავს. ამიტომ, ელენეს დიდი მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს.
 
ელენე მახარაძე: დედიკო ჩემთვის ყველაფერია. ხანდახან ბრაზიანი კი არის, როცა ცუდად ვიქცევი. მაგალითად, ტელეფონში რომ ვარ ხოლმე, საჭმელსაც რომ არ ვჭამ – პირში რომ ლუკმა მიდევს და არასდროს ვღეჭავ. როცა კარგად ვიქცევი, მეფერება. ხანდახან შეიძლება, შენიშვნა მომცეს. შენიშვნა უნდა მომცეს: ეს აღარ გააკეთო ელენეო.

– მარიამ, რას გეუბნება დედა: ჰგავს ელენე შენს ბავშვობას?
მარიამი: ვიზუალურად არ მგავს. თუმცა ზოგ ფოტოს რომ გადავხედე, ტიპაჟურად მგავს. თამრიკოს რომ ჰკითხოთ: ჩემს ბავშვობას აგონებს. ხასიათითაც მგავს. დღემდე შემომრჩა ეს თვისება: ძალიან ინტერესიანი ვიყავი, როცა რამეს მასწავლიდნენ. თამრიკო სიმღერას რომ მასწავლიდა, ორიათასჯერ ვამღერებდი. ელენეც ასეთია: მიიყვანს თამრიკოს პიანინოსთან, დაუკარი, მასწავლეო.

– რაში ჰგავს მამას?
– მამასაც ჰგავს ხასიათით, მასავით სხარტია. თუმცა, ამის ასაკში, არც მე ვიყავი მოდუნებული. ამით ორივეს გვგავს და ვიზუალურად – გიორგის. ძალიან გვიხარია მეც და ელენესაც, მამიკოს რომ ჰგავს.
– სად გიყვარს დედიკოსთან ერთად ყოფნა?

ელენე: დედიკოსთან ერთად რომ ვარ, უკვე მიხარია. მიყვარს, დედას რომ მივყვები ოპერაში, რეპეტიციებს ვესწრები. ძალიან მომწონს, დედა რომ მღერის. „მაკნატუნას”, „გედების ტბას”, ბევრ ბალეტს ვნახულობ. დედიკოსთან ერთად რომ ვარ, ძალიან მიხარია.

– მამიკოსთან ერთად სად გიყვარს ყოფნა?
– მამიკოსთან ერთად „ისთ პიონტში” მიყვარს წასვლა. დედიკოს რომ ვეუბნები: წამიყვანე-მეთქი, არასდროს მივყავარ და ნეტავ, რატომ?

– ელენეს ცეკვაზე სიარულით, შენს ოცნებას ხომ არ იხდენ?
– კი, რადგან სულ დიდი სურვილი მქონდა, რომ მეცეკვა. ვფიქრობ, ელენეს ცეკვის დიდი პოტენციალი აქვს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედა ვარ.

ელენე: ერთხელ, ჩემს კლასელებთან ერთად ვცეკვავდი. სცენაზე რომ გავედი, სულ ვკანკალებდი. ჩემს კლასელს ვეუბნებოდი: ახლა იწყება, ახლა იწყება, არ შემეშალოს-მეთქი. ვნერვიულობდი, მაგრამ არაფერი მეშლებოდა. როცა სცენაზე გამოვდივარ და ტაშს მიკრავენ, დავფრინავ, ისე მიხარია.

მარიამი: მინდა, მაქსიმალურად შევუწყო ხელი, ისე, როგორც დედა მიწყობდა, რომ ზედმეტი, ნეგატიური რაღაცები მოეშორებინა ჩემთვის, რაც ხელოვანს გზაზე ეჩეხება ხოლმე, შევეცდები, ცუდი რამ ავარიდო ელენეს. მინდა იცოდეს: რაც არ უნდა მოხდეს, თავისი საქმე უნდა აკეთოს.

– როგორი იყო შენი ემოციები, სცენაზე რომ დაინახე?
– მოვკვდი ნერვიულობით – ეს რა ყოფილა?! აღარ ვვარგოდი. სცენაზეც რომ გამოვიდა, ძალიან ვნერვიულობდი, ვკანკალებდი. მაგრამ, შვიდ იანვარს რომ იგალობა, მივხვდი, რომ ამაზე მეტად ვერ ვინერვიულებდი.

– როგორ გადაწყდა ელენეს გალობა?
– 6 იანვარს, წინა დღეს გადაწყდა. სვიმონ ჯანგულაშვილმა გვითხრა: მოდი, ვცადოთ, ელენემ იგალობოსო. მე ამას ვერასდროს გავრისკავდი. მაგრამ, დედაჩემია ძლიერი, მან გაბედა. მითხრა: ნუ ნერვიულობ, ნახე, თუ არ იმღერებსო. ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ თამრიკოს ჩემთან მიმართებაში, ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი აქვს. ამიტომ, მარტივად გადადგა ეს ნაბიჯი.

ელენე: დირიჟორი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა: თუ შეიძლება, ხელზე გაკოცებო. მე კიდევ მრცხვენოდა. რომ მითხრეს: უნდა იმღეროო, მაშინ ცოტა ვინერვიულე. პირველად ვმღეროდი ეკლესიაში. მიკროფონს ვერ ვწვდებოდი, სკამზე დამაყენეს. გუნდსაც ეცინებოდა და სიმღერა რომ დავიწყე, დავმშვიდდი, გამიხარდა. მე ვმღეროდი, მაგრამ მესიამოვნა. ბებომ მითხრა: ყოჩაღ, ძალიან დიდი რაღაც გააკეთეო. მერე ყველა რომ მოდიოდა ჩემთან: შენ რა მაგარი გოგო ხარო, გამიხარდა. ყველა ამას რომ მეუბნება და ტელევიზორში რომ მიყურა ყველამ. მეორე დღეს საპატრიარქოშიც ვიმღერე.

– რა გითხრა უწმიდესმა?
– რა კარგი გოგო ხარო, მომეფერა და მეც ხელზე ვაკოცე. როგორც მე ვხვდები: ძალიან დიდი რაღაც გავაკეთე. ლიზა არ იყო და მე ვიმღერე ლიზას პარტიაც. ბებო მეხმარებოდა. პატრიარქსაც მოეწონა.

– გინდა, ცნობილი გახდე?
– მსახიობიც მინდა გავხდე, მოცეკვავეც, რომ ცნობილი ვიყო. ხალხი მიცნობდეს, ეს მინდა ძალიან. ცოტა ვიღაცები მცნობენ.

მარიამი: ამაში მე არ მგავს, ხალხო, ასეთი არ ვიყავი არასდროს.
ელენე: მიხარია, დედიკო რომ ცნობილია. თან, მეუბნებიან: რა მაგარი დედიკო გყავს, მაგრად მღერისო.
– მარიამ, მომავალში ერთად სიმღერა ხომ არ გაქვთ გეგმაში?

მარიამი: არასდროს არაფერი დამიგეგმავს და არც დედაჩემს დაუგეგმავს, როცა მე ვიყავი ამ ასაკში. მისთვის არ იყო იდეაფიქსი, რომ მე გამოვსულიყავი მომღერალი. მეც ასე ვარ. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ. არასდროს არავის უმეცადინებია სიმღერაში, ასევე, როგორც მე. როცა სამღერია სადმე, თამრიკო უცებ დაგვაყენებს და 2 წამში ვსწავლობთ, ვმღერით. ყველანაირად შევუწყობ ხელს იმაში, რასაც მოისურვებს. მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, იცოდეს, რომ მის გარდა, არსებობს უამრავი ნიჭიერი ბავშვი. თამრიკო სულ მიჩიჩინებდა: შენ არავისზე მეტი არ ხარო და ეს სწორად მიმაჩნია. ის, რომ ელენეს აქვს სურვილი: მე მინდა ვიყო ცნობილიო, ბავშვური სურვილია. ეს ნაწილობრივ მესმის, მაგრამ ბოლომდე – არა. ამას არ დავუთრგუნავ, მაგრამ შევეცდები, მეორე პლანზე გადავიტანო, რადგან ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი სურვილები უნდა ჰქონდეს, რაც მომავალში მეტად გამოადგება. ბავშვია, უნდა იცეკვოს, იმღეროს, იმხიარულოს. სახლში ამაში არასდროს ვზღუდავთ. მაგრამ, სახლის ზღურბლს გარეთ, ამას სხვა სახე ეძლევა და სიფრთხილით ვეკიდებით.

წყარო: თბილისელები